DIDDY-ს დიდი სკანდალი - კვირის პალიტრა

DIDDY-ს დიდი სკანდალი

ბოლო რამდენიმე კვირაა საერთაშორისო მედია რეპერ შონ კომბსის, იგივე­ Diddy / Puff Daddy-ის დაპატიმრებას ინტენსიურად აშუქებს. CNN-ის ინფორმაციით, გავლენიანი რეპერი და პროდიუსერი 16 სექტემბერს მანჰეტენზე, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოძიებათა სამსახურმა დააკავა. შონ კომბსს ბრალად ედება სექსტრეფიკინგი, რეკეტი, ქალების იძულებით პროსტიტუციაში ჩათრევა, საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადაყვანა პროსტიტუციაში­ ჩართვის მიზნით... ორსაათიან სასამართლო მოსმენაზე შონ კომბსმა მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: "უდანაშაულო ვარ". დამნაშავეა თუ არა, სასამართლო დაადგენს, მანამდე კი არ წყდება საჩივრების შეტანა, ყველაზე ხშირი ბრალდება­ გაუპატიურება და ძალის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების მიღებაა. ვინ არის შონ კომბსი? როგორ მიაღწია წარმატებას ერთმა ჩვეულებრივმა ბიჭმა­ და რას ედავებიან მას დაზარალებულები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გამოცემა BBC-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით შევეცადეთ.

ნარკომოვაჭრე მამა

შონ ჯონ კომბსი, იგივე პაფ დედი, ჰარლემში დაიბადა. დედა მასწავლებლის თანაშემწე იყო, მამა კი ამერიკის საჰაერო­ ძალებში მსახურობდა, მოგვიანებით კი მისი სახელი ნარკოტიკებით მოვაჭრე ფრანკ ლუკასთან იყო ასოცირებული, რომელიც­ რიდლი სკოტის ფილმის - "ამერიკელი განგსტერი" - შთაგონების წყარო გახდა.­ 1972 წელს შონ კომბსის მამა სასიკვდილოდ­ დაჭრეს მის მანქანაში, როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობდა. კომბსი მაშინ 2 წლის იყო. ის დედამ გაზარდა. ბიჭი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა - უყვარდა რეპი და თამაშობდა ფეხბურთს სკოლის გუნდში. დედის დასახმარებლად, რომელიც რამდენიმე ადგილას მუშაობდა შონისა და მისი დის, კეიშას უზრუნველყოფისთვის, შონმა პატარა ასაკში დაიწყო სამუშაოს ძებნა, ის 6 სხვადასხვა გამოცემასთან თანამშრომლობდა და პრესის დარიგება­ ევალებოდა. ასე გაგრძელდა, სანამ ჰოვარდის უნივერსიტეტში არ ჩააბარა ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე.

the-notorious-bi-1728235846.G.jpg

ტრაგედია წვეულების ნაცვლად

უნივერსიტეტში შონმა სახელი გაითქვა­ მდიდრული წვეულებების გამართვით. სწორედ იმხანად მიიქცია ხმის ჩამწერი­ სტუდიის დამფუძნებელ ანდრე ჰარელის­ ყურა­დღება, რომელმაც სტაჟიორად მიიღო.­ 1991 წელს ნიუ-იორკის კოლეჯში­ ტრაგედია დატ­რიალდა: შონ კომბსმა კალათბურთის­ თამაშისა და კონცერტის ორგანიზატორობა ითავა. დარბაზს, რომელიც­ 2 730 კაცზე­ იყო გათვლილი, 5 000 მაყურებელი მიაწყდა, და ჭყლეტაში 9 კაცი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. ნიუ-იორკის მერიამ გამოძიება­ დაიწყო და შონს ბრალი დასდეს გამოუცდელი უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლების აყვანაში, თუმცა ადვოკატებმა იმდენი ქნეს, რომ მაშინ ჯერ კიდევ უცნობ რეპერს ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ააცილეს. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, მაგრამ დაზარალებულების ოჯახებმა საჩივარი შეიტანეს ორგანიზატორების, კოლეჯისა და ქალაქის მერიის წინააღმდეგ და მათ დაუდევრობაში ადანაშაულებდნენ. შონ კომბსმა 750.000 დოლარის სანაცვლოდ სასამართლოსთან პრობლემები მოაგვარა.

pac-e1621485082232-1728235846.jpeg

"ნოტარიუს ბი აი ჯისა" და თუ ფაქ შაქურის დღემდე გამოუძიებელი მკვლელობები

1990-იანების დასაწყისში შონ კომბსმა ახალგაზრდა ბრუკლინელ რეპერ ქრისტოფერ უოლესთან, იგივე "ნოტარიუს ბი აი ჯისთან" დაიწყო თანამშრომლობა. იმხანად­ ურთიერთობა დაეძაბა ანდრე ჰარელთან, რომელმაც სამსახურიდან გაათავისუფლა კომბსი და უსამსახუროდ დარჩენილმა რეპერმა გადაწყვიტა კომპანია Bad Boy Records-ის შექმნა, სადაც "ნოტარიუს ბი აი ჯისთან" ერთად დაიწყო ახალი მუსიკალური ინდუსტრიის აშენება. პირველივე სადებიუტო ალბომმა იმდენად დიდი პოპულარობა მოუტანა, რომ მილიონობით ჩანაწერი გაიყიდა. 1990-იანი წლების პოპულარული სიმღერები სწორედ შონ კომბსის "ბედ ბოი რეკორდსის" ნაწარმია. 1997 წლის მარტში­ 24 წლის "ნოტარიუს ბი აი ჯი" მანქანაში ჩაცხრილეს. მისი მკვლელობის­ საქმე დღემდე გამოუძიებელია, თუმცა უკავშირებენ ჰიპ-ჰოპ მომღერლების დაპირისპირებას... ბედის ირონიაა, რომ "ნოტარიუს ბი აი ჯი" ზუსტად ერთი კვირით ადრე მოკლეს, სანამ მისი ახალი ალბომი "ცხოვრება სიკვდილის შემდეგ"­ გამოვიდოდა. შონ კომბსმა ცნობილი სიმღერა I’ll Be Missing You "ნოტარიუს ბი აი ჯის" მიუძღვნა. ის 1997 წელს და მომდევნო წლებშიც ისეთი პოპულარული გახლდათ, რომ მის სადებიუტო ალბომში შევიდა, ალბომი კი მთელ მსოფლიოში 7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა...

საგულისხმოა, რომ "ნოტარიუს ბი აი ჯის" მკვლელობას 6 თვით ადრე თუ ფაქ შაქურის მკვლელობა უსწრებდა წინ...

1996 წლის 7 სექტემბერს თუ ფაქ შაქური თავის მენეჯერ შუგ ნაითთან ერთად ლას-ვეგასში MGM Grand-ში დაესწრო მაიკ ტაისონისა და ბრუს სელდონის მატჩს. ამის­ შემდეგ სასტუმროს ლობიში ნაითის ნაცნობმა პირმა შენიშნა, როგორ მიუახლოვდა რეპერს ორნალდო (Baby Lane) ანდერსონი, რომელთანაც საუბრის დროს შელაპარაკება მოუვიდა და რეპერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი სასტუმროს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. შემდეგ თუ ფაქი ნაითთან ერთად ღამის კლუბისკენ გაემართა. ღამის 11 საათი იქნებოდა, როდესაც ლას-ვეგასის პოლიციამ მისი მანქანა გააჩერა ხმამაღალი მუსიკის გამო, მანქანას ნომრები მოხსნილი­ ჰქონდა და საბარგულში იდო. პოლიციამ თუ ფაქი გაუშვა, ხოლო 15 წუთის შემდეგ შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას გვერდში ამოუდგა კადილაკი, საიდანაც შაქურს ოთხჯერ ესროლეს... რეპერის პირადი მცველი ფრენკ ალექსანდრე იმ წუთებში მასთან არ იმყოფებოდა, რადგან დავალებული ჰქონდა თუ ფაქის შეყვარებულის მანქანის მართვა. 1996 წლის 13 სექტემბერს თუ ფაქი ნევადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ორნალდო ანდერსონს, ის ორი წლის შემდეგ ნარკოგარჩევების დროს მოკლეს...

თავდაპირველად ორნალდო ანდრესონი­ თუ ფაქის მკვლელობის მთავარ ეჭვმიტანილად ითვლებოდა, თუმცა გამოძი­ებამ მას ბრალი ვერ დაუდგინა... 2023 წლის 29 სექტემბერს დააკავეს დუან (Keefe D)­ დევისი, ორლანდო ანდერსონის ბიძა, ადამიანი,­ რომელიც ეჭვმიტანილი იყო თუ ფაქის მკვლელობაში. წარსულში არაერთხელ ნასამართლევი დუეინ დევისი­ ლოს-ანჯელესის კრიმინალური ბანდის, South Side Crips-ის ერთ-ერთი ლიდერი და ნარკომოვაჭრე იყო.

