"მე, უმწეო ჭირისუფალი, სხვა ქართველების დაკარგულ საფლავებს დავტიროდი" - კვირის პალიტრა

"მე, უმწეო ჭირისუფალი, სხვა ქართველების დაკარგულ საფლავებს დავტიროდი"

ბელა გულორდავა სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. სოხუმის თეატრში წლების განმავლობაში მუშაობდა. მერე იყო დევნილობა და გამუდმებით ფიქრი აფხაზეთში დაბრუნებაზე. აფხაზეთი მას ბავშვობას ახსენებს, საყვარელ ადამიანებთან ტკბილად გატარებულ წლებს. ამბობს, სოხუმის ზღვას სულ სხვა სუნი აქვს, ზღვის სანაპირო განსაკუთრებით მიყვარდა, სწორედ ის იყო ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, თავისი ღია კაფეებით, ცხელ ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელით და, ალბათ, ამიტომაც აქვს იქაურ ზღვას სხვანაირი სურნელი. სოხუმი ეთნიკურად მრავალფეროვანი გახლდათ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით აფხაზები, ბერძნები, სომხები, რუსებიო. სჯერა, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთი დროებით დაკარგეს და ოცნებობს იმ დღეზე, როცა დაბრუნდება თავის ბავშვობის სახლში, სადაც ახლა გუდაუთიდან ჩასული აფხაზები ცხოვრობენ. იმდენად დიდია იქაურობის მონატრება, რომ გარისკა და წლების წინ აფხაზეთში ჩავიდა.

- ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია სოხუმის ქუჩებში, აფხაზეთის ულამაზესი ბუნება უნახავს, ძნელი წარმოსადგენია, არ ენატრებოდეს. დევნილობის პირველივე წლებიდან მინდოდა დაბრუნება, მაგრამ ეს ადვილი არ იყო და ასე გავიდა წლები. 2005 წელს ექიმების უყურადღებობით მამა გარდამეცვალა და ეს თავზარდამცემი იყო ჩვენი­ ოჯახისთვის. მამას სულ უნდოდა სოხუმში­ მშობლების გვერდით დაკრძალულიყო, მაგრამ ამას როგორ შევძლებდით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მარტივი არ იყო. მამა ხშირად ოცნებობდა მშობლების საფლავზე მისვლაზე. მისი გარდაცვალების­ შემდეგ მე დავისახე მიზნად, რაც არ უნდა დამჯდომოდა, მომენახულებინა ჩემი გამ­ზრდელი ბებია-ბაბუის, ნადე და ალე გულორდავების საფლავი და იქ სანთელი დამენთო. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ვიპოვე ადამიანი, ვინც დამეხმარებოდა აფხაზეთში­ გადასვლაში. არავისთვის არაფერი მითქვამს, არც ჩემი ძმისთვის, და მარტო წავედი. ქალაქ სოჭიდან გადავწყვიტე სოხუმში შესვლა. მანამდე ეკლესიაში შევედი, დავანთე სანთელი, უფალს შევთხოვე დახმარება და მერე მივედი ფსოუს საზღვარზე. საზღვარს რომ მივადექი, გული ამიჩქარდა, თავს შევუძახე და საბაჟოზე მესაზღვრეებს მივუახლოვდი. საბუთი მომთხოვეს. ერთ ბიჭს, რომელსაც დავითი ერქვა, ძალიან ვთხოვე ჩემს მდგომარეობაში შესვლა. რამდენიმე კითხვა დამისვა, მიხვდა, რომ სოხუმელი ვიყავი და გამიშვა.

