ხელოსანმა რომ არ „გადაგვაგდოს“ - კვირის პალიტრა

ხელოსანმა რომ არ „გადაგვაგდოს“

ბოლო დროს არაერთი ნაცნობი შემომჩივის, რომ თაღლითმა ხელოსნებმა დიდი ზარალი მიაყენეს, მერე კი გაქრნენ, უხარისხოდ ან გაუკეთებელი საქმის გამო პასუხისმგებლობა არც იკისრეს. სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით განცხადებებს ხელოსანთა არაკეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაოების შესახებ. სპეციალისტების თქმით, ამ ტიპის მომსახურებაში განუკითხაობის მიზეზი არა მარტო ხელოსანთა უპასუხისმგებლობაა, არამედ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობაც, ასევე პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ხშირად მოსმენილი ფრაზაც, "ხელოსანმა მომატყუა", არცთუ იშვიათად მიეკუთვნება თაღლითობას, რომლისთვისაც კანონით სასჯელია დაწესებული. ამ თემაზე ადვოკატ როლანდ­ ძიძიგურს ვესაუბრეთ:

- ბატონო როლანდ, ბოლო დროსაც ხშირად მესმის საუბრები თაღლითი ხელოსნების შესახებ, რის საწინააღმდეგოდ მოსახლეობა ვერაფერს აკეთებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ პრობლემას არასოდეს ეშველება.

- ყველაფერი გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან. როდესაც ხელოსნის მატერიალური მდგომარეობა არ იქნება დამოკიდებული შემთხვევით სამუშაოზე, ხელობას სპეციალურ კოლეჯებში შეასწავლიან და არა მხოლოდ რომელიღაც სააბაზანოში ფილების დაგებისას, ბევრი რამ გამოსწორდება. როდესაც ხელოსანი ერთგან მუშაობს და იმაზე ფიქრობს, ამ საქმეს რომ მოვილევ, რა მეშველებაო, პარალელურად სხვა სამუშაოებზეც დარბის, ვერცერთი სამუშაო ხარისხიანი ვერ იქნება. არადა, ხელოსანი ნებისმიერ სფეროში გვჭირდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბიზნესმა, რომელმაც ქალაქი შთანთქა, ასე თუ ისე მოაგვარა ხელოსნების პრობლემა. რატომ? ყველა თუ არა, ბევრი უკვე ხელშეკრულებას დებს დაქირავებულებთან, რაც პასუხისმგებლობის გარანტიას იძლევა. საქმის უხარისხოდ გაკეთების შემთხვევებში, მათ მეტი მექანიზმი აქვთ მიმართონ კანონს და არ გასცენ გასამრჯელო. სამაგიეროდ, ვითარება გაუარესდა წვრილ სექტორში, მოსახლეობაში - ჯერ ხელოსნის მოძებნაა ძნელი, შემდეგ კი საქმის ხარისხიანად გაკეთება. მყავს ახლობლები, რომელთაც ხელოსნების ტყუილების გამო წლობით აქვთ რემონტი გაწელილი, მათი დაქირავებულები პარალელურად სხვაგანაც მუშაობენ, მაგრამ საყვედურის თქმაზეც ხელი აქვთ ჩაქნეული, ვინც არ უნდა მოვიყვანოთ, ყველა მსგავსს გააკეთებსო. რეალურად ეს ხალხი ლოგიკურად მსჯელობს, როდესაც ხელოსანთან ხელშეკრულება არა გაქვს დადებული, სადაც გაწერილი იქნება მუშაობის წესები, მაშინ პასუხი რაზე უნდა მოსთხოვო, მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებაზე?! სწორედ ეს არის პირველი პრობლემა, რომ კანონზე დაყრდნობით მუშაობა ვერ და ვერ ვისწავლეთ.

