ლავროვის განცხადება - მორიგი ხაფანგი თუ შერიგების რეალური შანსი?!
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებაში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით. "რა ფორმით შეიძლება შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფისთვის... დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დასახმარებლად", - ბრძანა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გაიმართა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ "ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს ამ განცხადებას". მისი თქმით, ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს შერიგებას, რა თქმა უნდა, პოზიტიურია და კარგი იქნებოდა, განცხადების პარალელურად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები: "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შედგენაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა".
ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო განცხადების ფონზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა არის, რის გამოც კონსტიტუციაში ცვლილებაც იგეგმება, ლავროვის განცხადებამ და კალაძის პასუხმა დამატებითი კითხვები გააჩინა: არსებობს თუ არა ფარული მოლაპარაკება თბილისსა და მოსკოვს შორის? რა შეიძლება დათმოს საქართველომ და რამდენად სანდოა რუსეთი, რომ დანაპირები უკან არ წაიღოს?
მოსკოვის ხრიკები
ქართველი ექსპერტების თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მოტყუების, ღალატისა და "გადაგდების" ფაქტი ძალიან ბევრია, ყველაზე ტრაგიკული კი აფხაზეთთან დაკავშირებული 1993 წლის სოჭის ხელშეკრულებაა.
1992-1993 წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად საქართველომ რუსეთთან ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო. პირველი, 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ბორის ელცინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, რისი მიხედვითაც რუსეთს აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიის ძალები უნდა გაეყვანა, თუმცა შეთანხმებიდან ერთ თვეში, 2 ოქტომბერს, აფხაზებმა რუსებისა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დახმარებით გაგრა აიღეს. 1993 წლის 27 ივლისს რუსებთან დადებული სოჭის ხელშეკრულება კი საბედისწერო აღმოჩნდა - ხელშეკრულებით ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ, უნდა გასულიყვნენ ჩრდილოკავკასიური ძალებიც. ქართულმა მხარემ პირობა შეასრულა, მთელი შეიარაღება ფოთში გადაიტანა, სკოლებში სწავლაც დაიწყო, მაგრამ 16 სექტემბერს აფხაზებმა სოხუმზე შტურმი დაიწყეს, რასაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 1994 წლის თებერვალში იყო ასევე მაგალითი, როდესაც რუსეთმა მოგვატყუა: "რუსეთმა მოითხოვა, რომ აფხაზეთში რუსეთის "სამშვიდობო ძალები" ჩამდგარიყვნენ და სანაცვლოდ დევნილებს დააბრუნებდნენ. თებერვალში ელცინი თბილისში ჩამოვიდა, შევარდნაძემ და ელცინმა გაეროს ერთად მისწერეს წერილი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების ჩაყენება დაევალოს რუსეთს, რათა მათ უზრუნველყონ დევნილების დაბრუნება. ჩვენ პირობა შევასრულეთ, რუსეთმა სამშვიდობო ძალები დააყენა, მაგრამ დევნილები არ დააბრუნა. ვინც თავისით დაბრუნდა, საშინელი ეგზეკუცია მოუწყვეს, გალის რაიონში ჩვენს დევნილებს არბევდნენ, სახლებს უწვავდნენ. იქ ჩვენი პარტიზანები მუშაობდნენ და აფხაზებმა თქვეს, თუ დევნილები დაბრუნდებიან, პარტიზანული მოძრაობა უფრო გაძლიერდებაო. 1998 წელს იყო 6-დღიანი ომი, ამას დევნილების მეორედ გამოყრა მოჰყვა და აფხაზებმა თქვეს, ხომ ხედავთ, რა მოჰყვება დევნილების დაბრუნებასო. ფორმალურად რუსებს უთხრეს, თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი დაცვაო, ხოლო ჩვენ გვითხრეს, თქვენ დევნილების დაბრუნება კი არა, ომი გინდათ და ამას არ დავუშვებთო".
