8000-იანი ევროს კუპიურა - საქართველოს პირველი საკოლექციო ბანკნოტი
საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი, 8000-იანი ევროს კუპიურა, ჰოლანდიაში, მაასტრიხტში დაიბეჭდა. სწორედ აქ დაიბადა ევრო, რომელიც ერთ-ერთ მყარ ვალუტად სწრაფად იქცა. ბანკნოტზე, რომელიც 5000 ეგზემპლარისაგან შედგება, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვს თვეს მუშაობდა. ბანკნოტი "მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავითგარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი საკოლექციო ბანკნოტი ევრო 8000, - ვკითხულობთ ევროს ახალი კუპიურის შესახებ ინფორმაციაში, რომელიც სიამაყით და იმედით გავსებს: ციფრი 8000 სწორედ ქართული ღვინის ასაკის სიმბოლოა, რომელსაც 8000 წელიწადია ვწურავთ და კიდევ მრავალ ათას წელიწადს დავწურავთ. სწორედ ცნობილმა მეცნიერმა, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის დოქტორმა ელისო ყვავაძემ დაადგინა, რომ გადაჭრილ გორაზე მოპოვებულ ქვევრში 8000 წლის წინ ღვინო ესხა. შემდეგ ეს აღმოჩენა გახდა საფუძველი იმისა, რომ მსოფლიომ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა. ქალბატონ ელისოს, რომელიც უხმაუროდ აკეთებს თავის საქმეს, ამ ამბებზე ვესაუბრეთ:
- მსოფლიოს საქართველო რომ ეღიარებინა იმ ღვინის სამშობლოდ, რომელიც 8000 წლის წინ დაიწურა, ამაზე ფიქრი მრავალ ადამიანს ძილშიც არ ასვენებდა. ქართველებს ამისთვის დიდი საყრდენი გვქონდა. მართალია, ღვინის სამშობლოდ მანამდე სპარსეთი იყო აღიარებული, მაგრამ საქართველოში სადაც არ უნდა მიხვიდე, ქვევრის ნაშთები დაგხვდება, მათ შორის ათასწლოვანი კერამიკის ჭურჭელიც. ისიც საოცარია, რომ ჩვენი ქვევრები დღესაც თითქმის იმ ფორმის არის, როგორიც ნეოლითში, ანუ ქვის ხანაში გვქონდა. ძალიან მარტივია იმის გააზრება, რომ ეს უწყვეტობის ნიშანია - მოვლენა, რომ საქართველოში არასოდეს შეგვიწყვეტია ღვინის დაწურვა. Aაი, ამიტომაც შრომობდნენ სპეციალისტები ამ თემაზე ასე დაჟინებით, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოს სახელი მოეპოვებინა. ჯერ კიდევ 1999 წელს ლონდონში გაჩნდა სამუზეუმო კუთხე, სადაც გამოჩნდა თემა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. თუმცა, სანამ ამ თემაზე მეცნიერულ მტკიცებულებას არ მოვიპოვებდით, ცხადია, ჩვენი სურვილი სურვილად რჩებოდა. ჰოდა, ნანატრი მეცნიერული მტკიცებულებაც გაგვიჩნდა, როდესაც არქეოლოგმა მინდია ჯალაბაძემ მარნეულში, გადაჭრილ გორაზე იპოვა ის თიხის ჭურჭელი, რომელშიც 8000 წლის ღვინის მტვერი იყო.

- ძალიან საინტერესო ადგილია გადაჭრილი გორა თავისი 8000-წლიანი ქვევრებით, ღვინითა და დასახლებით, სადაც წრიული ოთახებია.
- მართლაც. მხოლოდ კერამიკა როდია იქ აღმოჩენილი, ის სამუშაო იარაღებიცაა, რომელთაც იმდროინდელი ხალხი იყენებდა.
- თავად ძეგლის ნაშთები მეტყველებს, რომ იმდროინდელი მოსახლეობა კოხტა დასახლებაში, წრიულ ოთახებში ცხოვრობდა, მდინარის პირას, რომელსაც ახლა მდინარე შულავერი ჰქვია. თქვენ იქ აღმოჩენილი ექსპონატები ჩაგაბარეს, იმის გასარკვევად, რა იყო და რა საიდუმლოს ინახავდა.
- დიახ, 2007 წელს დავიწყეთ კერამიკული მასალის კვლევა, რომელზეც ღვინის კვალი ვნახეთ - ღვინის მტვრის მარცვალი, რომლის ქიმიური ანალიზით შეიძლებოდა გაგვეგო იმ ღვინის ასაკი, რომელიც იმ ჭურჭელში იყო ჩასხმული. სწორედ ქიმიური ანალიზით ვადგენთ ექსპონატების სახეობას და ასაკს. "ვკითხულობთ", ვინ იყო იმ სივრცის ხალხი, როგორ კლიმატში ცხოვრობდნენ, რომელი მცენარეები ხარობდა მათ გარშემო, რას ჭამდნენ ან რას იცვამდნენ, რით ავადდებოდნენ და რით მკურნალობდნენ. ეს ძალიან საინტერესო სამყაროა. რაც შეეხება ჩვენი ღვინის ასაკს, უკვე 2010 წელს დაზუსტებული გვქონდა და ამავე წელს ღვინის კონგრესზეც გავიტანეთ ინფორმაცია. მოგვიანებით, 2017 წელს, დადგინდა, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო და არა სპარსეთი. როდესაც სხვა ქვეყნების ღვინოების ასაკი განიხილეს, ნახეს, რომ ქართული ღვინო ყველაზე ძველია. ჩვენი ღვინის ასაკის შესახებ ნაშრომიც დაიბეჭდა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში.

- ახლა კი პირველი საკოლექციო, 8000-ევროიანი კუპიურაც გვაქვს. მართალია, მასზე არაერთი ქართული სიმბოლოა დატანილი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კუპიურაზე მთავარი სიმბოლოები ქართული ქვევრი და ქართული ღვინის ასაკია. გაგიხარდათ ეს, ქალბატონო ელისო?
- ეს უდიდესი სიხარულია, როდესაც კიდევ ერთხელ ხედავ იმის აღიარებას, რომ ჩვენც ევროპის ნაწილი ვართ, თან ძალიან ძველი. ისევ გრძელდება მუშაობა ქართული ღვინის ასაკზე და შეიძლება მეტადაც დაძველდეს. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.