"კლასიკური "კარუსელის" ალბათობა­ მცირდება, ვინაიდან..." - 1990-დან 2024-მდე... - როგორ ტარდებოდა არჩევნები საქართველოში - კვირის პალიტრა

"კლასიკური "კარუსელის" ალბათობა­ მცირდება, ვინაიდან..." - 1990-დან 2024-მდე... - როგორ ტარდებოდა არჩევნები საქართველოში

26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს­ ვესაუბრეთ.

- ეს არჩევნები უაღრესად მნიშვნელო­ვანია, რადგან მის შედეგებზე იქნება დამო­კიდებული საქართველოს საგარეო-პო­ლიტიკური კურსი...

- ჩვენი ქვეყნისთვის რომელი იყო ასეთივე­ გადამწყვეტი არჩევნები?

- პირველი იყო 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნები, როდესაც სასწორზე იდო საკითხი - ქვეყანა განვითარდებოდა კომუნისტურ-ბოლშევიკური გზით თუ დაადგებოდა დამოუკიდებლად განვითარების გზას. მაშინაც კითხვა დაისმოდა ასე: დამოუკიდებლობისკენ თუ ისევ მოდერნიზებული საბჭოთა კავშირისკენ რუსეთთან ერთად.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2003 წლის არჩევნებიც, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. შემდეგ გადადგა პრეზიდენტი შე­ვარდნაძე და 2004 წლის იანვარში გაიმართა­ საპრე­ზიდენტო რიგგარეშე არჩევნები, ამავე წლის გაზაფხულზე კი საპარლამენტო არჩევნები­. თავისი მნიშვნელობით ამ არჩევნებს, ისევე, როგორც 2012 წლის არჩევნებს, მე არ მივცემდი იმდენად დიდ მნიშვნელობას­, როგორიც 1990 წლისა და წლევანდელი არჩევნებია. 2003 წელს დაისმოდა საკითხი, გაგრძ­ელდება თუ არა "მოქალაქეთა კავშირის" მმართველობა, რომელიც იმ დროისთვის­ უკვე უაღრესად გაიხრწნა, კორუფცია იყო მაღალ დონეზე... შემდეგ იყო 2012 წლის არჩევნები. იმ დროისთვის "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში იყო როგორც პოლიტიკური კორუფცია, ასევე, ხელისუფლების მიერ სასამართლოს დაქვემდებარებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უამ­რავი შემთხვევა. ფაქტობრივად, ქვეყანაში­ ავტორიტარული მმართველობის რეჟი­მი იყო და შეიძლებოდა უფრო დამძიმებულიყო...­ თუმცა არც 2003 და არც 2012 წლებში კითხვის ნიშანი არ იდგა ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე, ორივე შემთხვევაში ქვეყნის საგარეო მიმართულება ევროპა იყო. ახლა, ჩემი აზრით, თუ ისევ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ძალაუფლება, საქართველოს დასავლური, განვითარებული სამყაროსკენ სვლა ძალიან დიდი ხნით შეჩერდება.

zviad-gamsaxurdia-28-oktomberi-1728216755.jpeg

- შესაძლებელია თუ არა "ქართულმა ოცნებამ"­ გააყალბოს არჩევნები და დაიწეროს სასურველი პროცენტი?

- თეორიულად ეს შესაძლებელია, რადგან ყველა საარჩევნო კომისიაში გადამწყვეტი უმრავლესობა აქვს "ქართულ ოცნებას" - მას შეუძლია, ასე ვთქვათ, ნებისმიერი შემაჯამებელი ოქმი დაწეროს. რასა­კვირველია, ამ კომისიაში ოპოზიციური­ პარტიების წარმომადგენლებიც არიან და ზოგიერთი წესიერი ადამიანიც არის, რომელსაც "ოცნება" თავისიანად მიიჩნევს, თუმცა სიყალბეს არ ჩაიდენს. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება,­ რადგან ეს იქნება იმდენად თვალსაჩინო და უხეში დარღვევა, რომ ყველასთვის­ ცხადი იქნება და ასეთი მოქმედებით ხელი­სუფლება საერთოდ გადაიჭრის დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობის გზას. მეორე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი და მთავარია, ამას შესაძლოა მოჰყვეს არეულობა, რაც სიკეთეს არავის მოუტანს. უპირველესად ძალიან დააზიანებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ნებისმიერი არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება ყოველთვის იწვევს ქვეყნის უკუსვლას გარკვეული დროის განმავლობაში.

