შეიძლება თუ არა გარე ვაჭრობა ჩაითვალოს სამართალდარღვევად
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში ოფიციალურად გარე ვაჭრობა აკრძალულია. არადა, თითქმის ყოველდღე ვხვდებით მეტროებთან, ასევე ქუჩაში გარე მოვაჭრეებს. ეს მათი საარსებო წყაროა. მაგალითად, ახმეტელის მეტროსთან დილაადრიან და საღამოს საათებში იწყება ტანსაცმლის ბაზრობა და მათ არავინ დევნის. არადა, მერიის ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ თბილისში გარე ვაჭრობა აკრძალულია. ფაქტია, დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში, სავარაუდოდ, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ვაჭრობა დაშვებული აქვს.
შეიძლება თუ არა გარე ვაჭრობა ჩაითვალოს სამართალდარღვევად, რა სასჯელები ეკისრება გარე მოვაჭრეს, როგორ რეგულირდება ეს საკითხები კანონით, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი გვესაუბრება.
- გარე ვაჭრობა შეიძლება სამართალდარღვევად ჩაითვალოს?
- გარე ვაჭრობა შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად, რაც სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს მის ტერიტორიულ ერთეულში არის თუ არა დასაშვები გარე ვაჭრობა, როგორ რეგულირდება. რადგან თბილისში აქტუალურია ეს საკითხი, ჯობია ვისაუბროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ წესებზე.
გარე ვაჭრობა რეგულირდება თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო სანქციებს აღნიშნული დარღვევის შესახებ შეხვდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიების შესახებ ცნობები მოცემულია დადგენილებაში, სანქციები - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემის წესი კი არსად არ არის მოცემული. ორგანო, რომლის ფუნქციაა გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი, არის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
- ჯარიმები რა შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს პირს და რა ოდენობით?
- მართალია, გარე ვაჭრობაზე ნებართვა არ გაიცემა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თავად აბნევს მოსახლეობას, ვინაიდან მიუთითებს, რომ ჯარიმდება თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამ ნორმის მსგავსად ფორმულირება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა, თუმცა რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ,,შესაბამისი ნებართვა~ არათუ არ არსებობს, არამედ გარე ვაჭრობა თბილისში აკრძალულია. კანონში კი წერია, თუ პირი ვაჭრობს თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიძლება დაჯარიმდეს 20 ლარით და ასევე მოხდეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, ანუ იმ საგნის/ნივთის ჩამორთმევა, რომლითაც ვაჭრობს. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, რაც გულისხმობს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას, ხოლო, თავის მხრივ, დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამიტომაც უმჯობესი იქნება, გარე მოვაჭრე პირებმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს მიაწოდონ პიროვნების დამადასტურებელი სრული და უტყუარი მონაცემები, რის საფუძველზეც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანქციის სახით სიტყვიერი გაფრთხილება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული გარე ვაჭრობისათვის და განმეორებით კვლავ ნებართვის გარეშე ივაჭრებს, დაჯარიმდება 100 ლარით და საგნის კონფისკაციით. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირის ვინაობა ვერ დაადგინა შესაბამისმა სამსახურმა, სამართალდარღვევის საგნები დაექვემდებარება კონფისკაციას.
- რა ადგილებშია აკრძალული გარე ვაჭრობა?
- თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად ითვლება ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა და ტროტუარებზე, დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
დადგენილებაში არ არის მითითება, რომ აკრძალულია გარე ვაჭრობა, თუმცა თუ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზს დავეყრდნობით, თბილისში გარე ვაჭრობა სრულად აკრძალულია. არადა, დადგენილება მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ქალაქის იერის მოთხოვნებს და არ შეაფერხოს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრემ უნდა დაიცვას იმ საგნის შენახვის პირობები, რომელსაც ყიდის.
რაც შეეხება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების, აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობას, ამისთვის საჭირო ადგილები განისაზღვრება სხვა წესებითა და პირობებით. როგორც მერიის ზედამხედველობის ცხელ ხაზზე გვაწვდიან ინფორმაციას, ასეთ დღეებში განცხადების საფუძველზე გამონაკლისის წესით დაიშვება გარე ვაჭრობა. აღსანიშნავია ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ პირს უნდა გარე ვაჭრობის დაწყება, რა შეიძლება გაკეთდეს. მერიამ გარე ვაჭრობის ალტერნატივად მოქალაქეებს შესთავაზა მუნიციპალური ტერიტორიებისა და შენობების იჯარით გაცემა - ანუ საიჯარო ქირას გადაიხდის პირი, რომელიც კონკრეტულ ადგილს დაიკავებს. თუმცა მოცემული სახის ვაჭრობა რამდენად შეიძლება ჩაითვალოს გარე ვაჭრობის ალტერნატივად, ცალკე განსახილველია, ვინაიდან გარე მოვაჭრე თავისთავად გულისხმობს სიდუხჭირეში მყოფ მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და როგორ შეძლებს სახელმწიფოსთვის იჯარის გადახდას, საკითხავია.