"შესაძლოა მოსკოვმა წაახალისოს დივერსიული მოქმედებები, საბოტაჟით შეეცადოს სიტუაციის უფრო დამძიმებას და ქვეყანაში არეულობის გამწვავებას"
რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ "დოიჩე ველესთან" საქართველოს წლევანდელ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ განაცხადა: "ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს. გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. იმავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოსთან ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს".
არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევაზე ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე გვესაუბრება.
- გარკვეულწილად, რუსეთის ჩარევა დაწყებულია. "ქართული ოცნება" ხშირად სპეკულირებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებით, რასაც მაშინვე ეხმაურებიან სხვადასხვა თანამდებობის პირები რუსეთიდან. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს იმ პოლიტიკურ დისკურსზე, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არის. რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად, მაინც არის ამ პროცესების მონაწილე, რაშიც წვლილი ქართულ მხარესაც მიუძღვის - ისეთი განცხადებები კეთდება, რაც ხშირად მოსკოვის საპასუხო რეაქციას იწვევს. რაც შეეხება იმას, ელექტრონული სისტემებით არჩევნების დროს ჩაერევა თუ არა კრემლი, ამაზე საუბარი ძნელია... არის ამის გამოცდილება დასავლეთევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში, სადაც გამოძიებით არის დადასტურებული რუსეთის ჩარევა. ეს ხშირად გამოხატულია მატერიალური სახსრებით მისთვის სასურველი სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხარდაჭერაში, ან რუსეთი პირდაპირ საინფორმაციო ველში ერევა უხეშად და ხელს უწყობს მისთვის მისაღები ნარატივების მხარდაჭერას, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხები. მსგავსი რამ საქართველოშიც თვალსაჩინოა. ბუნებრივია, სოცქსელებში პირდაპირ ხელს ვერ გაიშვერ ტროლებისა და ბოტების წყაროზე, რომ გინდა თუ არა რუსეთიდან იმართებიან, მაგრამ ფაქტია, პრორუსულ ნარატივებს ორგანიზებული მხარდაჭერა აქვს. სხვა საკითხია პოლიტიკური ჯგუფების რიტორიკაც. ბოლო წლებისა და თვეების "ოცნების" რიტორიკა პირდაპირ იმეორებს გარე აუდიტორიისთვის განკუთვნილ კრემლის ნარატივებს, დასავლეთიდან ვითომ მომდინარე საფრთხეებს, იქნება ეს ლგბტ-თემით თუ რელიგიური საკითხებით სპეკულირება. მოსკოვი გვაქებს, რომ "ოცნება" "შემობრუნების პოლიტიკას" ადგას.
- როგორ შეაფასებთ ლავროვის განცხადებას...
- ლავროვს იმედისმომცემი არაფერი უთქვამს. რუსეთის ინტერესები ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების რიტორიკის მიხედვით არ შეიცვლება. მათ აქვთ დადგენილი ინტერესი - სამხედრო და პოლიტიკური ყოფნა რეგიონში და ეს მოსკოვის მუდმივად მზარდი ინტერესია. იმას, რაც ამ გავლენას დაასუსტებს, არასოდეს გააკეთებენ. "ქართული ოცნების" რიტორიკა მაინც ქართულ აუდიტორიაზეა მორგებული და მას მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ცვლილება-დამოკიდებულებაზე გავლენა ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში პროგრესი ვერ იქნება. თუმცა წინასაარჩევნოდ "ოცნება" ცდილობს ეს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს. ეს სპეკულაციაა საარჩევნო მიზნებით, თუმცა უბედურება ის არის, ამასობაში ქვეყნის ინტერესები ზარალდება.
- თქვენი აზრით, რა პროცესები განვითარდება 26 ოქტომბრის შემდეგ, თუ "ოცნება" მარცხის წინაშე დადგა?
