რა მისიით ჩავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში?!
ბოლო დროს მმართველმა პარტიამ დასავლეთის მიმართ თითქოს ტონი შეარბილა, თუმცა ამ კვირის განმავლობაში მოვისმინეთ აშშ-ისა და ევროკავშირის მკაცრი განცხადებები - პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ხვდებიან იმ პოლიტიკის გამო, რასაც "ოცნება" ატარებს, რომ მომავალი ურთიერთობა მთლიანად დამოკიდებული იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის დღის წესრიგში იყო გაწერილი. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძესა და მირიან მირიანაშვილს ვესაუბრეთ.
"დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას"
ვახტანგ ძაბირაძე: - ვფიქრობ, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ვითარება უფრო გამწვავდება. ამავე დროს ველოდები, რომ გაძლიერდება ჩვენი პარტნიორების ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", რათა არჩევნები ჩატარდეს იმაზე დემოკრატიულად, ვიდრე თუნდაც 2020 წლის არჩევნები.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ, "ქართულ ოცნებას" დაახლოებით 35%-იანი მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არჩევნებზე რამდენი ადამიანი მივა და რამდენი პროცენტი დარჩება გადაუნაწილებელი. ეს ორი ფაქტორი იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს უმრავლესობის მოპოვება. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის.
თუკი ჩავთვლით, რომ არჩევნებზე 2 მილიონი კაცი მივიდა და "ოცნებამ" 35% მიიღო, ეს 700-750 ათასი ხმაა, რაც ძალიან რეალურია ყოველგვარი გაყალბების გარეშეც "ოცნებისთვის". თუ მანდატების 20% დარჩება გადაუნაწილებელი, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" 60-62 მანდატს მიიღებს. აქედან გამომდინარე, მას კიდევ 14-16 მანდატის დამატება დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად და აი, აქ ჩნდება კიდევ ერთი საკითხი - დღევანდელ ოპოზიციაში, ვინც ბარიერს გადალახავს, მოიძებნება ის 16 კაცი, ვინც "ქართული ოცნების" მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს? იმ ფინანსური შესაძლებლობებით, რაც დღეს ივანიშვილს აქვს, ეს სავსებით რეალურია.
- ამბობთ, რომ "ოცნება" გაყალბების გარეშე აიღებს 35%-ს. ფიქრობთ, ამით დაკმაყოფილდება? მით უმეტეს, აქამდე სულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობენ.
- მოდელი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რომ არ გააყალბოს და ისე შეძლოს უმრავლესობის მიღება, არსებულ ვითარებაში რეალურია. არის მეორე ფაქტორიც - ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორებიც აღიარებენ, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ რიგში "ოცნებისთვის", რადგან მას ლეგიტიმაცია სჭირდება სწორედ დასავლეთისგან. ამ პროცენტის მიღება გაყალბების გარეშე "ოცნებისთვის" სავსებით რეალურია, რაც მათ კოალიციის შექმნის საშუალებას მისცემს. ამის გარდა, არის მეორე ვარიანტიც - ჩემი ოპოზიციისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, გამომდინარე მთელი ამ ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან, ივანიშვილს არ გაუჭირდება 15 კაცის მოძებნა, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარეს გადავლენ და მხარს დაუჭერენ "ოცნების" მთავრობას. ეს შეიძლება 15-20 მილიონი დოლარი დაუჯდეს. მილიონ დოლარზე რამდენი იტყვის უარს დღევანდელი ოპოზიციური კანდიდატებიდან, არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ყველამ უარი თქვას, მაგრამ მეეჭვება.
წლებია ვხედავთ, როგორ ხდებოდა შევარდნაძის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ჯერ "ნაცმოძრაობაში", თავი რომ დავანებოთ იმას, "ნაცმოძრაობაც" რომ თავად შევარდნაძემ წარმოშვა, და შემდეგ "ნაციონალებიდან" "ქართულ ოცნებაში". არც იმას გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" რომელიმე პარტიამაც დაუჭიროს მხარი და მასთან გააკეთოს კოალიცია, თუკი "ოცნება" პრემიერის სავარძელს დაუთმობს.
იქნება კოალიცია, შესაბამისად, არც ჩვენს პარტნიორებს და არც ოპოზიციას არ ექნებათ არგუმენტი, რომ არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო მათი მესიჯები.
- ამ კვირის განმავლობაში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებისგან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ ისინი აღარ ლაპარაკობენ ხელისუფლებასთან. ასეთ ვითარებაში რა შანსი რჩება "ქართულ ოცნებას"?
- როგორც გითხარით, მხარდამჭერთა 750 ათასი ხმა "ოცნებას" გაყალბების გარეშე ექნება. ის სახელისუფლებო პარტიაა და ოპოზიცია არ ბრწყინავს, რბილად რომ ვთქვათ.
ეს ორი ისეთი ფაქტორია, ძალიან რეალური მგონია 35%-ის მიღებაც და ის სცენარიც, რაც ზემოთ განვიხილეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორებისთვისაც მისაღები იქნება ეს შედეგები, რადგან არ გაყალბდება. ცხადია, მე ვლაპარაკობ იმ შემთხვევაზე, როცა "ოცნება", წესით, არ უნდა წავიდეს გაყალბებაზე, რადგან ეს მათივე ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხელისუფლებაში დარჩნენ. თუკი "ოცნება" არჩევნებს გააყალბებს, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება პროტესტიც და გამოსვლებიც. პირველ შემთხვევაში კი, რისი მოლოდინიც მე მაქვს, 35% რომ აიღოს და ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც გითხარით, შესაძლოა პროტესტი იყოს, მაგრამ ვერ იქნება საყოველთაო. "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, წინასწარ თავს იზღვევს, "გაღმა შეედავეს" პრინციპით მუშაობს, აცხადებს, თქვენ არჩევნებისთვის კი არა, პროტესტისთვის ემზადებითო, რათა თუ მაინც გააყალბებს არჩევნებს, მერე თქვას, აი, ხომ ვამბობდით, ოპოზიცია პროტესტისთვის ემზადებოდაო. მაგრამ საქმე ისაა,
თუკი ამომრჩეველთა უმრავლესობა დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, პროტესტი იქნება და ძალიან შედეგიანიც.
გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს და ქვეყანას ამ ჭაობიდან ამოიყვანს. პოლიტიკური სპექტრისა და მთლიანად საზოგადოების, ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ორი რამ შევასრულოთ: ქვეყანაში შევაჩეროთ ავტორიტარიზმისკენ სვლა და მეორე - საგარეო ვექტორი, რომ დავრჩეთ ევროპული განვითარების გზაზე. ეს არის დღეს საზოგადოების და ოპოზიციის უპირველესი ამოცანა. ღმერთმა ქნას, რაც არის მოცემული პრეზიდენტის ქარტიაში, ისიც გაკეთდეს. ამის გაკეთება ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუკი იქნება მყარი და ორიენტირებული ამ მიმართულებაზე. თუკი ეს ვერ მოხერხდება და "ქართული ოცნება" შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თანაც ამ რეჟიმში გააგრძელებს მოქმედებას, რა თქმა უნდა, ზეწოლაც გაძლიერდება და ჩვენთვის ეს კატასტროფა იქნება. საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარება გარე ძალის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც, თუ სვლა იქით გაგრძელდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს, არა ხვალ-ზეგ, მაგრამ მომდევნო წლებში საზოგადოებრივი აფეთქება.
- ის, რომ "ოცნებამ" ბოლო კვირაში ტონი შეარბილა, ვგულისხმობ კობახიძის განცხადებებს, დამკვირვებლებიდან მოხსნილი არასამთავრობოების ისევ დაშვებას არჩევნებზე, ამერიკაში მღვდელმთავრის გაგზავნას, რას ნიშნავს და რა შეიძლება შეიცვალოს?
- "ქართულმა ოცნებამ" უკიდურესობამდე გაამწვავა ურთიერთობა დასავლეთთან. თუ გავიხსენებთ იმასაც, რაც აშშ-ის ელჩმა თქვა, როგორც ჩანს, ივანიშვილი ცდილობდა თავისი ფული გადაერჩინა და შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს "ოცნების" რადიკალური დაპირისპირება დასავლეთთან. თუმცა მე არ მიმაჩნია, რომ მთავარი მხოლოდ ფინანსებია. ჩემი აზრით, ივანიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ცდილობს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. როგორც ჩანს, მათ ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ დასავლეთი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდა. თავისთავად ამერიკის ელჩის განცხადება უპრეცედენტოა - ელჩები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, თუ ვითარება ძალიან დაძაბული და კრიტიკული არ არის; და მეორე - როდესაც ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოეწურა, იძულებული გახდა ნეიტრალური პირის საშუალებით დალაპარაკებოდა დასავლელ პარტნიორებს და ასეთად, როგორც ჩანს, მღვდელმთავარი მიიჩნია, რომელსაც გავლენა აქვს საპატრიარქოშიც და აშშ-შიც. ის იმაზე გაცილებით კარგად მიიღეს, ვიდრე პრემიერი. რაც შეეხება იმას, თუ რაზე ილაპარაკეს, ალბათ, არა იმდენად ფინანსებზე, არამედ, ალბათ, უფრო "ოცნების" წაგების შემთხვევაში უსაფრთხოების თემებზე. ეს იგივე პროცესია, რაც იყო 2003 და 2012 წლებში. შევარდნაძემაც მიიღო გარანტია, რომ მას ხელს არავინ ახლებდა, სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად ცხოვრობდა კრწანისში. ხელშეუხებელი იყო სააკაშვილიც, საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო. ამას ამბობდნენ კიდეც ის სენატორები, ვინც მაშინ საქართველოში იყვნენ ჩამოსული. ამიტომ ახლაც უსაფრთხოებაზე რომ იყოს ლაპარაკი, არ გამოვრიცხავ. იმედია, შეთანხმდებიან, მიიღებს ივანიშვილი გარანტიებს და უფრო მშვიდი არჩევნები გვექნება, ვიდრე თუნდაც 2020-ში იყო.
„თუ არჩევნებთან ერთად იქნება დესტაბილიზაცია, მაშინ არც არჩევნები ჩაითვლება ლეგიტიმურად“
მირიან მირიანაშვილი: - ის, რომ აშშ-ში კობახიძეს შეხვედრა გაუუქმეს, კონკრეტულად კობახიძისა და საქართველოსთვის მოფიქრებული კი არ იყო, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა და აშშ-ს ბევრჯერ გამოუყენებია. რომელიმე ქვეყნის პირველი თუ სხვა ოფიციალური პირის დაპატიჟება და შემდეგ მიწვევის გაუქმება ითვლება სიგნალად, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები წყდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს აშშ-ის პარტნიორებისთვისაც სავალდებულო შესასრულებელია. ამიტომ მივიღეთ კიდეც ევროკავშირის პირდაპირი განცხადება, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ურთიერთობას წყვეტს. ეს უკვე აშშ-ის სიგნალის შედეგია. ამიტომ სიტუაციის დეესკალაცია ამ სიგნალამდე ჯობდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის, რაც ქვეყნისთვის ახალ ნეგატიურ რეალობას აყალიბებს, არ ამოქმედდეს, რომ ამან უარყოფითი ტრენდული რეალობა არ ჩამოაყალიბოს.
- გასაგებია, რომ ჯობდა დეესკალაცია ადრე მომხდარიყო, მაგრამ ახლა მაინც ტონის შეცვლა იქნება შედეგიანი?
- საქართველოს ხელისუფლების პრობლემების წყარო გარე კონტურებია.
სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ოპოზიცია სუსტია, არაკონსტრუირებული, და ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნის. ამიტომ, თუ გაგრძელდება გარედან უარყოფითი მესიჯები, ამან შეიძლება სხვანაირად დამუხტოს ოპოზიციაც და საარჩევნო კამპანიის სიმწვავეს დიდი დოზით მიუმატოს - ანუ თუ დასავლეთის ზეწოლა წავიდა ხისტად, ამან შესაძლოა არჩევნების სტაბილურ პერსპექტივას საფუძვლები გამოაცალოს.
თუ საქართველოში არჩევნებთან ერთად იქნება დესტაბილიზაცია, მაშინ არც არჩევნები ჩაითვლება ლეგიტიმურად და მივიღებთ ახალ რეალობას, ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით, დასავლეთიდან მოდის მკაფიო სიგნალი, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობას, თუ ის აპირებს ანტიდასავლური კურსის გატარებას, არ დაუშვებენ და არ შეურიგდებიან. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებისგან ძალიან სწრაფი ცვალებადობის ტრენდი უნდა მოვითხოვოთ, რათა ეს უარყოფითი რეაქციები, რაც შეიძლება სწრაფად გადაიფაროს პოზიტიურით.
- როგორ უნდა გაჩნდეს პოზიტიური ტრენდი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკურ კომუნიკატორად დანიშნა პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც კომუნიკაციას დასავლეთი ოფიციალურად წყვეტს - ანუ ივანიშვილს მთავარი ინსტრუმენტი გამოეცალა ხელიდან. ეს მისთვის პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტად ყალიბდება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ამ ანტიდასავლურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ რუსეთის დავალებით დგამს. ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობაში ნეგატივი პოზიტივით უნდა ჩაანაცვლოს, ჩამოაყალიბოს მოქმედებების ჯაჭვი, როგორც პოლიტიკური კურსი, რომელიც ამ წარმოდგენას გაანეიტრალებს.
