"მეზობელმა სახლის წინ საღორე გამიკეთა­, ყარს აქაურობა"; "კომპანიის მეპატრონემ­ ფული "შეჭამა" და ამერიკაში გაიქცა"; "დედამთილმა­ და მაზლმა მაიძულეს სახლიდან წამოვსულიყავი, ორი მცირეწლოვანი შვილით" - თქვენს შეკითხვებს იურისტი პასუხობს - კვირის პალიტრა

"მეზობელმა სახლის წინ საღორე გამიკეთა­, ყარს აქაურობა"; "კომპანიის მეპატრონემ­ ფული "შეჭამა" და ამერიკაში გაიქცა"; "დედამთილმა­ და მაზლმა მაიძულეს სახლიდან წამოვსულიყავი, ორი მცირეწლოვანი შვილით" - თქვენს შეკითხვებს იურისტი პასუხობს

ამჯერად სამართლებრივ რჩევებს გვაძლევს როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე.

მაქვს სამეზობლო დავა. მეზობელმა,­ ფაქტობრივად, ჩემი სახლის წინ გამიკეთა­ საღორე და გაუსაძლისი სუნია. ეზოში ვერ გავსულვართ, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ყარს აქაურობა. არადა, ვერ გადავატანინე ვერსად, მით უფრო გაუქმებაზე უარს ამბობს, ჩემთვის სახლის უკანა მხარე ეს არისო. მყავს პატარა შვილები და ამ პრობლემის გამო ეზოში ვერ გამყავს. როგორ მოვიქცე?

- ზოგადად, მეზობელს აქვს თმენის ვალდებულება, თუ ეს დროებითი ხასიათის ზეგავლენაა ნიადაგზე. თუ ამას მუდმივი და უწყვეტი ხასიათი აქვს, უნდა მოითხოვოთ ქმედების სასამართლო გზით აღკვეთა.

- ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე. უკვე 3 წელია გასული, გადაეცა­ პრობლემურს. ჯერჯერობით არაფერი არ არის დაყადაღებული და ჩვეულებრივ ვსარგებლობ საბანკო ბარათებით. ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ არის, თავდების სახელზე კი გაფორმებულია საცხოვრებელი სახლი. შეიძლება ამ სახლს პრობლემა შეექმნას? ხომ არ წაართმევენ თავდებს სახლს?

- რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, 3 წელი უნდა იყოს გასული მოთხოვნის წარმოშობიდან და არა სესხის ხელშეკრულების დადებიდან. ამასთან, სესხი თავისით ხანდაზმულად ვერ იქნება აღიარებული და ხანდაზმულობა სასამართლოს გზით უნდა დადგინდეს. თავდების პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არის სოლიდარული, ამიტომ თავდებიც ისეთივე პასუხისმგებელია, როგორიც ძირითადი მსესხებელი, ხოლო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი.

- ცივი იარაღის ტარებისთვის დაკისრებული მაქვს ჯარიმა, ვაპირებ გერმანიაში წასვლას და საზღვარი რომ გადავკვეთო, პრობლემა ხომ არ შემექმნება?

- თუ მხოლოდ ჯარიმა არის შეფარდებული და ტერიტორიის დატოვება არ არის აკრძალული, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება.

- ბინაში მყავს მდგმურები და ბინას ვატოვებინებ, სხვაზე უნდა გავაქირაო. ძველი­ მდგმურები არ გასულან და არც ბინის დათვალიერების უფლებას მაძლევენ, რომ ახალი მდგმური მივიყვანო. როგორ მოვიქცე? მაქვს თუ არა უფლება, სანამ გავლენ ბინიდან, სხვა მსურველებს ბინა ვაჩვენო?

- საცხოვრებელი, ვისაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული, შეიძლება გამოსახლდეს სასამართლო გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, სარჩელით უმჯობესია მოთხოვილ იქნეს­ მიუღე­ბელი შემოსავალი, თანხა, რომელიც გაქი­რავებით უნდა მიეღო მეპატრონეს. სხვა მხრივ რაიმე ბერკეტი არ არსებობს, რომ თუნდაც დასათვალიერებლად შევიდეს მესაკუთრე, თუ დამქირავებელი არ უშვებს.

- მოულოდნელად გარდამეცვალა მეუღლე და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დავრჩი. 2 წლის შემდეგ მაიძულეს დედამთილმა­ და მაზლმა სახლიდან წამოვსულიყავით მე და ჩემი შვილები. ვცხოვრობ ჩემი მშობლების ოჯახში, ჩემი ძმის ოჯახთან­ ერთად. ქმრის სახლი, სადაც ვცხოვრობდით, იყო ჩემს დედამთილზე გაფორმებული. აქვთ ბევრი მიწის ნაკვეთი, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა ჩემი მეუღლის სახელზე. ეკუთვნით­ თუ არა რაიმე წილი ჩემს შვილებს? ერთად ცხოვრების პერიოდში სოფლის სახლში­ ყველანი ერთად ვცხოვრობდით.

- მეუღლე და შვილები არიან გარდაცვლილი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრეები, თუ გარდაცვლილ მეუღლეს ჰქონდა ქონება, ანუ მის სახელზე იყო რაიმე ქონება, ის მემკვიდრეობით ეკუთვნის პირველი რიგის მემკვიდრეებს. პირველი რიგის მემკვიდრედ ითვლება მათ შორის გარდაცვლილის დედა. თუ მხოლოდ გარდაცვლილის დედის სახელზეა ქონება, ამ ეტაპზე არც მემკვიდრეობის საფუძველი არსებობს, მემკვიდრეობის საკითხი წარმოიშვება, როდესაც ქონების მესაკუთრე გარდაიცვლება. მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილი პირი არის დედამისის მემკვიდრე, ხოლო გარდაცვლილის მემკვიდრეები მისი ცოლი და შვილები.

- წლებია იტალიაში ვუვლი მოხუცს­ და ვაკოწიწებდი თანხას ბინის შესაძენად. როცა გარკვეული თანხა მოვაგროვე, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში შევიტანე. მეპატრონემ­ ყველაფერი შეჭამა და ამერიკაში გაიქცა. ახლა ამბობენ, რომ ამ კორპუსის მშენებლობაში აღარ ფიგურირებს მისი სახელი და გვარი. ხელშეკრულებაში, რომელიც ხელთ მაქვს, წერია, ის იღებს ვალდებულებას, რომ ჩამაბარებს კორპუსს. ახლა სხვა კომპანია აშენებს იქ სახლს და ამბობს, რომ არანაირი ვალდებულება მასზე არ გადადის. როგორ მოვიქცე? როგორ შევარჩინო ჩემი წვალებით მოპოვებული ფული სხვას? ყველა საბუთი მაქვს. ფულის დაბრუნება მაინც თუ არის შესაძელებელი?

წაიკითხეთ სრულად - ონლაინშოპინგი და მოტყუებული მომხმარებელი