apxazet-1728977592.jpg

ფსოუს საზღვარზე დამხვდა, ომისგან განადგურებული ძველი ავტობუსი ამდენი წლის მერეც იქ იდგა და გვახსენებდა მძიმე ომის დღეებს. მეშინოდა, ვინმე ნაცნობ აფხაზს არ ვენახე. ამიტომ თავზე კაპიუშონი­ დავიხურე და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც სოხუმი ეწერა. მიქროდა ავტობუსი ჩემთვის მონატრებულ ქუჩებში და იქ გატარებული დღეები კინოკადრებად დამიდგა თვალწინ. გუმისთის ხიდზე რომ გადავედით, იქ მემორიალი იყო აღმართული, სადაც ამოტვიფრული იყო აფხაზეთში მებრძოლი დაღუპული ახალგაზრდა ბიჭების სახელები და გვარები. ფოტოებიდან სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები გვიმზერდნენ - ამის ყურება არ იყო ადვილი. ჩვენ ხომ იქ მეგობრულად ვცხოვრობდით. ეროვნება სოხუმში არ არსებობდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ავტობუსიდან ჩამოვედი. მინდოდა "ლეჩკომბის" სასაფლაოზე ავსულიყავი. მაღაზიაში პური და ღვინო ვიყიდე. იქაურობას თან ვათვალიერებდი და ნელ-ნელა მიუვყვებოდი გზას სასაფლაოსკენ. ყველაფერი ეკალბარდებში დამხვდა გახვეული. ამდენი წლის შემდეგ წინაპრების საფლავთან მიახლოება ადვილი­ არ იყო. იქაურობა მოვასუფთავე, სანთელი­ დავანთე და ჩამოვჯექი მათ საფლავთან. იქვე ბიძაჩემის საფლავიც არის, მოვიხსენიე მათი სულები, მერე დიდხანს ვიჯექი და ვტიროდი. მე უმწეო ჭირისუფალი ვიყავი და სხვა ქართველების დაკარგულ საფლავებსაც დავტიროდი.

soxumsi-axla-2-1728229871.jpg

მერე გადავწყვიტე ჩემი სახლი მენახა, მაგრამ ვშიშობდი, ვაითუ ვიმემ მიცნოს-მეთქი, მაგრამ მონატრება იმდენად ძლიერი­ იყო, გზას გავუყევი. შორიდან დავინახე განადგურებული ჩვენი ეზო-კარი, სახლის მარტო კედლებიღა იყო დარჩენილი. მეზობლის ღობეს მივეყრდენი. უცნობმა მამაკაცმა შენიშნა, რომ ცუდად ვიყავი, რძალს დაუძახა და ეზოში შემიყვანეს. როგორც გავარკვიე, ჩემი მეზობლის სახლში ერევნიდან ჩამოსული სომხები ცხოვრობდნენ. იმ გოგომ სახლიდან ჭიქა წყალი გამომიტანა. გულდათუთქული მეზობლის ეზოდან ვუყურებდი ჩემს სახლს, სადაც ჩემი საუკეთესო წლები გავატარე. მერე ძალა მოვიკრიბე და იმ კაცს ვთხოვე, ჩემი სახლის ეზოში შესულიყო და ორი ცალი მანდარინი მოეწყვიტა. ეტყობა, იფიქრა, მანდარინის ჭამა უნდაო, და თავის ეზოში მოკრეფილი მანდარინები ჯამით მომიტანა. მითხრა, რომ იმ ეზოში ვერ შევიდოდა, აკრძალული ჰქონდა, რადგან აფხაზს ეკუთვნოდა.

აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ დათქ­მული გვქონდა მე და დედაჩემს, სანამ ჩვენი ეზოს მანდარინს არ შევჭამდით, მანამდე არ გვეჭამა მანდარინი. ჩემს ეზოში მაინც შევედი, შევაღე ჩემი სახლის ჭიშკარი, აკანკალებულმა მოვწყვიტე სამი ცალი მანდარინი. გოგონამ, რომელსაც კარინა ერქვა, სახლში­ შემიპატიჟა. მკითხა, ეს თქვენი სახლი ხომ არ იყოო. დამალვას აზრი არ ჰქონდა და ვუთხარი, რომ წინაპრების საფლავზეც ვიყავი­ და ჩემი მშობლიური ქუჩა რომ არ მენახა, ისე წასვლა არ მინდოდა. ჩემი მეზობლის დარგული ნარცისები ისევ ყვაოდა ეზოში და ვთხოვე, მოვკრეფ-მეთქი. მართლაც, დავკრიფე და სადგურისკენ წავედი. ნელა მივუყვებოდი ჩემი ქუჩის დაღმართს და ვგრძნობდი, გული საგულეში ჯდებოდა. სანამ ავტობუსში ჩავჯდებოდი, სანაპიროზე გავირე, მაგრამ იქ ყველაფერი­ უსიცოცხლოდ მომეჩვენა. ავტობუსში კი ტირილით გული ვიჯერე.

