თუ წინასაარჩევნოდ თქვენს ბინაში ჩაწერილი უცხო პირები აღმოაჩინეთ...
ამ დღეებში ათეულობით პოსტი დაიდო სოცქსელში ბინებში ჩაწერილ უცხო პირთა შესახებ. მოქალაქეები ეჭვობენ, ხომ არ სურთ მათი საარჩევნოდ გამოყენება.
"საბურთალოზე, ბახტრიონზე, ჩემს ბინაში 4 კაცი აღმოვაჩინე ჩაწერილი. როცა ვიკითხე, გამარკვიეთ, როგორ აღმოჩნდნენ ისინი-მეთქი, მითხრეს, ამის გასარკვევად საჩივარი უნდა დაწეროთო. საჩივარი არ დამიწერია, მაგრამ მოვითხოვე ჩემი საკუთრებიდან მათი ამოწერა, არჩევნები ახლოვდება და არ მინდა ეს ფაქტი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ... საყურადღებოა ისიც, რომ იუსტიციის სახლში არ მითხრეს ჩაწერილების არც ასაკი, არც მათი სახელი და გვარი, ამაზე ინფორმაციის მოწოდების უფლება თურმე არა აქვთ. გაირკვა ისიც, რომ ჩემი ბინიდან რომ ამოვწერო ეს პირები, მე, ბინის მეპატრონეს, ძალიან რთული გზის გავლა მიწევს. კერძოდ, თუ მე, მეპატრონე, დავწერ განცხადებას, 30 დღე სჭირდება მის განხილვას. სამაგიეროდ, უფრო მარტივად ამოწერენ უცხო პირებს ჩემი ბინიდან სხვა ადამიანები. მითხრეს მიმეყვანა სამი მოწმე. ამ სამიდან ერთმა დაწერა განცხადება და მოითხოვა ჩემი საკუთრებიდან უცხო პირების ამოწერა, ამ განცხადებას კიდევ ორმა პირმა იქვე მოაწერა ხელი. ეს სამი მოწმე შესაძლოა იყოს მეზობელი, მეგობარი, ან საერთოდ უცხო პირი. ასეთ შემთხვევაში 10 სამუშაო დღე სჭირდება განაცხადის განხილვას და მე-11 სამუშაო დღეს უკვე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ახლა ველოდები 10 დღის გასვლას, რათა გავიგო, ამოეწერა თუ არა ის 4 კაცი ჩემი ბინიდან... გასაკვირია, ჩემს ბინაში შეუძლია ჩაეწეროს ნებისმიერი პირი ჩემი თანხმობის გარეშე - მას ამისთვის მხოლოდ ორი მოწმე სჭირდება და უპრობლემოდ ჩაეწერება სხვის ბინაში", - გვიყვება ირინა. მის მსგავსად ბევრმა იპოვა ბინაში უცხო პირები ჩაწერილი.
"ამომრჩეველი ერთიან საარჩევნო სიაში შეყვანილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი და უნიკალური პირადი ნომრით. მისი გამეორების შანსი არ არსებობს, ნულის ტოლია!"
როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია არჩევნების წინ, ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი განმარტავს.
- ამომრჩეველს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შეუძლია სხვადასხვა მეთოდით. ერთია ჩვენი ვებგვერდი www.cesko.ge, სადაც ნახავთ ამომრჩეველთა სიას. შეიყვანთ პირად ნომერს და გვარს, რათა ნახოთ, რომელ საარჩევნო უბანში ხართ რეგისტრირებული. შესაძლებელია პირს საკუთრებაში რამდენიმე ბინა ჰქონდეს, მაგრამ ოფიციალურად მისი იურიდიული მისამართი არის ერთი. რომელ მისამართზეც ხართ რეგისტრირებული, იქ შეგიძლიათ ხმის მიცემა. სიის გადამოწმება წელს პირველად არის შესაძლებელი აპლიკაციით Voters.cec. gov.ge. ის მორგებულია ყველა ტიპის ტელეფონზე. შემოწმების შესანიშნავი მაგალითია ასევე გადახდის აპარატები, სადაც არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ერთიანი სიები ან დარეკეთ ჩვენთან, ცხელ ხაზზე 0322510051.
