"უგლედარი სოლივით იყო ჩარჩენილი რუსების შეტევის სიღრმეში“
"ალყაში მოქცევის საფრთხის გამო უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ", - იუწყება უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება "ხორტიცაზე" დაყრდნობით. "ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად მიღებული დანაკარგის მიუხედავად, მტერმა უგლედარის აღების ცდა არ მიატოვა. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად მტერმა სარეზერვო ქვედანაყოფები ფლანგური შეტევებისთვის გაგზავნა, რამაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების თავდაცვითი შესაძლებლობები ამოწურა. მტრის მოქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა", - აცხადებს "ხორტიცა" და დასძენს, რომ ქვედანაყოფების გაყვანის ნებართვა უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ გასცა. "პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნებისა და შემდგომი მოქმედებებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით, უმაღლესმა სარდლობამ უგლედარიდან ქვედანაყოფების გაყვანის მანევრის ჩატარების ნებართვა გასცა", - ნათქვამია განცხადებაში.
უგლედარიდან უკრაინული ძალების გაყვანას უკვე გამოეხმაურა CNN-ი. "რუსეთმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი უგლედარი უკრაინული ძალების მრავალთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ აიღო. ეს დანაკარგი ხაზს უსვამს იმ გამოწვევების სერიოზულობას, რომელთა წინაშეც კიევი ომის მესამე ზამთრის წინ დგას... რუსმა სამხედროებმა განადგურებული ქალაქის მერიის ნანგრევებზე თავიანთი დროშა აღმართეს. უგლედარის მცხოვრებთა რიცხვი 14 000-დან 100-მდე შემცირდა", - ნათქვამია სტატიაში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონბასის სრულად აღებაა. წელს რუსეთი თანდათან მიიწევდა აღმოსავლეთით და უგლედარი დაიკარგა სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებიდან ბრუნდებოდა, სადაც კიევისთვის საკვანძო შეთანხმებებს მხარეებმა ვერ მიაღწიეს.
ქალაქი უგლედარი პოკროვსკიდან სამხრეთით 50 კილომეტრშია, რომელიც ბოლო დროს აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმების მთავარ სამიზნედ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ უგლედარს პოკროვსკის მსგავსად განსაკუთრებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ძლიერად იყო გამაგრებული და განიხილებოდა როგორც მნიშვნელოვანი სიმაგრე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებს შორის.
ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა ბორის როჟინმა ამ გამარჯვებას "ოპერატიული თუ არა, სტრატეგიული" უწოდა: "ეს "აივანი" (უგლედარის მაღლობი) მდებარეობდა ზაპოროჟიესა და დონეცკის ფრონტების შეერთების ადგილზე და მუდმივ საფრთხეს უქმნიდა ძალებს, რომლებიც მარიუპოლის მისადგომებს იცავდნენ. რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ განვითარებაზე, ზელენსკისა და ბაიდენს შორის შეუთანხმებელ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება.
- მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ უგლედარისთვის ბრძოლა უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ქალაქი? იმიტომ, რომ შემაღლებულ ადგილზეა. ასეთი დასახლებული პუნქტი მთაგორიან საქართველოში ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ უკრაინაში, სადაც თითქმის სულ სტეპებია, მნიშვნელოვანი სამხედრო პუნქტია. ამასთან, უგლედარი არის სარკინიგზო დამაკავშირებელი ხაზი დონეცკის რაიონთან, საიდანაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შეძლებენ უწყვეტი მომარაგების ორგანიზებას კურახოვოს მიმართულებით. ფაქტობრივად, უგლედარი გასაღებია, კურახოვოდან კრამატორსკისკენ გასვლაა შესაძლებელი. აი, ამიტომ იყო ეს ქალაქი რუსებისთვის მნიშვნელოვანი. რუსები ჩრდილო-დასავლეთიდან უტევდნენ სოფლებს კონსტანტინოვკას და ვოდიანოეს, ასევე ცდილობდნენ წინ წაწევას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, სადაც ძალიან მცირე ზომის დასახლებული პუნქტებია. რუსებმა მწვანე ზონების ანუ ქარსაცავების გამოყენებით შეძლეს საცეცხლე კონტროლში მოექციათ უგლედართან დამაკავშირებელი გზები, რაც უკრაინას ძალიან ურთულებდა ამ ქალაქის მომარაგებას. რუსებმა მოახერხეს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ე.წ. დაჩების რაიონში შესვლაც. სხვათა შორის, უგლედარს გმირულად იცავდა 72-ე ბრიგადაში შემავალი ჯგუფი "შავი ზაპოროჟიელი". ბოლო წუთებამდე თავგანწირვით იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე კვადრატული მეტრის გამო საუკეთესო მებრძოლები მტრისთვის არ შეეხოცათ. კარგიც არის, ბახმუტი და მარიუპოლი აღარ გაიმეორეს. მათ მოახერხეს და უგლედარის ბრძოლების პერიოდში კურახოვო მოამზადეს თავდაცვისთვის. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იქ ახლა შიდა პოზიციებს ამაგრებენ, ამზადებენ როგორც გვირაბებს, ასევე ერთი სახლიდან მეორეში გადასასვლელებს. კურახოვო ძალიან დანგრეულია და უკრაინელები სწორედ ამ ნანგრევებისგან ქმნიან თავდაცვის საშუალებებს. სხვათა შორის, ბახმუტის შემდეგ რუსებს არც ერთი ქალაქი არ აუღიათ, ბახმუტის აღების დღიდან კი დიდი დრო გავიდა. დიახ, ბახმუტის ნანგრევების მსგავსად რუსებმა უგლედარის ნანგრევებიც აიღეს. საქმე ის არის, რუსებისთვის ეს მხოლოდ ტაქტიკური წარმატებაა და არა გარღვევა. უგლედარი პროგნოზირებადი დანაკარგია, რომელიც გამოყენებულ იქნა შემდგომი თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებისთვის. რუკას რომ დავხედოთ, ვნახავთ, რომ უგლედარი სოლივით იყო ჩარჩენილი რუსების შეტევის სიღრმეში. რუსებისთვის უგლედარი იმით უფროა მნიშვნელოვანი, რომ სოლს გაასწორებენ და უკვე გაზაფხულისთვის დაგეგმავენ ახალ შეტევებს.