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გალში დევნილების დაბრუნების შესახებ 2003 წლის შეთანხმებას და შემდეგ რუსეთისგან კიდევ ერთ "გადაგდებას" იხსენებს: "2003 წლის მარტში სოჭში გაიმართა შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა, სადაც მათ გალის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე მოილაპარაკეს. აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია შეთანხმებას გარეთ ელოდებოდა და ბოლოს მხოლოდ 5 წუთით შეუშვეს ოთახში. ეს იყო რუსეთის მორიგი ვერაგული ნაბიჯი. პუტინმა გაითამაშა დევნილების დაბრუნება, მსოფლიოს აჩვენა, თანახმა ვართ დაბრუნებაზეო. 2008 წლის შემდეგ პუტინმა ერთხელ ისიც კი განაცხადა, აფხაზეთში დევნილები დაბრუნებულები არიან, მცირე ნაწილის გარდაო. 1990-იანი წლებიდან დღემდე გალის რაიონში ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ რუსულმა მხარემ ამას დევნილების დაბრუნება დაარქვა".
რას თმობდა სააკაშვილი...
2019 წლის აპრილში ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წლის ომამდე თანახმა იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ უარი ეთქვა ნატოს წევრობის ამბიციაზე, აშშ-სთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რუსული ბაზების დატოვებასა და აფხაზეთის დროებით გაყოფაზეც, თუმცა პუტინი ამ შეთავაზებებს სერიოზულად არ შეხვედრია. სააკაშვილმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა უფრო ადრეც - 2013 წლის ინტერვიუში "რუსთავი 2"-თან და თომა ჩაგელიშვილის ფილმში "აგვისტოს ომი".
"2008 წლის თებერვალში, როდესაც დსთ-ის სამიტის ფარგლებში პუტინს შევხვდით, ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ ნატოზე უარი ვთქვათ, მზად ვართ უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესის [მიღწევაში]. პუტინმა პასუხად თქვა, "ჩვენ უფლებამოსილება არა გვაქვს, რომ თქვენი ტერიტორიები თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე გავცვალოთ", - აღნიშნავს სააკაშვილი.
მისი განცხადებით, 2008 წლის ივნისში ახალარჩეულ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს აფხაზეთის დაყოფის გეგმაც კი შესთავაზა, რომლის თანახმადაც გალის და ოჩამჩირის რაიონები თბილისის კონტროლს დაექვემდებარებოდა, ხოლო ოჩამჩირის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები, სოხუმის ჩათვლით - რუსეთის დე ფაქტო კონტროლს. საქართველო რუსეთს სთავაზობდა სამშვიდობო ძალების გადაყვანას მდინარე ენგურიდან მდინარე კოდორამდე. ამ ტერიტორიაზე შეიქმნებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა ქართულ-აფხაზური შერეული ადმინისტრაციით, აღდგებოდა რკინიგზის ხაზი მოსკოვი-თბილისი-ერევანი, გაიხსნებოდა სოხუმის პორტი. რუსული ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა ამ წინადადებას ორ თვეში ომი მოჰყვა.
"რუსეთის ნდობა არ შეიძლება!"
მსგავსი ფარული შეთავაზებები იყო თუ არა შევარდნაძის დროს, საჯაროდ არ თქმულა, თუმცა როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, შევარდნაძის დროს იყო ოფიციალური დოკუმენტები კონფლიქტების მოგვარებაზე.
