"ვის რა გარანტია აქვს, რომ რუსები ძალადობრივ პროვოკაციაზე არ წავლენ ოპოზიციის ან ხელისუფლების საფარქვეშ?!"
"რუსეთიდან მომავალი რისკები იმაზე დიდია, ვიდრე უბრალოდ საქართველოს არჩევნებში ჩარევა", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. მისი თქმით, "მოსკოვში იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ მოსკოვიდან სასწაულებრივად ჩამოსული იგორ გიორგაძის ყაიდის პერსონები, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენი ქვეყნის იმგვარ დაპირისპირებაში ჩასათრევად, რომ გადარჩენისა და განვითარების შანსი დაგვიკარგონ". ვინ როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩაერიოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ არჩევნების პროცესში, ამის შესახებ გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ჩვენი ქვეყანა ფორმალურად სუვერენული სახელმწიფოა. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლება, როგორი საგარეო ვექტორი და პოლიტიკური პრეფერენციაც არ უნდა ჰქონდეს, კრემლისთვის მიუღებელია, თუ სუვერენიტეტის სრულ ფორმალიზაციას არ თანხმდება. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" საგარეო პოლიტიკურ კურსზე ბევრი კითხვის ნიშანია და რუსეთისკენ არაერთი არაორაზროვანი დამთმობი ნაბიჯი გადადგა, ის არ არის კრემლისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა.
ყველაფრის მიუხედავად, "ოცნება" ცდილობს საქართველოს მისცეს გარკვეული საგარეო პოლიტიკური ფუნქცია, რომელიც რუსეთისთვის დიდად მისაღები არ არის. მაგალითისთვის გავიხსენებ შუა დერეფნის პროექტს. ასევე შეგახსენებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაწყებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, შენდება საკვანძო ინფრასტრუქტურა - საავტომობილო გზები, მათ შორის კობი-ქვეშეთის გვირაბი. ამას გარდა, ანაკლიის პროექტში გამოჩნდა ჩინელი ინვესტორის შემოსვლის შესაძლებლობა. ეს პროექტი რუსეთისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორიც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი.
რა თქმა უნდა, კრემლისთვის არც ის ხელისუფლება იქნება მისაღები, რომელიც "ოცნებისგან" განსხვავებით მკვეთრად პროდასავლურ კურსს აირჩევს. რუსეთისთვის საქართველოში მხოლოდ ისეთი ხელისუფლებაა მისაღები, რომელიც გამოხატულად პრორუსული იქნება, რომლისთვისაც არანაირი ნაციონალური ინტერესები არ იარსებებს და თანახმა იქნება, საქართველო მხოლოდ ფორმალურად, ქაღალდზე იყოს სუვერენული სახელმწიფო. რუსეთს სურს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი კრემლში იწერებოდეს. შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები საკმაოდ დიდია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. კრემლში კარგად იციან, რომ დღეს საქართველოში შეუძლებელია იმგვარი ხელისუფლების მოსვლა, რომელიც ქართული სახელმწიფოს სრულ ფორმალიზებაზე იქნება თანახმა. "ოცნება" მაინც არ არის ბოლომდე რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ რუსეთი შეეცდება არა იმდენად არჩევნებში ჩარევას, არამედ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, რათა ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება.
- რუსეთი რა მეთოდებით შეეცდება სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას?
- რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობდა ესარგებლა სრულიად გაუგებარი "აგენტების კანონით" გამოწვეული საზოგადოების სამართლიანი პროტესტით, რაც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს შორის დაპირისპირების გამწვავებაში გამოიხატებოდა. როდესაც ქუჩაში დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევდა და სამართალდამცავები უფლებამოსილებას აჭარბებდნენ, გამოჩნდა ყველაზე არაპოპულარული რუსი - ალექსანდრ დუგინი და განაცხადა, რომ აგენტები ასკდებიან პარლამენტის კედლებს და პატრიოტები იბრძვიან სუვერენიტეტისთვის. რუსეთის ხელისუფლებისთვის "ოცნება" პატრიოტი კი არა, დაპირისპირებისთვის საჭირო ინსტრუმენტია. სინამდვილეში, მე რომ ვიყო რუსეთის ხელისუფლებაში და მინდოდეს საქართველოში დამტკიცდეს ისეთი კანონი, რომელიც ძალიან წააგავს ჩემ მიერ მიღებულ კანონს, თავს შევიკავებდი ამ ქვეყანაში ტემპერატურის აწევისგან. დავჯდებოდი და დაველოდებოდი, როდის გაიტანდა ამ კანონს "ოცნება".
რუსი ლიდერები განცხადებებს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში აეწიათ დუღილის ტემპერატურა და მეორე მხრივ, დასავლეთისთვის შეექმნათ ილუზია, რომ "ოცნება" რუსეთის სატელიტია და გაეღრმავებინათ ქართულ-დასავლურ ურთიერთობაში გაჩენილი ბზარები. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ კრემლის სასარგებლოდ ითამაშეს და ქვეყანა კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩართეს. იმავეს შეეცდება რუსეთი არჩევნებზეც.
- ამგვარი გამოწვევისთვის რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება ან თუნდაც ოპოზიცია?
- რაც შეეხება ოპოზიციის მზაობას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად, მრჩება განცდა, რომ ვერც აცნობიერებენ ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა თანხმდებოდეს, თუ რა ან ვინ არის ქვეყნისთვის საფრთხე. ასევე, უნდა თანხმდებოდნენ, რომ არ უნდა დაუშვან ეგზისტენციალური საფრთხის არსებობა, რაც ქვეყანას გაანადგურებს. სახელმწიფოებრიობის ფორმალიზებას ერთად უნდა ვებრძოლოთ, როგორც ვერ უნდა ვიტანდეთ ერთმანეთს!