ერთია, რომ საქართველოს ხელისუფლება რთული პარტნიორია დემოკრატიის კონტექსტში, შიდაპოლიტიკურ კონტურზე, ოპოზიციასთან ურთიერთობაში, რიგ საკანონმდებლო სფეროებში, მაგრამ ამას დასავლეთი კიდევ აიტანს, ისევე, როგორც ორბანსა და სხვებს იტანს, მაგრამ თუ ის მოცემულობა ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ რუსეთის ნების შემსრულებელია, ამას დასავლეთი არ აიტანს. არც საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ასეთი იარლიყი ჰქონდეს, ამიტომ პირველი რიგის ამოცანა, რომელიც უნდა შესრულდეს და რაც ყველა მიმართულებით დეესკალაციის საშუალებას იძლევა, უნდა იყოს ამერიკის მთავრობასთან ურთიერთობის დათბობა. ამის სიგნალი კი, პირველ რიგში უნდა მოდიოდეს ივანიშვილისგან, რადგან ისინი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილს მოიაზრებენ.
საარჩევნო მოდელი ისეთია, რომ ახლა "ქართულმა ოცნებამ" რომც წააგოს, პრეზიდენტის დანიშვნას მაინც შეძლებს და ეს ბერკეტია ივანიშვილის ხელში. ამიტომ, რადგან ივანიშვილისგან იყო მთავარი ანტიდასავლური რიტორიკა, ამაში მომავალი პრეზიდენტის ლექსიკა წაიკითხეს და ამიტომ აქვთ ასეთი რეაქცია. შესაბამისად, ივანიშვილმა არა კობახიძის ხელით, არამედ თავად, აშკარად ან ფარულად უნდა გაუგზავნოს მათ ერთი წინადადება, თუ როგორ მოიაზრებს ამერიკის მხარეს საქართველოსთან პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ეს ძალიან მარტივი სვლაა და პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს, დეესკალაციას მომენტალურად მოიტანს.
- ამერიკაში ეპისკოპოსის გაგზავნა არ შეიძლება სწორედ სტარტის ცდა იყოს?
- ჩემი აზრით, სწორედ ასე ჩათვალა ეს ვიზიტი ამერიკის ხელისუფლებამ, რომ მღვდელმთავარი ივანიშვილის გაგზავნილი პირია. ამიტომ შეხვდნენ და რაც მთავარია, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაასაჯაროეს.
როგორც დასავლელ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა წრეებში განიხილავენ, ამერიკელები მეუფე იაკობს სწორედ იმ მიზნით შეხვდნენ, აქედან იყო ინფორმაცია, რომ მას საქართველოდან გარკვეული ეპისტოლე ჩააქვს. შესაძლებელია, ნაბიჯი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ივანიშვილმა უნდა გადადგას-მეთქი, სწორედ მეუფე იაკობის მეშვეობით უკვე გადადგა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეგზოტიკურია, როდესაც საეკლესიო წარმომადგენელს გზავნი ამ მისიით, მაგრამ ვინაიდან პრემიერ-მინისტრისთვის კარი დახურული აღმოჩნდა, ეს ცუდი ვარიანტი არაა, მით უმეტეს, ამერიკელებმა იციან, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს საქართველოში და ჩათვალეს, რომ ეს კომუნიკაცია არ იქნებოდა რთული და გაუგებარი.
რა გზავნილი გადასცა მეუფე იაკობმა ამერიკელებს ივანიშვილისგან, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ - ჩემი აზრით, ეს არის პირადად ივანიშვილის გზავნილი, თორემ მეუფე იაკობს, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება სალაპარაკოდ არ შეხვდებოდა. ამიტომ ახლა შედეგებს უნდა ველოდოთ. ყველაფერი ორ-სამ დღეში გაირკვევა.
- რა უნდა მოხდეს, რომ შეთანხმდნენ?
- ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ აქციებს, რომლებიც საარჩევნო შედეგების გამოცხადებას მოჰყვება, ამერიკის ხელისუფლებამ არ დაუჭიროს მხარი. ერთი მხრივ, ეს იქნება ამერიკელების მიერ მხარის უკვე საბოლოოდ არჩევა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში და მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეების დიდი ნაწილი ამერიკის მხარდაჭერას აღიქვამს როგორც სერიოზულ წახალისებას.