- "ოცნება" ხშირად იმეორებს, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება და მას არჩევნებში გამარჯვების სხვა შანსი არა აქვს. თუმცა ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის შეგრძნებები, განწყობა ისეთია, რომ მათი გაცხადებული 60%-იანი მხარდაჭერა რეალობისგან ძალიან შორსაა. კვლევას თუ გადავხედავთ, მოსალოდნელია შუალედური შედეგი, თუმცა ეს უნდა გამორიცხავდეს მასობრივ გაყალბებას. ასეთი ზეგავლენა თუ არ იქნა, მაშინ დიდი შანსია, რომ პროცესები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისკენ წავიდეს. თუ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია სათუო გახდა (არა მარტო გარედან, არამედ უპირველესად საქართველოს მოსახლეობამ თავი მოტყუებულად იგრძნო), მაშინ დიდი შანსია, ოპოზიციამ არ აღიაროს შედეგები და მოვლენებმა კვლავ ქუჩაში გადაინაცვლოს. ასეთ სცენარში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უკვე ძნელი სათქმელია. ორივე მხარეზეა დამოკიდებული, როგორ წავა პროცესები და მერე ამღვრეულ წყალში რა ფორმით შეეცდება ნებისმიერი გარე ძალა თავისი ინტერესის გატარებას, უპირველესად რუსეთი, არ ვიცით. ყველაზე უარეს სცენარში, შესაძლოა მოსკოვმა წაახალისოს დივერსიული მოქმედებები, საბოტაჟით შეეცადოს სიტუაციის უფრო დამძიმებას და ქვეყანაში არეულობის გამწვავებას. ჩემი აზრით, პირდაპირ სამხედრო აგრესიის საფრთხე მინიმალურია, რუსეთის მთელი რესურსები ამჟამად უკრაინაზეა გადართული. არაპირდაპირი მოქმედებები - დივერსიულ-საბოტაჟური გავლენის ოპერაციები, საინფორმაციო ველში სხვადასხვა მოქმედების მაღალი ალბათობა კვლავინდებურად არის. საქართველოში რუსეთის საშუალოვადიანი ამოცანაა შენარჩუნდეს სტატუს-კვო, ქვეყანა მინიმუმ დარჩეს იქ, სადაც არის, არ შეიცვალოს კურსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რთულად პროგნოზირებადია ეს არჩევნები და რისკებსაც შეიცავს.
- რაზეა აგებული "ქართული ოცნების" საარჩევნო სტრატეგია და როგორ შეაფასებთ ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია-ტაქტიკას, როგორია მათი შანსი?
- "ოცნების" სტრატეგია აშენებულია ადამიანური ემოციის გამოყენებაზე, უპირველესად ომის შიშით სპეკულირებაზე. წარმოდგენილი არჩევანით (თითქოს ჩვენ ვირჩევთ ომსა და მშვიდობას), ქვეყნის ასეთი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარება მომავალში ჩვენი მარტო დარჩენის შანსს ზრდის, მარტო დარჩენილი და დასუსტებული საქართველო კი ომის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ "ოცნება" ამაზე ააგებდა თავის საარჩევნო კამპანიას, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით - რიტორიკა იქნება, პლაკატები თუ ბილბორდები. შიშზე აგებული რიტორიკა და ხელოვნურად მტრის ხატის შექმნა მეტ-ნაკლებად მუშაობს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდის სჯერა. მოსახლეობის განსაზღვრულ სეგმენტში, რომელსაც სხვადასხვა სოციალური თუ ისტორიული წარმოდგენები აქვს ჩამოყალიბებული (ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა), ეს კამპანია მუშაობს, მაგრამ არ ამართლებს დიდ ქალაქებში. გამოკითხვებშიც ვხედავთ, სად უფრო დიდია მხარდაჭერა. დიდ ქალაქებში, ფაქტობრივად, 20-25%-ის ფარგლებშია "ოცნების" მხარდაჭერა, რაც მიუთითებს, რომ მათი კამპანია დიდად შედეგიანი არ არის.
ოპოზიციის კამპანია მეტ-ნაკლებად აგებულია საარჩევნო დაპირებებზე, სოციალურ საკითხებზე...
ეს არჩევნები გარკვეულწილად რეფერენდუმია, არჩევანი საბოლოოდ უნდა გაკეთდეს ორ საგარეო-პოლიტიკურ მიდგომას შორის - ომი თუ მშვიდობა, ევროპა თუ რუსეთი და ოპოზიციის კამპანიაც, შესაბამისად, ამაზე უნდა იყოს აგებული. კი, ხალხს, რა თქმა უნდა, აწუხებს სოციალური პრობლემები, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა დგას ის საკითხი, რაც შეიძლება რეალურად გადაწყდეს ამ არჩევნების შედეგად. ამას გააზრება სჭირდება, ეს უნდა აუხსნა და გააგებინო მოსახლეობის ყველა ფენას. საჭიროა ამომრჩეველთან კომუნიკაცია და მოსალოდნელი რისკების ახსნა.