როგორც ამბობენ, შესაძლოა 7%-10% გაყალბდეს, ამას ზუსტად ვერავინ დაი­თვლის. უნდა იყოს არჩევნების შედეგების ობიექტური გამოძიება. ამის ცდა იყო ერთხელ, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო­ კომისიამ 2003 წელს შეისწავლა ადგი­ლო­ბრივი თვითმმართველობის არჩევნების­ შედეგები, გამოიძია რამდენიმე ქალაქში არჩევნების ჩატარების კანონიერება და დაადგინა კანონდარღვევის ფაქტები. ისიც კი განისაზღვრა, რა მასშტაბის იყო დარღვევები­ - იყო სისხლის სამართლის დანაშაულების აშკარა ნიშნები. საგამოძიებო კომისიამ მოძიებული დოკუმენტები გადასცა პროკურატურას გამოძიების ჩასატარებლად და ბრალეულთა გამოსავლენად. ეს იყო 2002 ან 2003 წელი და ამ ფაქტზე დღემდე არ არის სამართლებრივი შედეგი...

ახლა 10%-ც რომ იყოს გაყალბების ხარისხი, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" მაინც ხელისუფლების მიღმა დარჩება. ამიტომ უხეში გაყალბების სცენარის ალბათობა კი არსებობს, თუმცა მაინც იმედი­ მაქვს, რომ ის არ არის დიდი. ამას ყველა აცნო­ბიერებს - მმართველი პარტიაც და მისი ლიდერებიც. თუ გაყალბება არ იქნება უხეში, მეტ-ნაკლები გაყალბება ყოველთვის ახასიათებდა საქართველოში არჩევნებს...­ \2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი გამო­იყენა. იყო არაერთი დარღვევა­ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს, მაგრამ ამომრჩეველთა­ დიდი აქტიურობის გამო მსგავსი გაყალბება არსებით გავლენას ვეღარ ახდენს საბო­ლოო შედეგზე. იმედია, 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა­ აქტიურობა ისეთი ინტენსიური იქნება, რომ პატარა­ სიყალბეები ვერ მოახდენს არსებით ზეგავლენას შედეგებზე­. რას გადაწყვეტს არჩევნებში­ ბევრი ხალხის მონაწილეობა? ხელისუფლება აიღებს უფრო ნაკლებ ხმას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების ხმების ჯამი იქნება. რაც უფრო გაიზრდება ოპოზიციური პარტიების ხმების რაოდენობა, მით უფრო შემცირდება "ქართული ოცნების" ხმების პროცენტულობა. "ქართულ ოცნებას", საზოგადოდ, ხელისუფლებას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომელიც, როგორც წესი, დადის არჩევნებზე. ამას დავამატოთ გარკვეული სიყალბეები - მმართველი პარტიის ხმები. "ქართული ოცნების" ამომრჩევლების რაოდენობა არ გაზრდილა, ამიტომ ვამბობ, რაც უფრო მეტი იქნება არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა, მით უფრო გაიზრდება "ქართული ოცნების" დამარცხების შანსი.

288896401-0-123-1179-786-1920x0-80-0-0-99f96de6e32863f421b5a3c4bbabb290-1728216755.jpg

- საქართველოს ხელისუფლებები წლების განმავლობაში იყენებდნენ გაყალბების სხვადასხვა­ ხერხს, მათ შორის ე.წ. კარუსელს. ახლა, ელექტრონული არჩევნების პირობებში, ტექნიკურად რამდენად არის შესაძლებელი გაყალბება?

