„ომიც ცხოვრებაა, უბრალოდ, სიკეთე იქ მეტად ფასობს“ - კვირის პალიტრა

„ომიც ცხოვრებაა, უბრალოდ, სიკეთე იქ მეტად ფასობს“

ორ ომგამოვლილი ქართველი რეჟისორი და ჟურნალისტი გოგა ჭყონია­ უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ახლახან, 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეს დაბრუნდა სამშობლოში.

- მგონი, 27 სექტემბერს ომიდან დაბრუნება რაღაცნაირად დამებედა. ომი ბოლო 30 წელია, ჩემი ცხოვრების თანამდევად იქცა. რა თქმა უნდა, დამთხვევა იყო, გამოქცევა მთლად არა, თუმცა ჩქარი უკან დახევა რა არის, თუ არა გაქცევა?­ 1993 წელს ვგულისხმობ.

fb-img-1727877444002-1728229871.jpg

- რა ხდება ამწუთას კიევში?

- იქ საერთოდ არ იგრძნობა ომის სიმძაფრე. წინა წლებთან შედარებით ვამბობ. ხომ ვიყავი 22 და 23 წლებშიც. მაშინ კომენდანტის საათი იყო, გათენებისას იწყებოდა სიგნალის ხმა. ახლა 12 საათზე იწყება და 5-ზე მთავრდება. მე მაინც ვფრთხილობდი გადაღებას, განსაკუთრებით ქუჩაში. თუმცა არავინ მოსულა ხელის შესაშლელად. ცოტა დაძაბულები არიან უცხოელებთან, მით უმეტეს, როცა რუსულად გამოელაპარაკები. სანამ გაიგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი, მანამდე მტრული განწყობა იყო.

როგორ შევადარო ერთმანეთს მიწასთან გასწორებული მარიუპოლი და კიევი, თუმცა მათ შორის არის საერთოც. რუსული ბომბისგან დაცული არსად ხარ, ნებისმიერ ქალაქსა და დასახლებაში შეიძლება ჭურვი ჩამოვარდეს და ერთბაშად გაანადგუროს იქაურობა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულ მზადყოფნაშია ბრძოლისთვის, სიძნელეების გადალახვისათვის, შესაძლო დანაკარგისთვისაც კი. მე ასე დავინახე და ეს განცდა, მათი მოტივაცია, შემართება,­ ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ცხადია, რაც იქ ვიყავი, პრაქტიკულად არ მიძინია, იმიტომ, რომ ყოველღამ დაბომბვაა და მით უმეტს, სადაც ვიყავი, იქ სამხედრო ბაზაა.

უკრაინელები უკვე ჩვეულებრივად აღიქვამენ ომს, არიან ორგანიზებულად და წყნარად, ოღონდ ამ სიწყნარეში იგრძნობა განსაკუთრებული ძალა. ხარკოვსა და ზაპო­როჟიეში, სადაც ფრონტის ხაზია, უფრო დაძაბულია სიტუაცია. თუმცა ისეთი მუსი­კალური ფესტივალი ჩატარდა გაგანია ომში, გავოგნდი. იმ ფესტივალზე მეც ვიყავი მიწვეული როგორც მონაწილე­. ცხოვრება გრძელდება. ეს მაინც, ალბათ, უკრაინელების სიმტკიცეზე მეტყველებს. სიცოცხლის სიყვარული დავინახე იმ ადამიანებში. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, რა დროს ეგ არისო.

fb-img-1727877661970-1728229871.jpg

- კი მაგრამ, როგორ? ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას?

- კი, ცხოვრება გრძელდება. საერთოდ რთულია ამის აღწერა, ზოგჯერ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. მაგალითად, ქალაქ დნეპროში ერთ მზიან დღეს გამწვანებულ ქუჩებში ხალხი თავის საქმეზე მიდი-მოდის, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც სამსახურში მიიჩქარის და უცებ სირენის გამაყრუებელი ღმუილი ატყდება.

განგაშის სიგნალის ხმა სულის შემძვრელია! ხანდახან რამდენიმე ერთად ირთვება და სხვადასხვა მხრიდან ისმის. ზოგჯერ ამას ემატება რაკეტის ან სხვა გამანადგურებლის წუილი და რამდენიმე წუთში ქუჩა, სკვერი თუ მოედანი ცარიელდება, მაგრამ როგორც კი განგაში მთავრდება, ქალაქი ისევ რამდენიმე წუთში ივსება ხალხით. თითქოს არაფერი მომხდარა. ისინი ასე ცხოვრობენ. კი ეშინიათ, ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდეც მიდიან, მაგრამ უძლებენ და ცხოვრებას აგრძელებენ.