ერთი და იგივე პოლიტიკური პარტია ზედიზედ რამდენჯერმე რომ რჩება ხელისუფლებაში, ეს დემოკრატიის უმწიფრობაზე მიანიშნებს.
- საქართველოში პირველად ტარდება არჩევნები ელექტრონული სისტემით. დაინტერესებული გარე ძალები შეეცდებიან თუ არა ჰაკერების ჩართვას პროცესში კომპიუტერულ სისტემაში მონაცემების შესაცვლელად? სერვისებზე შეტევისთვის მზად უნდა ვიყოთ?
- ამას ტექნიკური დეტალების ცოდნა და სისტემაში ჩაღრმავება სჭირდება. თავს ვერ დავდებ, რომ წარმოუდგენელია ჩარევა, თუმცა პარალელურად არსებობს ხმების გადათვლის მექანიზმი. ეს არჩევნები არ არის მთლიანად ელექტრონული, ფურცლები არსად იკარგება და პარალელურად, ხელით გადამოწმების საშუალებას იძლევა. მაინც მინიმალური მგონია შეტევა. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება არჩევნების ხელახალი ჩატარება. თუ ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, ვერც "ოცნება" შეძლებს შედეგის ლეგიტიმირებას. ეს უკვე ყველას აურევს გეგმას და, ბუნებრივია, არჩევნები ხელახლა ჩასატარებელი გახდება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელი სცენარია. მე უფრო საინფორმაციო ველში სხვადასხვა რისკის მომატებას ვვარაუდობ. მაგალითად, ამოქმედდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს დაასხამენ, მით უმეტეს, დღეს საქართველოში უამრავი რუსი ცხოვრობს... თუმცა არა მგონია, ახლა რუსეთს იმის რესურსი ჰქონდეს, სადღაც თავისი ძალები მოხსნას და აქ გადმოისროლოს. სამხედროების ჩარევის სცენარის ვერსია ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებსავარაუდო მგონია. მაინც ვფიქრობ, რუსეთი შეეცდება მისთვის სასურველი შედეგის მიღწევას შეუწყოს ხელი, რაც ნაკლებად თვალსაჩინო და ნაკლებ რესურსებს მოითხოვს. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო გარემოში მთლიანად განკარგავს თავის ბედს. ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში, როგორც ყოველთვის, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მათი სპეცსამსახურების ინტერესთა ჭიდილია. ასე რომ, ყველა აქტორი თავისი ინტერესებისთვის იბრძოლებს. თუმცა, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებას, სასურველი შედეგის მოლოდინი აქვს, ეს საკმარისი სიგნალია, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და ადეკვატური არჩევანი გააკეთოს.
უსაფრთხოების სამსახურს მართებს მთელი რესურსის წარმართვა მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოვალეობებზე და ნაკლებად კონცენტრირება პოლიტიკური ოპონენტების დევნა-მოსმენაზე. რაც შეეხება დასავლეთს, ის მაქსიმალურად უნდა დააკვირდეს არჩევნებს, უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ ცუდი სცენარები განვითარდება. დარწმუნებული ვარ, უამრავი დამკვირვებელი იქნება. ისინი პროცესს ისედაც აკვირდებიან და, ალბათ, მაქსიმუმი გაკეთდება. ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის ძირითადი სუბიექტები ვიწროპოლიტიკური, პარტიული ან პიროვნული ინტერესების გამო ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება მე-12 წლისთავზე ასეთი პოლარიზებული არ უნდა იყოს - ამ წინასაარჩევნოდ იმავე რიტორიკას ვისმენთ, რასაც 2012 წელს.
აღსანიშნავია პრეზიდენტის ფიგურა, რომელმაც პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს. ვხედავ იმის პოტენციალსა და მზაობას, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ზურაბიშვილი სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელებს და ამ პროცესებში შემაკავებელი, გამაერთიანებელი და პოზიტიური ფაქტორი იქნება.