ვის რა გარანტია აქვს, რომ რუსები ძალადობრივ პროვოკაციაზე არ წავლენ ოპოზიციის ან ხელისუფლების საფარქვეშ და მერე არ გახდება სამოქალაქო დაპირისპირების კატალიზატორი? მაგრამ რაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანას უკვე მეცამეტე წელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია არ განუახლებია. საფრთხეების შეფასების დოკუმენტის გასაჯაროებას ხომ არ ვითხოვთ, რომლის გასაჯაროება მართლა არ შეიძლება?! ხალხმა უნდა იცოდეს, სად ხედავს სახელმწიფო საფრთხეს. მინიშნება მაინც ხომ უნდა გაგვიკეთონ?! ერთადერთხელ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო ყარაბაღის ომის დროს და დაასკვნეს, ნეიტრალურები უნდა ვიყოთო, ანუ არაფერი არ უნდა ვაკეთოთო, და დაიშალნენ!.. თუ "ოცნება" მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების კონცეფცია მარტო ვიწროპოლიტიკურმა ელიტამ უნდა იცოდეს და სხვამ არავინ, გამოდის, ეს ძალა საკუთარ საზოგადოებასაც ერთ-ერთ საფრთხედ აღიქვამს.
- მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები აჩენს თუ არა განცდას, რომ "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორებს საფრთხედ მოიაზრებს?
- მოდი, ვთქვათ, ამერიკის საელჩო პირდაპირ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში თავისი "ქარდებით" და იცით, ეს რისი ბრალია? ხელისუფლება არ არის მოწოდების სიმაღლეზე. "ოცნებას" რომ უზრუნველეყო სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო მუშაობა, პოლიტიკური კლასის მაღალი შედეგები, დემოკრატიის განვითარება და ა.შ. მასონებზე ლაპარაკი და კუდიანებზე ნადირობა რომ მაინც არ დაეწყოთ და საკუთარი თავმოყვარეობა არ დაემცროთ, ამას არავინ გაუბედავდა.
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნებზე ამერიკის საელჩოს ქარდებმა ან სხვა ამერიკელი და ევროპელი ლიდერების კრიტიკულმა განცხადებებმა?
- კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევები გვქონდეს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ აკადემიურ სექტორში კვლევითი საქმიანობა მხოლოდ საგრანტო დახმარებაზეა დამოკიდებული... ჩვენ არც სათანადო ცოდნით გამყარებული ექსპერტიზა გვაქვს და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიების მიერ ჩატარებულ კვლევებს ვენდობით. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფაქტორი საზოგადოებრივ აზრზე. ასევე ქვეყანაში არ არის მედიაპლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დებატების მოსმენის შესაძლებლობა ექნება. ხელისუფლება და ოპოზიცია, ორივე, საკუთარი სიმართლის არქიტექტურას ქმნიან, საზოგადოებაში კი ყველა იმას იჯერებს, რაც თავად მოსწონს. უკიდურესად პოლარიზებული საინფორმაციო ველი მხოლოდ მედიის კი არა, პოლიტიკოსების დიდი პრობლემაა.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციას: "არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები", 24 დეპუტატი აწერს ხელს. დეკლარაციაში წერია, რომ მმართველი პარტია არჩევნების მოპარვისთვის ემზადება. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი ტექნოლოგიები გაყალბების საშუალებას არ იძლევა.
- ახალი ტექნოლოგიები პრაქტიკულად გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას. ალბათ, გახსოვთ, ხმების დათვლის დროს ზოგი ბიულეტენებს ჭამდა და ზოგი საარჩევნო ურნით უმისამართოდ გარბოდა. ეს აღარ იქნება, მაგრამ არჩევნების დღემდე მთავრობა ყველაფერს გააკეთებს არჩევნების გასაყალბებლად, დაწყებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დამთავრებული ამომრჩევლის მოსყიდვითა და ზეწოლით. ყველაფერი მაინც საზოგადოებრივ ნებაზეა დამოკიდებული. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ახლავე უნდა იმუშაონ, რომ მერე არ მოუწიოთ თავის მართლებამ, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და რა გვექნაო. ოპოზიციას არ უნდა ეგონოს, რადგან ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მათ გამარჯვება ჯიბეში უდევთ!
- არც ოპოზიციაში იკვეთება ძალა, რომელზეც დასავლეთი ფსონს დებს.
- ქართველ პოლიტიკოსებს დასავლეთი მოსწონთ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში არიან... დასავლეთში დიდხანს ექნებათ იმის მოლოდინი, შეიძლება ქართველებს ხვალ რაღაცამ წამოუაროთ და საპირისპირო მიმართულებით წავიდნენო.
ფაქტებით რომ ვიმსჯელოთ, "ქართული ოცნების" მმართველობისას დაიდო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი... ხელისუფლება, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, უცებ გამოექანა და გლობალური ომის პარტიაზე დაიწყო საუბარი. დასავლეთს ჩვენთან ურთიერთობის ასეთი ცუდი პრაქტიკა აქვს, ერთხანს ყველა ხელისუფლება კარგად იქცევა და მერე უცებ გიჟდებიან!
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქართული პოლიტიკური სპექტრით და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა სიაში ვარ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება წავიდეს არჩევნებზე, თვალები დახუჭოს და ისე გააფერადოს რომელიმე რიცხვი; შეიძლება ყველა გადახაზოს; შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა; შეიძლება საერთოდ არ წავიდეს; შეიძლება ახალი ძალის გამოჩენას დაელოდოს და ამბოხებაც მოაწყოს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკის მატარებელია, სწორედ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხდება ის აქტიური უმრავლესობა, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს იწვევს.
ხათუნა ბახტურიძე