- კლასიკური "კარუსელის" ალბათობა­ მცირდება, ვინაიდან პირადობის მოწმობის­ რეგისტრირების შემდეგ ეკრანზე გამოდის ამომრჩევლის ფოტოსურათი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი - კომისიის ყველა წევრს შეეძლება შეადაროს ეს მონაცემები ფიზიკურ პირს. მე თუ სხვადასხვა სახელითა და გვარით მივედი ანუ ყალბი პირადობის მოწმობით, სურათზე უნდა გამოჩნდეს სხვა პირი, ორივეგან მე ვერ ვიქნები...

მეორე - ხმის მიცემის კაბინეტი ისეთი­ კონსტრუქციისაა, ვერავინ შეძლებს ამოიღოს ტელეფონი ან ფოტოაპარატი და გადაუღოს შევსებულ ბიულეტენს - ეს გამოჩნდება მაშინვე და ამის აღკვეთა შეუძლიათ როგორც დამკვირვებლებს, ისე კომისიის წევრებს. მოგეხსენებათ, მოსყიდული ან შეშინებული ამომრჩევლისგან ითხოვდნენ ხოლმე ფოტოს გადაღებას მას შემდეგ, რაც მოქალაქე ბიულეტენს შეავსებდა, რათა დარწმუნებულიყვნენ ხმის მიცემის სისწორეში. ახლა ეს არ იქნება, რაც კარგია.

რაც შეეხება ბიულეტენების დათვლას, ასეთი რამ ხდებოდა - კომისიის წევრი მთვლელი კონვერტიდან იღებდა ბიულეტენს და აცხადებდა, ამ ბიულეტენში ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. მაგალითად, 7 ნომერი - მისცემდა მეორე მთვლელს, ის ამოწმებდა მართლაც 7 ნომერი ჰქონდა თუ არა შემოხაზული მოქალაქეს და დებდა­ სათანადო ყუთში. ამ დროს, თუკი დამკვირვებელი არ იყო ან მომენტი ჩაუვარდებოდათ­, იტყოდნენ, 7 ნომერი კი იყო შემოხაზული, მაგრამ 11 ნომერს მისცეს ხმაო, და ჩაუდებდნენ პირობითად 11 ნომერს. ელექტ­რონულ არჩევნებზე ყველაფერს­ მანქანა დათვლის და მონაცემები უბანზე მყოფ პირებს 10-15 წუთში ეცოდინებათ, დაახლოებით ერთ საათში კი ცესკოს საიტზე იქნება განთავსებული სრული მონაცემი­. თუმცა არის ერთი საფრთხე - საქმე ის არის, მას შემდეგ, რაც მანქანა დაწერს შედეგს, რამდენი ბიულეტენი აღმოჩნდა ყუთში, რამდენი იყო ბათილი და ვინ რამდენი ხმა მიიღო, ამის მერე უნდა გაიხსნას­ აპარატი, სადაც ბიულეტენები იქნება განთავსებული, და კომისიამ ხელით უნდა გადათვალოს ყველა. ამის მიზეზი არის იმ მცირე ალბათობის გამორიცხვა, მანქანას რამე ხომ არ შეეშალა. ვთქვათ, მანქანამ დათვალა, რომ პარტიებმა მიიღეს ამდენი ხმა, თუმცა ხელით გადათვლის შედეგად დაწერეს, რომ ამდენ­ი კი არა, უფრო ნაკლები ან მეტი მიიღეს. ასეთი საფრთხე არსებობს, თუმცა ამის გაკეთება უაღრესად სახიფათოა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ძალიან მკაცრად ისჯება. ბიულეტენები კარგა ხანს ინახება, ასე რომ, შესაძლებელია გამოძიების ჩატარება და ამ უკანონო მოქმედების გამოვლენა. ამიტომ მგონია, ბევრი ვერ გაბედავს სიყალბის ჩადენას. ყურადღებით უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იქნებიან საარჩევნო უბნებზე, რათა არ მოხდეს არანაირი დარღვევა.