მხოლოდ აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა, რომ ენგურგაღმა მშობლიურ სოხუმში ვიყავი.

apxazet-3-1728977474.jpg

- წელს აფხაზეთში ჩასვლა და ბებია-ბაბუის ნეშტის გადმოსვენება თქვენმა ძმამ შეძლო. რა გიამბოთ იქიდან დაბრუნებულმა?

- როცა საყვარელი ადამიანის საფლავთან ვერ მიდიხარ, თუნდაც აღდგომას, ეს დიდი ტკივილია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამას მიხვდებიან მხოლოდ ისინი, ვინც ჩვენსავით ვერ მიდის ამდენი წელია ახლობლების საფლავებზე. დედას, ნათელა გულორდავას, ახალგაზრდა ნათესავის დაკრძალვაზე ინსულტი დაემართა და რომ გარდაიცვალა, თბილისში დავკრძალეთ. ძალიან ძნელია, როცა ოჯახის წევრების საფლავები გაფანტულია. მე და ჩემმა ძმამ მიზნად დავისახეთ ბებია-ბაბუის ნეშტის გადმოსვენება თბილისში, რათა ერთად გვქონოდა ყველას საფლავი. ჩემი ძმა დიდხანს ცდილობდა ამ საკითხის მოგვარებას და ამ ზაფხულს სოხუმელი მეგობრების დახმარებით მოახერხა მათი ნეშტების თბილისში გადმოსვენება. 31 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა სოხუმში მეგობართან ერთად. ეს იმდენად მძიმე იყო მისთვისაც, რომ ცრემლებს­ ვერ იკავებდა, ტყედ არის ქცეული სასაფლაოო. საფლავებს ძლივს მიაგნო, ჯერ დაასუფთავებინა იქაურობა და მერე ამოასვენა ნეშტები. ჯერ სამეგრელოში, წინაპრების საფლავზე, ბებიის დედისა და ძმის საფლავზე­ დავასვენეთ, სადაც ნათესავებმაც მიაგეს პატივი, გადავუხადეთ პარაკლისი და მერე საბურთალოს სასაფლაოზე დავკრძალეთ ნადე და ალე გულორდავები. ჩემი ძმა ჩვენს სახლშიც მივიდა, ქალაქშიც გაიარა, სანაპიროზეც, დაათვალიერა იქაურობა. ნახა ის ადგილები,­ რომლებიც ძალიან საყვარელია ყველა სოხუმელისთვის. ყველაზე ამაღელვებელი მისთვისაც ჩვენს ქუჩაზე მისვლა იყო, იქ, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გავატარეთ. თუ ჩემი ჩასვლის დროს გაპარტახებული იყო ჩვენი კარ-მიდამო და სახლის მხოლოდ კედლები იყო შემორჩენილი, ახლა ვიღაც გუდაუთელ აფხაზს სახლი წამოუჭიმავს. ახლა ის ცხოვრობს ჩვენს ეზოში.

აფხაზეთიდან დევნილი ხალხის ისტო­რიები ყოველთვის სევდიანია, ვერასდროს გადმოსცემს იმ ყოველდღიურ ტკივილს, რომელსაც განვიცდით. ვისურვებდი მალე დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ კუთხეს და ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით.