„ჯერჯერობით, არა მგონია, რამე ისეთი მქონდეს გაკეთებული, რომ მამასგან საყვედური მიმეღო“ - კვირის პალიტრა

„ჯერჯერობით, არა მგონია, რამე ისეთი მქონდეს გაკეთებული, რომ მამასგან საყვედური მიმეღო“

თითქმის 50 წელია სცენაზეა. ხან ორკესტრს დირიჟორობს, ხან ფორტეპიანოზე უკრავს და მღერის ჯანსუღ კახიძის ან საკუთარ სიმღერებს. ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი,­ სიმფონიური, კამერული, საგუნდო და ვოკალური ნაწარმოებების ავტორი, კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკის კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე 65 წლის გახდა. გაზეთი "კვირის პალიტრა" დიდი სიყვარულით ულოცავს მაესტროს იუბილეს და კიდევ ბევრი ნაწარმოების შექმნას უსურვებს.

- მამაჩემის სიმღერაში რომ არის, "თმაში ჭაღარა შემომერია", აი, ეგ მომენტია მხოლოდ. მეტრიკით ასეა, შეგრძნებებით კი არაფერი იცვლება. თუ შეგიძლია კრიტიკულად შეხედო შენს შემოქმედებას, მაშინ კარგია. თუ ამდენი წლის მერე კიდევ მოგეწონა, ესე იგი, მართლა რაღაც ღირებული შეგიქმნია. ხშირად არ ვასრულებ ჩემს ნაწარმოებებს. არ მინდა ისე გამოიყურებოდეს, რომ ორკესტრის ხელმძღვანელი­­ ვარ და დღედაღამ ჩემს მუსიკას ვასრულებ. თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები ძალიან კარგად არის ჩაწერილი, ზოგი ჩვენი­ ორკესტრის, ზოგიც სხვა ორკესტრის შესრულებით. ყოველ წელს იმდენი რამეა სადირიჟორო, სასწავლი და ხალხისთვის შესათავაზებელი, რომ ჩემი ნაწარმოებების ციკლები მსმენელს ხშირად შევთავაზო, არ იქნება სწორი!

- კმაყოფილი ხართ დღევანდელი კონცერტით?

- პირველ განყოფილებაში შესრულებული IMemoriam ანუ "ხსოვნა", ბაბუაჩემის, ივანე კახიძის ხსოვნას მიეძღვნა. 1978 წელს დაიწერა, მაშინ 19 წლის ვიყავი. "მთვარის ცეკვების" პრემიერაც 30 წლის წინ პარიზში შედგა. სულ არ ჰგავს ჩემს მუსიკას, ცოტა სხვა ტექნიკით გავაკეთე. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, კარგად შესრულდა ყველა ნაწარმოები.

- 65 წლის გადასახედიდან როგორ შეაფასებთ განვლილ ცხოვრებას?

- აუცილებელი იყო ყოველივე იმის გავლა, რაც გავიარე. ხანდახან უფრო მხიარულად ხარ, ხანდახან ნაღვლიანად. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ მამაჩემის სიკვდილის მერე იმდენი რამის ზიდვამ მომიწია ცენტრში, თუნდაც საორგანიზაციო საქმეების, როგორც კომპოზიტორს 17-18 წელი გამიცდა. კი, ძალიან ბევრი სპექტაკლი გავაკეთე, დავწერე მუსიკა კინოსთვისაც, მაგრამ კლასიკური ნაწარმოების საწერად დრო არ მქონდა. ფაქტობრივად, "რეკვიემი" იყო პირველი, რაც დავწერე, პანდემიამ მიშველა, თორემ მაგასაც ვერ დავწერდი. სამაგიეროდ ახლა სულ ვწერ.

- წარმატება რა არის? მსმენელის აპლოდისმენტები?

- პირველ რიგში კრიტერიუმი ჩემი თავია. არა ვარ ისეთი თვითკმაყოფილი, რომ მხოლოდ ტაში დამიკრან და მითხრან, კარგი იყო ყველაფერიო. სულ ვეძებ იმას, რამდენად შევძელი ამა თუ იმ ნაწარმოებში ჩემი თავის რეალიზაცია და იმის მიღწევა, რაც ჩაფიქრებული მქონდა.

- მუსიკოსი რომ არ ყოფილიყავით?

- ვიქნებოდი ბევრ ისეთ დარგში, რომელიც დაკავშირებულია დისციპლინასთან. მაგალითად, ვიქნებოდი ექიმი. მიყვარს ციფრებიც, იმიტომ, რომ ყველაზე­ ახლოსაა მუსიკასთან. დღეს ხელოვანის ცხოვრებაში ძალიან არის შემოსული ბიზნესი, ვგულისხმობ დაკვეთას. თუ მოწესრიგებული არა ხარ, თუ ვერ ახერხებ დროის სწორად განაწილებას, შეკვეთას ვერ შეასრულებ. რაც თავი მახსოვს, სულ საათს ვუყურებ, აი, ამ საათზე ის მოვა, ამ დროს იმას უნდა შეხვდე. ბევრს ჰგონია, ძალიან ბრაზიანი ვარ და მძიმე ხასიათის, მაგრამ როგორც კი კონტაქტში შევალთ, ხან ეცვლებათ აზრი ჩემზე, ხან არა. ერთი რამ ზუსტად ვიცი - თუ იმ ადამიანს, ასეთივე დამოკიდებულება არა აქვს დისციპლინის და დროის მიმართ, აღარ მაინტერესებს ურთიერთობა. მძიმე კი არა, უბრალოდ, მომთხოვნი ვარ, თორემ ჩემს ძმაკაცებს ჰკითხეთ ერთი, როგორი "მძიმე ვარ".

- 24 საათი ვინმესთან რომ ყოფილიყავით, ვის აირჩევდით?

- ალბათ, ბახს. თუ, რა თქმა უნდა, თვითონაც მოინდომებდა. მე რა უნდა მომეყოლა მისთვის, შეიძლება მეამბა, თუ როგორ განვითარდა მუსიკა მისი გარდაცვალების მერე.

- მუსიკის წერას როგორ იწყებთ?

- თუ მივედი იმ მომენტამდე, რომ დავიწყე წერა, მერე აღარაფერი არსებობს, რაც ჩემ გარშემო ხდება.

111-1728234168.jpg

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რამდენად აისახა თქვენზე.

- ყოველთვის და ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ ერთადერთი რამ მშველოდა - ორკესტრის პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ ორკესტრს გავლილი აქვს 90-იანი წლები, 2000-იანი წლების დასაწყისი, პალტოებში, ხელთათმანებით დაკვრა, რემონტი, უდარბაზობა, მამაჩემის გარდაცვალება და ასე შემდეგ. ერთადერთი საშუალება ამის გადასალახავად საქმის კეთება იყო და არის. ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყანას უნდა ჰყავდეს ღირსეული ორკესტრი, ოპერის თეატრი, სახელმწიფო თეატრები... კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გეზი გვაქვს აღებული ევროპისკენ, სადაც დიდ პატივს სცემენ ჩვენს საოცარ მემკვიდრეობას\...

- როგორია თქვენი ცხოვრება მუსიკის მიღმა?

- სულ მაინტერესებდა ასტროლოგია, პლანეტების მდგომარეობა და მათი ცვლა. ძალიან საინტერესო ასტროლოგ ცოლ-ქმარს ვიცნობდი და შეგირდობა ვთხოვე.­ სერიოზულად ვსწავლობდი... მაგალითად, მთვარე ყველაზე ხშირად ცვალებადი პლანეტაა. ყოველ ორ-სამ დღეში სხვადასხვა­ ნიშანში გადადის და ეს ძალიან მოქმედებს ადამიანის ხასიათზე... რატომ დამაინტერესა ამ ყველაფერმა? იმიტომ, რომ ერთ დღეს წერ მუსიკას, მეორე დღეს ვერ წერ, მერე შეიძლება ერთი კვირა ან ნახევარი წელი ვერაფერი დაწერო. რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს ამას? მე ამაში ვიპოვე ახსნა. ანოტაციაში მიწერია, რომ მე მთვარე გამოვიწვიე საცეკვაოდ! "მთვარის ცეკვები" დაწერილია ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის.

- ყველაზე გარდამტეხი მომენტი თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა იყო?

- 1989 წელი, როდესაც დაიდგა ბალეტი "ამორძალები". აი, ამ ბალეტის მუსიკაში ვიპოვე საბოლოოდ ჩემი ხელწერა. 1994 წლიდან დავიწყე მუშაობა ცენტრში, ვინაიდან მამა ბევრს მოგზაურობდა, ამიტომ ერთმანეთს ვცვლიდით. ბევრი მუშაობა მიწევდა ორკესტრთან ჩაწერებზე, პროდუქციის შექმნაზე. ბევრი იყო მენეჯერული სამუშაოც, პარალელურად კი მაინც კომპოზიტორის ცხოვრებით ვცხოვრობდი.

- ყველაზე მეტად ვინ გაკლიათ?

- მამა, რომელსაც ძალიან ბევრ რამეს ვკითხავდი. მიუხედავად იმისა, წლები­ და გამოცდილება მომემატა, მაინც უამრავი­ კითხვა მიჩნდება. ჯერჯერობით, არა მგონია, რამე ისეთი მქონდეს გაკეთებული, რომ მამასგან საყვედური მიმეღო. მე კომპოზიტორი ვიყავი, ის - დირიჟორი, რომელიც მუსიკასაც წერდა. ამიტომ პირველადი პროფესიები კონფლიქტში არ შედიოდა.

- ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, რას შეცვლიდით?

- შევეცდებოდი არ დამეშვა რამდენიმე შეცდომა, რასაც ვნანობ.

რუსუდან შაიშმელაშვილი