პაატა ზაქარეიშვილი: - შევარდნაძის დროს იყო სამი სერიოზული პროცესი დაწყებული: კერძოდ, 1995 წელს აფხაზეთთან ფედერაციულ მოწყობაზე. ეს დოკუმენტი გამოქვეყნებულიც მაქვს, სადაც მხარეები ადასტურებდნენ ძირითად მიღწევებს, თუმცა ბოლოს აფხაზებმა უარი თქვეს. შემდეგ, 1997 წელს, პრიმაკოვის მხარდაჭერით ვლადისლავ არძინბა ჩამოვიდა თბილისში და შეხვდა შევარდნაძეს. ორი ტერმინი იყო - საერთო სახელმწიფო და ერთიანი სახელმწიფო. აფხაზები მომხრე იყვნენ საერთო სახელმწიფოზე, ხოლო შევარდნაძე - ერთიანზე. ამიტომ შეთანხმება ვერ შედგა. მოლაპარაკება მიმდინარეობდა ოსურ მხარესთან - არსებობდა ე.წ. ბადენის დოკუმენტი, შეთანხმება მიღწეული იყო ფედერაციულ მოწყობაზე, დოკუმენტი პარაფირებულიც იყო, მაგრამ 2001 წელს კოკოითი მოვიდა დე ფაქტო ხელისუფლებაში, შემდეგ პუტინი მოვიდა რუსეთში, საქართველოში - სააკაშვილი და ეს თემა მიიჩქმალა. 2004 წლიდან კი რუსეთი ცდილობდა ჩვენს ჩათრევას ესკალაციაში და ნელ-ნელა მიგვიყვანა 2008 წლამდე...
ახლა რაც ლავროვმა თქვა, ამას რუსეთი რეგულარულად ამბობს და ამას ქართული მხარე არასდროს პასუხობდა. რუსეთი ცდილობს თავისი აღიარება საქართველოს აჰკიდოს და საქართველომ ეს მიიღო. კალაძეს უნდა ეთქვა, რომ რუსეთი შუამავალი ვერ იქნება, რადგან ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ის დაინტერესებული მხარეა. ლავროვს შეეძლო ნეიტრალური ტერმინი გამოეყენებინა და ქვეყნების შერიგების ნაცვლად ეთქვა, რომ ხალხების შერიგებას შეუწყობს ხელს, მაგრამ არ უთქვამს. რუსეთის ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!
"ლავროვს ახალი არაფერი უთქვამს"
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - ლავროვმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია და ვინც ამას ხაზს გადაუსვამს, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ლავროვს ახალი არაფერი უთქვამს, რუსეთს ჟენევაშიც იგივე პოზა უჭირავს, მე რა შუაში ვარ კონფლიქტში, შუამავალი ვარ და შერიგებაში დაგეხმარებითო. ამიტომაც მთავრდება ყველა რაუნდი უშედეგოდ. სოხუმის დაცემამდე წინა დღეებში გამოაცხადა შევარდნაძემ, შევალთ დსთ-ში და შეწყვიტეთ შტურმიო. ეს იყო შევარდნაძის ბოლო განწირული ცდა, რომ სოხუმი გადაერჩინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ დეკემბერში პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა, მაგრამ არც ამის შემდეგ შეცვლილა რამე...
"სერიოზული საუბარი იწყება"
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე \ჯემალ გამახარია შევარდნაძის დროინდელ ერთ კულუარულ შეთავაზებაზე საუბრობს: "ეს ოფიციალურად არ ყოფილა და არც გამოქვეყნებულა, მაგრამ შევარდნაძის დროს, 1995-96 წლებში, ქართული მხრიდან იყო მცდელობა დიდი ფულის სანაცვლოდ გარიგებისთვის, რათა დაბრუნებულიყო აფხაზეთის გარკვეული ნაწილი, რაც ჩაიშალა. ვინც მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, მზად არ არიან საჯაროდ ლაპარაკისთვის...