მცირედ დასახლებულ ადგილებში არჩე­ვნები ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა ეს ძალიან მცირე ნაწილია. ამ უბნებზე არის გაყალბების საშიშროება, თუმცა, როდესაც შედეგებს დათვლიან, ის ბიულეტენებიც დასკანერდება და აიტვირთება კომპიუტერში. ამიტომ ხელით გადათვლის დროს მოერიდებიან გაყალბებას, რადგან კომპიუტერში ყველაფერი გამოჩნდება.

ჩემი აზრით, არჩევნებზე ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება: პირველი - ამომრჩეველთა აქტიურობას და მეორე - დამკვირვებლების ყურადღებას პროფესიულ დონეზე, რათა ვერავინ გააყალბოს შედეგები.

cd45db71-0a8e-4b52-ac04-c1ea1ccf9dd8-1728216755.jpg

- ამომრჩეველთა ხმების დაკარგვაზეც ვისაუბროთ. ავუხსნათ მოქალაქეებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რათა ხმა არ დაკარგონ...

- ავიღოთ ერთი კონკრეტული ამომრჩეველი, რომელსაც უნდა ხმის მიცემა ისეთი­ პარტიისთვის, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს, მაგრამ მაინც ასეთ პარტიას აძლევს ხმას. რა ემართება ამ ამომრჩევლის ხმას - თუ მოქალაქის მიერ მონიშნულმა პარტიამ მართლაც ვერ გადალახა ბარიერი, ბუნებრივია, მისი ხმა იმ პარტიას არაფერში წაადგება, მაგრამ იმისთვის, რომ პარლამენტი სრულად დაკომპლექტდეს, ამ ამომრჩევლის ხმა იყოფა იმდენ ნაწილად, რამდენი პარტიაც გადალახავს 5%-იან ბარიერს. ვთქვათ, ზღვარი გადალახა 5-მა პარტიამ, ამ ამომრჩევლის ხმა გაიყოფა 5 ნაწილად იმის პროპორციულად, ამ ბარიერგადალახულ პარტიებს რამდენი ხმა ექნებათ მიღებული ცალ-ცალკე. ვთქვათ, ერთ პარტიას მიღებული აქვს ხმების 30%, მაშინ ამ ამომრჩევლის 1 ხმის 30% ანუ 0.3 პროცენტი დაეწერება ამ პარტიას. თუ მეორე პარტიამ მიიღო 10%, მაშინ ამ ამომრჩევლის ერთი ხმის 10% ანუ 0.1 პროცენტი დაეწერება და ა.შ. - ასე რომ, მისი ხმა ვერ მივა იმასთან, ვისი არჩევაც მას უნდოდა. ეს ხმა გადანაწილდება სხვა პარტიებზე, მათ შორის იმ პარტიაზეც, რომლისთვისაც არაფრით არ სურდა ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ. თუ დიდი ალბათობით მისთვის სასურველი პარტია მაინც ვერ გადალახავს ზღვარს, მაშინ ხომ არ ჯობია, თავისი ერთი ხმა ამ პარტიას კი არ მისცეს, არამედ აირჩიოს იმ პარტიათაგან ერთ-ერთი, რომელიც მაღალი ალბათობით ბარიერს გადალახავს და სხვებთან შედარებით უფრო მოსწონს.

- რა მოხდება, თუ ეგზიტპოლისა და პარალელური დათვლის შედეგები სხვადასხვა­ აღმოჩნდა?

- შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ დასავლეთმა არჩევნები არ ცნოს ლეგიტიმურად­ და გაწყვიტონ ურთიერთობა ოფიციალურად გამოცხადებულ ხელისუფლებასთან. მსგავსი რამ მოხდა ბელარუსში­ - არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო არც ევროპამ და არც შეერთებულმა შტატებმა. ამიტომ ახლა ეს ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოებისგან იზოლირებულია. ეს კი საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.

სოფო კაჭარავა