იმ შემთხვევაში, თუ უცხო პირებს აღმოაჩენთ რეგისტრირებულს თქვენს მისამართზე, უნდა მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს. დაწერთ განცხადებას, რომ პირი არ უნდა იყოს ჩაწერილი თქვენს მისამართზე და სააგენტო ამოიღებს მას ამ მისამართიდან. აქვე გაითვალისწინეთ, რომ 8 ოქტომბერს მთავრდება უზუსტობაზე განცხადებით მიმართვის ვადა.
- როცა მოქალაქეს აქვს რამდენიმე ბინა, ერთ მისამართზე გასაგებია, ამოწმებს ჩაწერილების ვინაობას, მაგრამ სხვა მისამართებზე არის თუ არა ვინმე ჩაწერილი, ამის დადგენას როგორ შეძლებს?
- ასეთ დროს ერთადერთი გზაა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს. 8 ოქტომბერს მთავრდება განცხადებების მიღება, მაგრამ სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ორ დღეს იტოვებს, რათა თავი მოუყაროს ამ ინფორმაციას და ჩვენ გადმოგვცეს. შესაბამისად, თუ მოქალაქეს 8 ოქტომბრის 16 საათის ჩათვლით ექნება განცხადება დაწერილი, სიების დაზუსტების საბოლოო ვადა არის 16 ოქტომბერი და ეს ცვლილება აისახება. საბოლოო სიები ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება. მანამდე გვაქვს შესაძლებლობა, რომ შემოსული განცხადებები აისახოს და გვქონდეს წვდომა...
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს ბიულეტენს უგზავნის მის იურიდიულ მისამართზე. თუ პირს სურს ფაქტობრივ მისამართზე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ 8 ოქტომბრამდე უნდა მიმართოს სააგენტოს.
- სოციალურ ქსელში ბევრი გამოთქვამს ეჭვს, რომ მათ მისამართზე რეგისტრირებული პირები აღმოჩნდებიან საარჩევნო სიებში\...
- როდესაც საქართველოს მოქალაქეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, არის ამომრჩეველი ვალიდური პირადობის მოწმობით, ან საზღვარგარეთის პასპორტით. არსებობენ პირები, რომლებიც მისამართის გარეშე არიან დარჩენილი და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მათ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, სერვისების განვითარების სააგენტო ერთიან სიაში მიუთითებს მათ ბოლო რეგისტრაციის მისამართს, რომელიც სააგენტოს ბაზაში ბოლო მისამართად არის მითითებული. შესაძლებელია 20 წლის წინ მე რეგისტრაციის მისამართი მქონდა ბათუმი, გავყიდე ეს ბინა, ახალმა მესაკუთრემ ამომწერა ბინიდან და გამიუქმა რეგისტრაცია, 20 წელია იქ არ ვცხოვრობ, მაგრამ არსად არა ვარ რეგისტრირებული, ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მაქვს ვალიდური დოკუმენტები, მაგრამ არა მაქვს რეგისტრაციის მისამართი. ასეთ შემთხვევაში სერვისების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ბოლო რეგისტრაციის ადგილას, კერძოდ, ბათუმში ჩამწეროს იმავე მისამართზე, რათა არ დაირღვეს ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება და შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნების შემდეგ ეს გასწორდება. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ამ მისამართზე ვარ რეგისტრირებული, სულადობის გადასახადის გადახდა ბინის მესაკუთრეს მოუწევს... რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ეს დაკავშირებულია ორმაგი ხმის მიცემასთნ, ტყუილია! 26 ოქტომბერს საარჩევნო პროცესში გამოვიყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატს. ადრე ამომრჩეველთა ერთიანი სიები დაბეჭდილი იყო. ახლა ელექტრონულ აპარატში იქნება ჩატვირთული კონკრეტულ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთიანი სია. გიდასტურებთ, რომ ამომრჩეველი ამ ერთიან სიაში შეყვანილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი და უნიკალური პირადი ნომრით. მისი გამეორების შანსი არ არსებობს, ნულის ტოლია, იმიტომ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დუბლირებას გამორიცხავს. მაგალითად, ორ ან სამ ადგილას ვიყო რეგისტრირებული, გამორიცხულია. ეს დაადგინა აუდიტორულმა კომპანიამაც, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის დადგენის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. მათ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შეუძლებელია ამომრჩეველი ერთიან სიაში ორჯერ მოხვდეს.
- ელექტრონულად რამდენ უბანში ჩატარდება არჩევნები?
- 3031 საარჩევნო უბანია და ამომრჩევლების 90 პროცენტი 2263 უბანზე ელექტრონული წესით მიიღებს მონაწილეობას, 768 უბანზე არჩევნები იქნება ტრადიციული მეთოდით. დედაქალაქში, თვითმმართველ ქალაქებში იქნება ელექტრონული მეთოდი და მხოლოდ ისეთ უბნებში არ გამოიყენება, სადაც საარჩევნო უბანი 20 კილომეტრის დაშორებით არის და იქ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 300 კაცს...
"ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოწმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება"
...ჩვენ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზეც დავრეკეთ და ვცადეთ ინფორმაციის მიღება მისამართებიდან უცხო პირთა ამოწერისა და ჩაწერის წესის შესახებ.
- ზოგადად, თუ თქვენ გსურთ რომელიმე მისამართზე რეგისტრაცია, ამისთვის უნდა მიმართოთ ბინის მესაკუთრეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია ორი მოწმის მეშვეობით მესაკუთრის გარეშეც ჩაეწეროთ სხვის ბინაში. თუ, მაგალითად, ბოლო სამი თვეა ცხოვრობთ ამ მისამართზე და ამ ფაქტს დაგიდასტურებთ ორი მოწმე, მაშინ მესაკუთრის თანხმობის გარეშეც შეიძლება დარეგისტრირდეთ. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ეს ორი მოწმე იყოს მეზობელი, ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიყენოთ, მთავარია, იყოს სრულწლოვანი. თუ ვთქვათ ცხოვრობთ ქირით, შეძლებთ იმ მისამართზე მიწერას. რაც შეეხება ამოწერას, როგორც კი ახალ მისამართზე დარეგისტრირდებით, ავტომატურად ძველი მისამართიდან ამოწერილი იქნებით. ბინის მეპატრონეც ვერ ამოგწერთ იმ მისამართიდან, თუ თქვენ იქ რეალურად ცხოვრობთ, მაგრამ ბინის დატოვებიდან 6 თვის შემდეგ მეპატრონეს შეუძლია ამოგწეროთ. ასეთ დროს მესაკუთრე აკეთებს განცხადებას, მიუთითებს რომ თქვენ 6 თვეა არ ცხოვრობთ მის ბინაში, და იწყება საქმის წარმოება. თუმცა თუ თქვენ რეალურად იქ ცხოვრობთ, მაშინ მიდიხართ სააგენტოში, წერთ განცხადებას, რომ ცხოვრობთ ამ მისამართზე და მესაკუთრე ვერ ამოგწერთ. მისამართზე რეგისტრაცია არ იწვევს საკუთრების გრაფაში რაიმე ცვლილებას. ეს მონაცემები აისახება მხოლოდ სულადობაში, რის საფუძველზეც ხდება კომუნალური გადასახადების გადახდა. სხვა მხრივ არაფერი იცვლება.
- თუ ჩვენს მისამართზე უცხო პირის ამოწერას ვითხოვთ, ამას მესაკუთრე რატომ ვერ აკეთებს?