ამას წინათაც ერთ შემთხვევას წავაწყდი, რამაც გამაოგნა. ჩემმა ახლობელმა სააბაზანოში ძველი წყალგაყვანილობა გამოცვალა და მოაპირკეთა. მოგეხსენებათ, სააბაზანოს მოპირკეთებისას წყლის მილები ცემენტის ხსნარით იფარება, რომელზეც შემდეგ ფილები ეწყობა.­ როდესაც ხელოსანი მუშაობას მორჩა და ოჯახს "მოპირკეთებული" სააბაზანო ჩააბარა, წყლის მოშვებიდან 15 წუთში ქვედა მეზობლის და იმის ქვედა ბინაც წყლით აივსო. აღმოჩნდა, რომ ხელოსანს მოპირკეთებისას­ წყლის მილი გაუტეხია, ეს არაფრად ჩაუგდია­ და ფილები პირდაპირ გატეხილ მილზე დაუბეტონებია. ნახეთ რა აღმოჩნდა? ჩემს ახლობელს იმ ე.წ. "კაფელშჩიკმა" იმხელა ზარალი მიაყენა, რომ არა მხოლოდ თავისი სააბაზანო გაუხადა დასანგრევი და ფილებასაყრელი, არამედ ორი ქვემოთ მცხოვრები მეზობლისაც. ხომ არ გგონიათ, ხელოსანმა შეცდომის გამოსწორება მოინდომა, როდესაც დაურეკეს, მან დაბლოკა კლიენტი და ამით მოიშორა პასუხისმგებლობა. სხვა მაგალითსაც გეტყვით: კაცმა 8000 ლარი გადაიხადა ავეჯში, რომელიც შინ დაუმონტაჟეს, რამდენიმე თვის შემდეგ გადაადგილებისას დაიშალა. რატომ? როგორც აღმოჩნდა, ხრახნის ნაცვლად…ავეჯის ზოგიერთი ნაწილი ლურსმნებით მიუჭედებიათ და შემდეგ სპეციალური ფენით დაუფარავთ. ლურსმნები კი გადაადგილებისას დასძვრა. მოგეხსენებათ, თანამედროვე ავეჯის მასალაში უმეტესად ნახერხია ჩაპრესილი, რაც აუცილებლად ბურღით დამონტაჟებას მოითხოვს.

- ცხადია, ხელოსანმა პასუხისმგებლობაც არ აიღო.

- არა, გაქრა. იცით, კიდევ რაშია საქმე? ძალიან კარგი საშუალებაა ინტერნეტი, მაგრამ არ მესმის, როგორ უნდა ჩააბარო ინტერნეტით მოძებნილ ადამიანს საქმე, რაშიც გაჭირვებით ნაშოვნ ფულს იხდი?! თუ მაინც ასე მოიქეცი, რატომ არ უნდა დაიტოვო რაიმე მექანიზმი, იგივე ხელშეკრულება თაღლითისაგან თავდასაცავად! მინდა ყველამ იცოდეს - როდესაც პირი ქონებრივ ზარალს გაყენებს, თუნდაც რემონტისას, კანონის ენაზე ეს თაღლითობაა. სიტყვასიტყვით წერია საქართველოს კანონთა სისტემაში, რომ თაღლითობა საკუთრების უფლების საწინააღმდეგო ეკონომიკური დანაშაულია, მოიაზრებს დაზარალებულის ქონებრივ ზიანს და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით.

- თუმცა რატომღაც ჩვენი საზოგადოება ერიდება სასამართლოსთვის მიმართვას. ამას წინათ სოციალურ სივრცეში წავაწყდი, როგორ ურჩევდა ადვოკატი ამაოდ ერთი და იმავე ხელოსნისაგან დაზარალებულ რამდენიმე პირს ერთობლივად სასამართლოსათვის მიმართვას. ისინი კი უარობდნენ, სასამართლოში თვეობით სირბილი ცალკე ზარალიაო.

- გეთანხმებით, ჩვენ სასამართლო სისტემაც გაუმართავი გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიანობის გამარჯვების პრეცედენტი არ იქნება.

თუ არ ვცდები, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ საკითხზე კვლევა ჩაატარა და იცით, რა დადგინდა? გამოკითხულთაგან მხოლოდ 24%-მა თქვა, რომ ერთი მწარე გამოცდილებაც საკმარისია იმისთვის, რომ მან სუბიექტთან, რომელმაც დააზარალა, კონტაქტი შეწყვიტოს. დანარჩენმა 76-%-მა დაწერა, რომ ასეთ სუბიექტთან მხოლოდ რამდენიმე იმედგაცრუების შემდეგ წყვეტს კონტაქტს. ასეთი ხასიათით ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით იმ სტრესულ მდგომარეობაში, როდესაც ერთმანეთს ვატყუებთ.

სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან კარგი წესდება მიიღო თაღლითი სუბიექტების, მათ შორის ხელოსნების წინააღმდეგ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ. კერძოდ, როდესაც ხელოსანი ქონებრივ ზიანს მოგვაყენებს, შეგვიძლია მივწეროთ სააგენტოს, ისინი შეამოწმებენ ნამუშევარს და ხელოსანს დააკისრებენ შესაბამის ჯარიმას, ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ხელთ გაქვთ რაიმე წერილობითი დოკუმენტაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, თუნდაც ნოტარიუსის დამოწმების გარეშე შედგენილი, მას უკვე აქვს ძალა, რომ ორივე მხარე, მათ შორის ხელოსანი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენოს. ყველაზე ცუდ ვარიანტში ხელოსნის მოძიებაც სწორედ ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე არც ერთ ორგანოს არ შეუძლია თაღლითების დასჯაში დაგეხმაროთ და ქონებრივი ან მორალური ზარალი აინაზღაუროთ.