2024 წლის სექტემბერში, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია შონ კომბსის დაკავების შესახებ, საერთაშორისო მედია აქტიურად ალაპარაკდა რეპერ თუ ფაქის მკვლელობაში კომბსის მონაწილეობაზე. ერთი ვერსიით, ფედერალური აგენტები, რომლებიც კომბსის საქმეს იძიებენ, თანამშრომლობენ იმ პროკურორთან, რომელიც დღემდე იძიებს თუ ფაქ შაქურის საქმეს. პოლიციის ფაილებში ინახება ინფორმაცია, სადაც ის აცხადებს,­ რომ შონ კომბსმა მილიონი დოლარი შესთავაზა თუ ფაქის მკვლელობისთვის. როგორც ცნობილია, ამ საქმის გამოძიება კვლავ მიდის.

რეპერ ემინემის სიმღერა Fuel - Shady Edition­-ის­ ტექსტში, რომელიც სექტემბერში გამოვიდა, პირდაპირ არის დადანაშაულებული შონ კომბსი თუ ფაქისა და "ნოტარიუს ბი აი ჯის" მკვლელობაში.

2222-1728235847.jpg

შონ კომბსი და ჯენიფერ ლოპესი

ჰიპ-ჰოპის ინდუსტრიაში კომპანია Bad Boy Records-ი ყველაზე გავლენიანი­ გახდა­, მათთან თანამშრომლობა ჯენიფერ ლოპესმა და მერაია ქერიმ დაიწყეს. იმავდროულად, კომპანიის დამფუძნებელს მართლმსაჯულებასთან პრობლემები ჰქონდა. 1999 წლის მაისში კომბსი დააპატიმრეს, მას ბრალად ედებოდა "ინტერსკოპ რეკორდსის" აღმასრულებელ დირექტორ სტივ სტოუტზე თავდასხმა, რომელთანაც უთანხმოება მოუვიდა მუსიკალური კლიპის გამო. იმავე წლის ბოლოს მას ბრალად წაუყენეს იარაღის უკანონო ტარება და შენახვა. პოლიციამ შონის მანქანაში იარაღი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც კლუბში შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, ადმინისტრაციამ კი პოლიცია გამოიძახა. შონ კომბსი და მისი მაშინდელი შეყვარებული ჯენიფერ ლოპესი დააკავეს. მოგვიანებით კომბსი გაამართლეს, ლოპესს კი ბრალდება არ წაუყენეს.

შონ კომბსისგან განაწყენებულთა რიცხვი მის პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა. 2003 წელს "ბედ ბოი რეკორდსის" ყოფილმა პრეზიდენტმა კირკ ბეროუზმა­ სარჩელი შეიტანა შონის წინააღმდეგ, მას ბრალს სდებდა ბეისბოლის ბიტით ცემაში, ასევე ძალადობრივად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ფასიანი ქაღალდების ხელმოწერაში. როგორც სარჩელში იყო ნათქვამი, კომბსმა აიძულა 2001 წელს მუსიკალური მენეჯერი მერი ჯეი ბლაიჯი შეეცვალა. ყოველივე ზემოთ თქმულს შონ კომბსმა "სრული ფანტაზია" უწოდა. 2006 წელს სააპელაციო სასამართლომ გამოძიება შეწყვიტა, მიზეზად კი საქმის ხანდაზმულობა დასახელდა. სამართალმა ამჯერადაც ვერ იზეიმა.