- უფრო მარტივი გზაა ამოსაწერად სამი მოწმე მიიყვანოთ. ერთი დაწერს განცხადებას, სხვები მოაწერენ ხელს და დაადასტურებენ, რომ იმ მისამართზე ეს პირი არ ცხოვრობს. ამ განცხადების საფუძველზე ამოწერენ ბინიდან. მესაკუთრე არ ერთვება ამ პროცესში, მასაც შეუძლია შეავსოს განცხადება, მაგრამ მისი განცხადების განხილვას უფრო დიდი დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი თვე, ხოლო თუ სხვა პირი წერს განცხადებას, მაშინ შესაძლებელია მეათე დღეს ამოწერა. თუ მესაკუთრე წერს განცხადებას, მან ასევე უნდა წარადგინოს სამი თვის კომუნალურების გადახდის ქვითარიც და ეს უფრო ხანგრძლივი პროცედურაა. უფრო მარტივი გზაა, სხვა სამი ფიზიკური პირის დამოწმება.
- ამ ლოგიკით, ხომ შეიძლება დაინტერესებულმა პირმა ამოწეროს სხვისი ბინიდან რეალურად იქ მცხოვრები პირი?
- არასწორი ანუ ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოწმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება...
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მარტივი გზაა მოწმემ დაწეროს განცხადება და ორმა ნებისმიერმა პირმა მოაწეროს ხელი. ამ შემთხვევაში განხილვის ვადა 10-დღიანია და მეთერთმეტე დღეს პირი რეგისტრაციიდან იხსნება...
"ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა აუდიტი და მისი დასკვნით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დუბლირება არ არის"
რადგან ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ჩვენ ლევან ნატროშვილთან ვცადეთ გარკვევა, არის თუ არა პანიკის საფუძველი. ლევან ნატროშვილს არჩევნებზე დაკვირვებასა და ანტიკორუფციულ საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად "სამართლიანი არჩევნებისა" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.
- ამ დღეებში ცესკომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ახსნილია, როგორ ფორმირდება ერთიანი საარჩევნო სია. ამის მიზეზი ის არის, როცა პირს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის არეგისტრირებს მას იუსტიციის სახლი იმ მისამართზე, სადაც ამჟამად არ ცხოვრობს, მაგრამ შესაძლოა წარსულში იყო რეგისტრირებული. როცა მოქალაქეები ნახავენ სხვა პირს ჩაწერილს მათ მისამართზე, ბუნებრივია, ჰგონიათ, რომ შეიძლება ისინი გამოიყენონ საარჩევნოდ. ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ რეესტრს და ამოწერონ ის პირები. მაგრამ შესაძლოა ცესკომ ისინი ისევ დააბრუნოს იმ მისამართზე, იმიტომ, რომ მათ არა აქვთ სხვა რეგისტრაციის ადგილი. სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას. ჩვენ ვენდობით ცესკოს განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ამას აკეთებენ მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის. ეს პრობლემა სულ არსებობს და გამოწვეულია ნდობის ნაკლებობით საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. როგორც ვიცი, ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა აუდიტი და მისი დასკვნით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დუბლირება არ არის. მიუხედავად ამისა, ეჭვები ისევ არის და იქნება მანამ, სანამ არ იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა. ამიტომ თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას მოგვაწვდის, ჩვენც ვეცდებით გავარკვიოთ, მართლა ხომ არ არის პრობლემა.
ასე რომ, ამომრჩევლებს ვურჩევ, გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიაში. თუ არ არიან სიაში, დროულად მიმართონ საარჩევნო კომისიას. თუ აღმოაჩენენ უცხო პირებს თავიანთ მისამართებზე, გაარკვიონ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ასევე იუსტიციის სახლში, რატომ არიან ისინი იქ მიწერილი. იმას მაინც აუხსნიან, შეცდომით არიან მიწერილი თუ რეგისტრაციის არქონის გამო.