"გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველო ბერმუდის სამკუთხედშია მოქცეული; 19% თვლის, რომ რუსეთის შემადგენლობაშია; 15%-ის აზრით კი, ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს" - რას წერს The Daily Mirror? - კვირის პალიტრა

"გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველო ბერმუდის სამკუთხედშია მოქცეული; 19% თვლის, რომ რუსეთის შემადგენლობაშია; 15%-ის აზრით კი, ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს" - რას წერს The Daily Mirror?

ბრიტანულ გაზეთში - „დეილი მირორ“ (The Daily Mirror), რუბრიკაში - „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ახალი ავიარეისების დანიშვნის შედეგად, ნაკლებად ცნობილი ევროპული ქვეყანა საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი ღვინის მოყვარულთათვის იდეალური ადგილი გახდება: ქართულ ღვინოს მაღალი რეპუტაცია აქვს“ (ავტორი - გრემ მიურეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ინფორმაცია იმ ევროპელი მოგზაურებისათვის, რომლებიც ღვინის დაგემოვნების მოყვარულები არიან: გამოცხადდა ახალი მიმართულება - პირდაპირი ავიარეისები საქართველოსაკენ, რომელიც იდეალური ადგილია თქვენი სურვილის შესასრულებლად. 2025 წელს ორი ავიაკომპანია ლონდონიდან თბილისისაკენ ავიარეისების შესრულებას იწყებს.

კავკასიის რეგიონში მდებარე საქართველო კარგად არის ცნობილი ღვინის მოყვარულებისა და მისი ხარისხის შემფასებლებს შორის, თავისი უძველესი ტრადიციებით როგორც მევენახეობის, ასევე მეღვინეობის დარგებში. საქართველო ღვინის სამშობლოს წარმოადგენს - ითვლება, რომ ამ სასიამოვნო სასმლის წარმოება აქ 8 ათასი წლის წინათ დაწყებულა.

საქართველოში ვაზის თითქმის 500 ჯიშია გავრცელებული. გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირებული იქნა თითქმის 120 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო. სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა სწრაფად ხდება პოპულარული და ამიტომ, მოგზაურობის მოყვარულებმა საქართველო აუცილებლად უნდა დაათვალიერონ, რათა მისი მრავალფეროვანი და მდიდარი უძველესი კულტურა საკუთარი თვალით შეაფასონ - ქართული ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის ჩათვლით. სხვათა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებში უკვე საკმაოდ განთქმული ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთშიც თანდათან უფრო პოპულარული ხდება - მისი გაყიდვა ბოლო წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა.

როგორც ცნობილი გახდა, ღვინის ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგით, ბრიტანელი ღვინის მოყვარულთა მესამედზე (29%) ნაკლებმა იცის, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. გამოკითხულთა 19% თვლის, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაშია; 15%-ის აზრით, ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს, 1% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ბერმუდის სამკუთხედშია მოქცეული. ამ საკმაოდ უცნაური შედეგებით ისიც ირკვევა, რომ გამოკითხულ ბრიტანელთა ორმა მესამედმა (62%) არ იცის, რომ საქართველოს დედაქალაქია თბილისი.

სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც პირდაპირი ავიარეისები გამოცხადდა და საქართველო ყურადღების ცენტრში ექცევა, მტკიცდება იმის იმედი, რომ ქართული ღვინო ბრიტანელი მომხმარებლების გემოვნებას დაიპყრობს.

მიმდინარე წელს სამხრეთკავკასიურმა რესპუბლიკამ მე-14 ადგილი დაიკავა ღვინის მწარმოებელ 38 ქვეყანას შორის, Wine Challenge-ს ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში, რითაც ხაზი გაესვა მის მზარდ რეპუტაციას.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ბრიტანელების 98% მზადაა ქართული ღვინის გასაცნობად და დასაგემოვნებლად.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს დედაქალაქი დიდ ბრიტანეთს ლონდონის „ლუტონის“ აეროპორტის მეშვეობით დაუკავშირდება.

თბილისი საქართველოსა და კავკასიის მსხვილ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს - რეგიონში უძველესი უნივერსიტეტით და სხვა მსხვილი უმაღლესი სასწავლებლებით. გარდა ამისა, თბილისი საკვანძო სამრეწველო ცენტრიც არის, სადაც აწარმოებენ ჩარხებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და ელექტროაპარატურას. თბილისში მიმდინარეობს ელექტრომავლების აწყობა, მატარებლებისა და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობების რემონტი, მოქმედებენ საფეიქრო საწარმოები, მზადდება ფეხსაცმელები და პროდუქცია ტყავისაგან. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ღვინისა და ლუდის ქარხნებით, სპირტიანი სასმელების მრავალწლოვანი წარმოებით და ადგილობრივი კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