shon-kombsi-da-kasi-ventura-1728235846.jpg

კესი ვენტურას შურისძიება

მსახიობის, მომღერლისა და მოცეკვავე კესი ვენტურასა და შონ კომბსის ურთიერთობა 2005-დან 2018 წლამდე გაგრ­ძელდა. 2005 წელს 20 წლის მომღერა­ლს კომბსმა­ ერთ ღამის კლუბში­ მოუსმინა­ და მაშინვე დაიწყო მისი დარწმუ­ნება ეთანამშრო­მლა "ბედ ბოი რეკორდსთან"... 2023 წლის დეკემბერში­ სასამართლოში შეტანილ ვენტურას სარჩელში ნათქვამი იყო, რომ კომბსი იყენებდა თავის ძალაუფლებას იძულებითი­ სექსუალური ურთიერთო­ბებისთვის, რომ გამუდმებით სცემდა. \ვენტურა ამბობდა, რომ ასევე იყო თვითმხილველი კომბსის მიერ სხვადასხვა ადამიანზე სექსუალური ძალადობისა და რომ მის უახლოეს გარემოცვას არასდროს შეუჩერებია შონი. სარჩელის საპასუხოდ ვენტურა შეყვარებულმა გამომძალველობაში დაადანაშაულა და ყველა ბრალდება უარყო. სარჩელის შეტანიდან მეორე დღესვე კომბსის­ ადვოკატმა, როგორც თავად განაცხადა, "პრობლემის მოგვარება" დაიწყო­. მოგვიანებით, როდესაც ვენტურამ სარჩელი უკან გაიტანა, საზოგადოება მიხვდა, თუ რას გულისხმობდა შონ კომბსის ადვოკატი. 2024 წლის მაისში "სი-ენ-ენმა" გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2016 წლით თარიღდება, სადაც გარკვევით ჩანს, როგორ ძალადობს შონი კესი ვენტურაზე, ძირს დავარდნილ ქალს როგორ ურტყამს გამეტებით.

იმავე კვირაში, როდესაც კესი ვენტურამ შეიტანა სარჩელი, კიდევ ორმა ქალმა­ უჩივლა კომბსს.

საჩივარში ჯოი დიკენსონ-ნილი წერდა, რომ 1991 წელს, როდესაც ის კოლეჯის სტუდენტი იყო, კომბსმა­ ჯერ ნარკოტიკი მიაღებინა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა, ფაქტი კი ვიდეოკამერით გადაიღო და მისი თანხმობის გარეშე გაავრცელა. მესამე საჩივარში, რომელიც ლიზა გარდნერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ შონ კომბსმა 1990-იანების დასაწყისში ქალზე ჯერ სექსუალურად იძალადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი იმდენად ძლიერად წაუჭირა ყელში ხელები, რომ მან გონება დაკარგა.

შონ კომბსმა ყველა ბრალდება უარყო, მისმა ადვოკატმა კი შესულ საჩივრებს "ფულის გამოძალვის მცდელობა" უწოდა.

2023 წლის დეკემბერში სასამართლოში მეოთხე საჩივარი შევიდა, დაზარალებული ქალი ჰყვებოდა, რომ 17 წლის ასაკში მასზე ჯგუფურად იძალადეს შონ კომბსმა, "ბედ ბოი რეკორდსის" ყოფილმა დირექტორმა ჰარვი პიერმა და კიდევ ერთმა მამაკაცმა, ძალადობას კი წინ უძღოდა­ დიდი რაოდენობით ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღება მისი ნების საწინააღმდეგოდ... 2024 წლის თებერვალში პროდიუსერმა როდნი ჯონს-უმცროსმა, რომელმაც თჰე Lოვე Aლბუმ-ზე იმუშავა კომბსთან ერთად, მომღერალი ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც ამ მეხუთე საჩივარში წერია, რეპერმა აიძულა როდნი ჯონსი დაექირავებინა მეძავები და ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური აქტი დაემყარებინა მათთან, რომ კომბსი არწმუნებდა ჯონსს, ჰქონოდა სექსუალური კავშირი მამაკაცთან და ეს "მუსიკალურ ინდუსტრიაში ნორმად ითვლებოდა".

son-kombsi-da-jastin-biberi-1-1728235846.jpg

"წვეულება დილეგში"

ორშაბათი, 16 სექტემბერი, ნიუ-იორკის სასტუმრო. შონ კომბსი დააკავეს. მას ბრალად ედება სექსტრეფიკინგი, რეკეტი, ქალების იძულებით პროსტიტუციაში ჩათრევა,­ საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით. ბრალდებაში წერია, რომ ის აწყობდა ღონისძიებებს სახელწოდებით Freak Off, სადაც აიძულებდა ქალებს დაემყარებინათ კონტაქტი კომერციულ სექსმუშაკებ­თან, ყოველივეს კი თავად იღებდა. დეტალურად არის აღწერილი ქალებზე ძალადობის ფაქტები. შონ კომბსის გიგანტური ბიზნესიმპერია დანაშაულებრივ საწარმოდ იქცა. მოსამართლემ შეთავაზებულ გირაოზე, 50 მილიონ დოლარზე, უარი განაცხადა და რეპერი პატიმრობაში დატოვეს.

