"მე ვწერ ამერიკელ ლამაზ გოგოზე, რომელიც ჩვენს ომში დაიღუპა..."; "სოხუმში გაფრინდა. სწორედ იმ Ty 134-ით..." - ვინ იყო ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის აფხაზეთის ომზე მოეყოლა
ამერიკაში, მერილენდის შტატში, ჩესტერთაუნის წმინდა პეტრეს სახელობის სასაფლაოზე განისვენებს ახალგაზრდა ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, ქალი, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის აფხაზეთის ომზე მოეყოლა. 1993 წლის 21 სექტემბერს ალექსანდრა სოხუმში, აფხაზების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაიღუპა.
სასაფლაოს ვებგვერდი აქვს, სადაც სიმბოლური ელექტრონული საფლავების გასწვრივ შესაძლებელია ხსოვნის ტექსტის ან უბრალოდ ანიმაციური ყვავილების დატოვება.
ბოლო წლებია, ალექსანდრას საფლავს შორიდან, საქართველოდანაც ელექტრონულად მიაგებენ პატივს, ამერიკაში მცხოვრებმა მანანა გაგუამ კი პირადადაც მოინახულა. მერე კი, ვისგანაც ალექსანდრას საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ შეიტყო, ჟურნალისტსა და მწერალს ნანა აკობიძეს მისწერა: "დღეს მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩესტერთაუნში და შენი სახელით ყვავილები დავუტოვეთ ალექსანდრას. თავიდან ვიფიქრეთ, რომ დახმარების გარეშე ვერ მივაგნებდით, მაგრამ ვიარეთ და ვიპოვეთ. საფლავის ქვა ბალახებში დევს და ადვილად არ ჩანს. ისეთ ლამაზ ადგილზეა, წყლის პირას, უზარმაზარი ხის ძირში...".
ამაოდ ვეცადე სასაფლაოს გვერდზე დავრეგისტრირებულიყავი და პატივი მიმეგო ალექსანდრას ხსოვნისთვის. იქნებ იმიტომ, რომ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მეტია საჭირო?! ბედნიერი ვიქნებოდი, სოხუმში ალექსანდრა ტატლის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდე, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად იქნება. მანამდე კი თბილისსაც მოუხდებოდა იმ ქალის ქუჩა, ვისთვისაც სხვისი ომი არ არსებობდა, მიზნები კი მშვიდი და ნათელი ჰქონდა.
რამდენიმე დღის წინ ნანა აკობიძემ სოციალურ ქსელში თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციის შესახებ განაცხადა და მის თანაავტორებად 31 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ალექსანდრა ტატლის, ბრიტანელ ფოტოგრაფ ჯონ რეარ დონსა და "შავნაბადას" ჯარისკაცს, "ციცინათელას" ასახელებს. ცხადია, თანაავტორობა სიმბოლურია, ავტორი წიგნს იმ სამ ადამიანს უძღვნის.
"წიგნი ეძღვნება მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ომში დარჩა. ზოგი ფიზიკურად, ზოგი მენტალურად. ასეთია ომი - არასდროს გადის, მაგრამ გადის დრო", - ამბობს ნანა აკობიძე, ჟურნალისტი, პოეტი, მწერალი, მედიამკვლევარი, რომლის ჟურნალისტური დებიუტი 1993 წელს, აფხაზეთის ომში შედგა და სწორედ იმდროინდელი გაუხუნარი ამბების კრებულია "სამი ომი", რომელსაც ვერც უცრემლოდ წაიკითხავთ, ბევრ კითხვასაც გაგიჩენთ.
შეიძლებოდა ცოტ-ცოტა წიგნის ყველა პერსონაჟზე გვეთქვა, მაგრამ ალექსანდრაზე თქმა ვარჩიე, როგორც ჩვენს ომს შეწირულ უცხოელ მსხვერპლზე, რომელიც სულაც არ ფიქრობდა, თუ სამყაროს რომელიმე კუთხეში ომი მძვინვარებს, გლობალური სატკივარი კი არა, სხვისი ჭირია. ალექსანდრას პროფესიული და ადამიანური მორალი უბიძგებდა იქ ყოფილიყო, სადაც ტრაგიკულად ჩაიფერფლა, თორემ ყოველდღე მერილენდში ოჯახზე, ჩემპიონ ცხენსა და საყვარელ ძაღლზე ფიქრობდა.
ტრილოგიის ერთ-ერთი, - ფენტეზის ჟანრის მოთხრობა "დოღი" ალექსანდრა ტატლს ეძღვნება და დასასრულს დოკუმენტურ ინფორმაციას შეიცავს ამერიკელი ჟურნალისტის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ.
ამონარიდი წიგნიდან:
"ალექსანდრა სტალინის აგარაკზე გავიცანი, ბრიტანელ ჟურნალისტებთან ერთად. გაცილებით უფროსი იყო ჩემზე და ისე მექცეოდა, როგორც პოლკის შვილობილს.
წაიკითხეთ სრულად - ამერიკელი ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, ქალი, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის აფხაზეთის ომზე მოეყოლა