- თქვენ ჩასვლის პირველი დღიდან ხართ "ქართულ ლეგიონში". რა ხდება იქ? ჩვენი ბიჭები როგორ არიან?

- ბიჭები მხნედ არიან, არ ნებდებიან­. ეს არის, ალბათ, ქართული ხასიათის სიმტკიცე. საოცარ ფაქტს მოგიყვებით: უკრა­ინაში არის თანამედროვე მუსიკალური­ ჯგუფი.­ ამ ჯგუფმა დაწერა სიმღერა ქართველ სნაიპერ გიორგიზე. მეც გავიცანი­ გიორგი და აღვფრთოვანდი მასთან გასაუბრების შემდეგ. მართლა გმირია.­ მოგეხსენებათ, ჩვენი ბაზიდან გადიან ხოლმე დავალებებზე და ზოგჯერ ორ კვირაში,­ ზოგჯერ ერთ თვეში, ზოგჯერ რამდენიმე დღეში ასრულებენ კონკრეტულ დავალებას. ერთხელ დავალების შესასრულებლად რომ წავიდა გიორგი, ისე მოხდა, რამდენიმე დღე წინა ხაზზე იყო ჩასაფრებული.­ ერთკვირიანი ჯდომის შემდეგ ჩვენებმა უკან დაიხიეს და ეს ბიჭი ჩარჩა იმათ ტერიტო­რიაზე. საშიშროება იყო ან ტყვედ ჩავარდნილიყო, ან დაღუპულიყო... ჩვენებმა რომ გაიგეს, გიორგი მტრის მხარეს დარჩაო, ერთმა გალელმა ბიჭმა, გაფრთხილების მიუხედავად, არ გაბედო გადასვლაო, დაქოქა მანქანა და... გიორგი სამშვიდობოს გამოიყვანა. ასეთი ამბავი, იცით, რამდენი ხდება ხოლმე?

გავიდა დრო და გიორგის მოასმენინეს ეს სიმღერა. გიორგი კარგადაა და იმედია, საღ-სალამათი დაგვიბრუნდება.

11-1728229870.jpg

- უკრაინაში ბევრი მეგობარი გყავთ, როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები...

- მეგობარი ბევრი არ შეიძლება იყოს. მეტიც, ახალი მეგობრის შეძენა არასოდეს­ არის გვიან. ზოგი 92-93 წლებში გავიცანი,­ აფხაზეთის ომის დროს, როდესაც უკრაინული ასეული ჩვენს მხარეს იბრძოდა, ზოგიც 2014 წელს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მაიდნისა და დონბასის ომის მოვლენებზე ფილმს ვიღებდი. მაშინ გავიცანი დმიტრო იაროში­, ოლეგ ბილი, გეორგი სპასოკუკოცი და სხვები. ძირითადად, ლიტერატორები, მუსიკოსები, მხატვრები, პოეზიისა და საავტორო სიმღერის ფესტივალებზე სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. მათ შორის დიმა დოლგოვი, ვალერი სერგეევი.­ ომის დროს მეგობრების ნახვა საოცარი განცდაა,­ ერთნი ისეთები იყვნენ, როგორსაც ველოდი, ზოგმა გამაკვირვა, რამდენიმემ აღმაფრთოვანა­ თავდადებითა და ვაჟკაცობით. დღეს ქართველები კვალიფიცირებულ მებრძოლებად ითვლებიან. ღმერთმა დაგვიფაროს და, რამე რომ მოხდეს, გამოცდილი რეზევრი­ გვეყოლება. ქართულ პასპორტს რომ ხედავს უკრაინელი პოლიციელი ან ჯარისკაცი, მაშინვე ატყობ შენ მიმართ კეთილგანწყობას. ეს ცხადია, ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. დააკვირდით, თბილისში უფრო მეტია უკრაინული დროშა, ვიდრე ქართული.

- ბუჩის ამბავი რომ მოხდა, ყველა ამბობდა, ნაკლები არ მომხდარა აფხაზეთშიო..