ახლა ლავროვის ეს განცხადება ადრინდელი განცხადებებისგან განსხვავებულია. მნიშვნელოვანია მისი სიტყვები, თუ რა სახით და რა ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება. ეს ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონო. ის უშვებს შესაძლებლობას, რომ ურთიერთობის ფორმა, რომელიც დღეს არსებობს, შეიძლება შეიცვალოს. სწორედ ამ აქცენტის გამო ვაფასებ ამ განცხადებას დადებითად. შესამჩნევია, რომ ყინული ლხვება და სერიოზული საუბარი იწყება. მეტს არც ველოდით და არც უნდა ველოდოთ რუსეთისგან, რომელსაც "ელჩები" ჰყავს სოხუმსა და ცხინვალში, ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები. საქართველოს ხელისუფლებაც ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან სერიოზული საუბარი ამ თემაზე შესაძლებელია, თუ ის გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული რეგიონიდან. რუსეთის დაპირებებისა და მასთან დადებული ხელშეკრულებების ფასი ვიცით, მაგრამ საბოლოოდ, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა გადაწყდება, ეს მოხდება რუსეთთან მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების გაფორმების გზით. თუ რუსეთი ისეთ განცხადებას აკეთებს, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდო, რაც შემდგომში მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, ეს უნდა გავაკეთოთ. რაც მთავარია, პროცესი დაწყებულია... იმის თქმა, რუსეთი სულ გვატყუებდა და ამიტომ მასთან არანაირ ხელშეკრულებას არ დავდებთო, ეს იქნება უარის თქმა აფხაზეთსა და ცხინვალზე.
"ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ნაბიჯები იდგმება"
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - რუსეთის ღიად განცხადებების მიღმა არის ცდა იმისა, მსოფლიოს უთხრას, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ კონფლიქტების შექმნა, არამედ მოგვარებაც და აპირებს რაღაცის გაკეთებას. ეს არის ერთადერთი პოზიტიური. თუმცა ის ფორმულა, რასაც რბილად ამბობს ლავროვი, და რაც აქტიურად გააჟღერა დუმის დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის ზატულინმაც, აბსოლუტურად მიუღებელია და გულისხმობს საქართველოს კონფედერაციულ მოწყობას, რაშიც ჩადებულია დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტების ერთობა, რომლებსაც შეუძლიათ ექსტრემალურ სიტუაციაში უარი თქვან ამ ერთობაზე და გავიდნენ კონფედერაციული კავშირიდან. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იძულებული იქნება აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და მერე უკვე კონფედერაციულ მოწყობაზე იზრუნოს. ეს ქართული მხარისთვის მიუღებელია და ვერც ერთი ქართული პოლიტიკური ჯგუფი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს - ეს პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. მოსკოვში კარგად იციან, რომ საქართველო კონფედერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუმცა სინამდვილეში სხვა კონტექსტი და მოლაპარაკების სხვა ფორმატი არსებობს. შეიძლება იქ ბაზების დატოვებაზეა ლაპარაკი, ან სხვა თემებიცაა.
"ვარდების რევოლუციის" პერიოდში, როდესაც იგორ ივანოვი თბილისში იყო ჩამოსული, შევარდნაძესთან კერძო შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხის მოგვარება შესთავაზა კონფედერაციის ფორმატით და ამასთან, ოჩამჩირის პორტის ხანგრძლივი არენდით გადაცემა მოითხოვა. შევარდნაძემ უთხრა, რომ იფიქრებდა და მას შემდეგ, რაც ივანოვი ბათუმში გაემგზავრა, შევარდნაძესთან მივიდა აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი და თქვა, რომ რუსეთის ამგვარი წინადადების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. პირველ რიგში ოჩამჩირის პორტის თემა იყო მიუღებელი. დიდი ალბათობით, ახლაც ამაზე იქნება ლაპარაკი - ოჩამჩირის პორტსა და კონფედერაციაზე. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რომ ნაბიჯები იდგმება, ფაქტია, მაგრამ რამდენად მისაღები ფორმულა იქნება, არ ვიცით. მთავარი კითხვაა, რამდენად სანდო იქნება რუსეთის დაპირება. რუსეთის შესრულებული პირობა იშვიათად მინახავს ქართულ-რუსული ურთიერთობის განმავლობაში.
ეკატერინე ბასილაია