24 სექტემბერს კომბსს კიდევ ერთმა ქალმა უჩივლა. რიგით მეექვსე საჩივარში წერია, რომ რეპერი ქალს აიძულებდა ნარკოტიკის მიღებას და მასზე სექსუალურად ძალადობდა, თან ვიდეოს იღებდა. კომბსის დაჭერის შემდეგ არაერთმა დაზარალებულმა ამოიღო ხმა, მათ შორის პროდიუსერმა ლილ როდიმაც. 73-გვერდიან სარჩელში ის ძალადობის დეტალებს­ აქვეყნებს და ამბობს, რომ "დიდი ტრაბახობდა, რომ მას ცნობილ მომღერლებთან ჰქონდა სექსუალური კავშირი".

გაიხსენეს არაე­რთი­ ვიდეოც, მათ შორის ის, სადაც რეპერი­ აშერი კომბსს 48 საათით გადასცემს ცნობილ მომღერალ ჯასტინ ბიბერს. ეს გულისხმობს, რომ რეპერი 15 წლის ჯასტინთან გაატარებს ორ დღეს. რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში, გამოძიება დაადგენს. ისიც ფაქტია, რომ ჯასტინ ბიბერის მენტალური მდგომარეობა მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია. თავად მომღერალიც ხშირად საუბრობს დეპრესიაზე, შფოთვებსა და შიშებზე...

დაკავების შემდეგ კომბსმა გირაოდ პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. კომბსი ახლა Metropolitan Detention Center დაკავების იზოლატორშია, რომელიც სისასტიკითაა სახელგანთქმული.

f3c09929-ce48-4b47-b294-15ca184ba6f7-1728235846.jpg

„თეთრი წვეულებები“

"თეთრ წვეულებებს" შონ კომბსი 1998 წლის სექტემბრიდან წელიწადში ერთხელ მართავდა. ამ წვეულებებს ესწრებოდნენ როგორც "სელებრითები", ასევე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები... თუმცა წვეულებას ჰქონდა ორი - ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილი. დღეს მედია აქტიურად ალაპარაკდა, რა ხდებოდა სწორედ არაოფიციალურ ნაწილზე. გავრცელებული ინფორმაციით, კომბსი სტუმრებს სასმელში ნარკოტიკს უყრიდა­ მათზე კონტროლის დასამყარებლად, იმ ამბებს კი, რაც არაოფიციალურ წვეულებებზე ხდებოდა, ვიდეოფირზე ასახავდა მომავალში დაშანტაჟების მიზნით. იმ ვარსკვლავების გასაჩუმებლად, რომლებიც რეპერის სასტიკ წვეულებებს ესწრებოდნენ, კომბსს თავისი მეთოდები ჰქონდა...

რეპერის ახლო გარემოცვად ითვლებიან მომღერალი­ ჯეი ზი და ბიონსე. კომბსის დაკავების შემდეგ ჯეი ზიმ სოცქსელში 4 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა, არ წყდება უარყოფითი კომენტარები ბიონსეს მისამართითაც. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი "თეთრი წვეულების" ხშირი სტუმარი იყო და ისინი კომბსის თანამზრახველებად მიიჩნევენ. მედია "თეთრ წვეულებებში" კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსისა და მომღერალ უილ სმიტის აქტიურ მონაწილეობაზეც საუბრობს. ჯერ არავინ იცის, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება შონ კომბსის საქმეში, თუმცა მისი სტუმრებიდან რომელიმე ერთხელ მაინც თუ დასწრებია წვეულების არაოფიციალურ ნაწილს, დაუჯერებელია, არ სცოდნოდა იმ დანაშაულებების შესახებ, რომელსაც რეპერი წლების განმავლობაში სჩადიოდა.

"თეთრი წვეულების" სტუმართა სიაში არიან: ლეონარდო დი კაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე­, კარდაშიანების ოჯახი, მეგან ფოქსი, მერი ჯეი ბლაიჯი, მერაია ქერი, დემი მური, ეშტონ კაჩერი, ნაომი კემპბელი, ოპრა უინფრი და ა.შ. სიაში არიან ცნობილი პოლიტიკოსებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი წვეულების არაოფიციალურ ნაწილს ესწრებოდნენ...