- მსგავსი რამ იყო გაგრაში, თუმცა უფრო ლოკალურად, ერთ ადგილას. იყო ურთულესი დღეები და ძნელი ეპიზოდები, მაგრამ მათ შორის ყველაზე რთულია ბოლო ერთი კვირა. ივლისიც ძალიან მძიმე იყო. სოფელ შრომაში ვიყავით, სადაც უმძიმესი ბრძოლა გავიარეთ, მანამდეც, მარტში, სოხუმში, გუმისთის ხაზზე. ჯარისკაცი ხომ ერთ შენაერთში იბრძვის, ერთ ადგილას და გამოდიოდა, რომ ჩვენ ყველგან ვიყავით, სადაც დაძაბული იყო სიტუაცია, იქით გადავდიოდით.

სოხუმის დაცემის დღეს ქალაქის ცენტრში ვიყავი, ვაგზალზე, ბარათაშვილის ქუჩაზე. შემდეგ სოფელ ბირცხაში გადა­ვინაცვლეთ, იქ პოზიციები დავკარგეთ და რამდენიმე ბიჭის ცხედარი დაგვრჩა. დოდო გუგეშაშვილის ჯგუფი შევიდა ცხედრების გამოსატანად და მეც შევყევი. ერთი ბიჭი მე დამადეს ზურგზე. იმ წამებში მეგონა, გული გამიჩერდა. ჩემთან ერთად იყო ოპერატორი გურამ გურამიშვილი, რომელმაც ამ სიტუაციაში გამოიტანა ომიდან უვნებლად აპარატურა და, ამის გამოც დააჯილდოეს. თამრიკო დეკანოსიძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოეს, მამუკა არეშიძე და მეც, თქვენი მონა-მორჩილი.

- თქვენი, როგორც რეპორტიორის თვალით დანახული ომი როგორია?

- ომიც ცხოვრებაა. უბრალოდ, იქ სიკეთე­ მეტად ფასობს.

- ამჯერად როგორ ჩახვედით უკრაინაში?

- ძალიან მოვინდომე. დიდი დრო იყო გასული ჩემი წინა ომში ყოფნიდან. იმდენი ვქენი, ხელმძღვანელობა შევაწუხე და ბოლოს მითხრეს, წადიო. დამაფინანსეს ნახევრად, მაგრამ მე და ჩემმა ოპერატორმა სიმონიშვილმა გავიყავით ძმურად და წავედით.

- დღესდღეობით რამდენი ქართველია იქ?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაიღუპა, პროცენტულად უკრაინელების მერე ქართველები მოდიან. ალბათ, უფრო ეთნი­კური რუსები, რომლებიც უკრაინელებად გრძნობენ თავს, მაგრამ ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და მათ მეც უკრაინელებად ვთვლი. ზოგ ქართველსაც აქვს უკრაინული მოქალაქეობა, მაგრამ, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან. ბევრია წინა ომების ვეტერანი, ისეთები, ვინც კარგ ფორმაშია. მე დამიწუნეს, 62 წელი ნამეტანიაო. თუმცა ჩემი მეგობარი არჩილ ხოფერია ახლაც იქ არის.

- რა განსხვავება აფხაზეთის ომსა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის?

- უდიდესი განსხვავებაა. ტექნოლოგია იმდენად შეიცვალა, რომ ვერც ვადარებ. როგორც ჩემი მეწყვილე, ბექა ქურხული ამბობს: ყველა ომი უნიკალურია და ბოლომდე არასოდეს მეორდება და, ალბათ, ასეცაა, უცვლელი მხოლოდ გმირების თავგანწირვაა. აფხაზეთის ომში მომზადებას გავდიოდით ბრძოლაში. შემდეგ ქართული არტილერია უკეთესი გახდა, ვიდრე აფხაზური. დიდხანს ასე იყო, სანამ რუსები არ ჩაერივნენ.

უკრაინასა და საქართველოს ყოველთვის ერთი მტერი ჰყავდა - რუსეთი. სხვა საქმეა, ყოველთვის ვაცნობიერებდით ამას თუ არა. სამწუხაროდ, ომი კიდევ ბევრ უბედურებას მოიტანს, მაგრამ მჯერა გამარჯვების. თუმცა ზოგიერთი პესიმისტურად არის განწყობილი, იმიტომ, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა. არადა, რუსეთსა და მათ ჯარშიც უფრო უარესად არის საქმე.

უკრაინის გამარჯვება მსოფლიოს გამარჯვებას ნიშნავს და თავისთავად, საქართველოსათვისაც. მე შეიძლება ბევრი პრეტენზია მქონდეს დასავლურ ღირებულებებთან, შეიძლება დემოკრატია არ მომწონდეს, მაგრამ კაცობრიობას უკეთესი არაფერი მოუგონია.

რუსუდან შაიშმელაშვილი