პროდასავლურად განწყობილი ადამიანებისთვის ამერიკის ხელისუფლების განცხადებებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენი პარტიების აქტივობებს. ამიტომ ივანიშვილისთვის პოლიტიკური კომუნიკაცია ამერიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ელექტორატთან, და არა პარტიებთან, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, როგორც ჩანს, ახლა კითხულობს, რა არის საფასური იმისა, რომ ამერიკელებმა მისთვის ნეგატიური როლი არჩევნების შემდგომ პროცესებში არ ითამაშონ. ამაზეც პასუხს, თუ რა იქნება ამერიკელების ფასი, ორ-სამ დღეში, მაქსიმუმ ერთი კვირაში გავარკვევთ. ეს უპირველესად დაეტყობა ამერიკის ელჩისა და ევროპელების განცხადებებსაც. დღეს პროცესები ძალიან აჩქარებულია და დროულად გარკვევა და რეაგირებაა საჭირო. მესმის, რომ საქართველოში რუსეთი ჰგონიათ კონსტანტა. არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის, ბიზნესის დიდ ნაწილსაც ვერ წარმოუდგენია ურუსეთო კავკასია და ურუსეთო საქართველო, მაგრამ ეს რეალობა, ანუ ურუსეთო კავკასია, ჩვენი აქტივობების გარეშეც ჩამოყალიბდება.
უკრაინაში ომი მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, სადაც ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური ელემენტია საქართველო, ვისთვისაც ამერიკას და ევროპას კოლოსალური თანხები აქვთ დახარჯული და ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებიდან მომდინარეობს, მათთვის არასაკმარისია საკუთარი მიზნების შესაცვლელად. ამიტომ პროცესები ცოტა ხანში უფრო აჩქარდება და, თუკი ფეხი არ ავუწყვეთ, საქართველოს ხელისუფლებამ თუ არ გააცნობიერა, რომ დასავლეთის და პირველ რიგში, ამერიკის როლი კავკასიაში შეუცვლელია და ამას წინ ვერ აღუდგება, მათთვისვე აღმოჩნდება დამღუპველი. როგორც ჩანს, ამერიკელები ამას ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ადეკვატურად გაიაზროს ამერიკის მომავალი როლი კავკასიაში.
ამიტომ ყველა დაელოდება ამერიკელების პასუხს და ცხადია, პირველ რიგში, ივანიშვილი, როგორც გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები. იმედია, დათბობისკენ გადადგმული ნაბიჯი შეუქცევადი გახდება, რადგან კიდევ ერთხელ გადახტომა-გადმოხტომას დასავლეთი არ გვაპატიებს.
- რას შეიძლება სთავაზობდეს ივანიშვილი ამერიკას, რა მესიჯით იქნება წასული მეუფე იაკობი?
- ივანიშვილმა უნდა გამოიცნოს, მათ რა უნდათ, მერე ამის რეალიზების გეგმა უნდა შესთავაზოს და პოლიტიკური ვაჭრობაც ამ კონტექსტში უნდა წარიმართოს. არა მგონია, "ოცნება" ისეთი მიამიტი იყოს, აქედან ამერიკელების გაგდება უნდოდეს.
ჩვენ გარშემო ყველგან ომია, თან ცხელ ფაზაში, საქართველო ომის რკალშია მოქცეული. აქ სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამერიკაა. ამერიკის შიში ფუნდამენტური მოცემულობაა მთელ მსოფლიოში, რადგან ის არის დომინანტი.
ამიტომ შესაძლოა ივანიშვილი რეგიონში მიმდინარე ამ პროცესებმაც დააფრთხო და ჩამოუნგრია წარმოდგენების ის სამყარო, რომ ამერიკა რეგიონიდან გადის და ა.შ. ამიტომაც მგონია, ივანიშვილმა რაიმე კი არ შესთავაზა, არამედ იქითა მხრიდან ელოდება დეესკალაციის პროექტს, თუ რა უნდათ მისგან ამერიკელებს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ივანიშვილს ასევე აინტერესებს, რა დოზით შეეგუებიან ამერიკელები მისი ხელისუფლებაში ყოფნის გაგრძელებას და როგორ შეხვდებიან მის პრეზიდენტობას. რაც პოლიტიკაში დაბრუნდა, ცხადი გახდა, რომ ის არის პრეზიდენტობის კანდიდატი. ამასთან, სხვა კანდიდატი რომ ჰყავდეს, უკვე ორი-სამი თვის დაწყებული მაინც იქნებოდა მისი გაპიარებისთვის კამპანია.
რუსა მაჩაიძე