- უგლედარის შემდეგ, ანუ დღეის მდგომარეობით, რუსები ყველაზე მეტად რომელ მიმართულებაზე აქტიურობენ?
- უგლედარის შემდეგ, რუსებისთვის ყველაზე აქტიურ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს პოკროვსკი. იქ ბოლო დღე-ღამეში 25 შეტევა მოიგერიეს. ამას ისე ნუ გავიგებთ, თითქოს მასშტაბური შეტევები იყო ტანკებისა და თვითმფრინავების საშუალებით, ეს იყო რიგ შემთხვევებში ხუთ-ათკაციანი ჯგუფების "შეჟონვა", გამაგრების მცდელობა. ასევე, აქტივობებია ხარკოვისა და კრუპიანსკის მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობით.
- კურსკის მიმართულებით რა ხდება?
- სხვათა შორის, კურსკის მიმართულებითაც აქტიურობენ რუსები. უცნაური ვითარებაა - რუსები კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და მსხვილკალიბრიანი არტილერიით ბომბავენ საკუთარ ტერიტორიას, ზოგჯერ ისეთ რაიონებსაც კი, სადაც უკრაინელები არც შესულან. უფრო სწორად, უკრაინული დაზვერვის ჯგუფები შედიან ამა თუ იმ რაიონში, აფიქსირებენ თავიანთ ყოფნას და გამოდიან, რუსები კი იმ ადგილებს მიწასთან ასწორებენ. ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ძალიან ლოკალური შეტაკებებია, რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კორექტირებად საავიაციო ბომბებს იყენებენ. ეს ძალიან არაჰუმანურია.
- როდესაც უკრაინელები კურსკში შეიჭრნენ, სამხედრო ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ თუ ეს მოცემულობა ერთი თვის განმავლობაში შენარჩუნდებოდა, რუსეთისთვის განაჩენის ტოლფასი გახდებოდა. უკვე თვეზე მეტი გავიდა და უკრაინელები ისევ კურსკში არიან. რას ცვლის ეს ომის სურათში და რა გამოწვევის წინაშე აყენებს მოსკოვს?
- აქ რამდენიმე ფაქტორია: მორალურ-ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და სამხედრო. მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოსკოვისთვის ძალიან წამგებიანი სიტუაციაა, უკრაინელებისთვის კი პირიქით - მომგებიანი, თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და თვეზე მეტია წარმატებით აკონტროლებენ "ოკუპირებულ" ტერიტორიას. იმის მაგივრად, რუსებს შეექმნათ სანიტარული, ბუფერული ზონა, უკრაინელებმა აქეთ შეუქმნეს! არც პოლიტიკური ფაქტორია რუსეთისთვის სახარბიელო, უფრო მეტიც, დიდი დარტყმა მიიღო, ვინაიდან
მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შემთხვევაში უკრაინელებს შეუძლიათ ტერიტორიის ტერიტორიაზე გაცვლის საკითხი დააყენონ.
რაც შეეხება სამხედრო ფაქტორს, ჯერ კიდევ ვერ შევაფასებთ შედეგებს, რადგან კურსკის ოპერაცია დასრულებული არ არის. ე.ი. უკრაინულმა ძალებმა ვერ შეძლეს რუსეთის იძულება, შეეჩერებინა შეტევა დონეცკზე და მნიშვნელოვანი ძალები კურსკის მიმართულებაზე გადაესროლა. თუმცა ნაწილობრივ ეს მაინც მოხდა, დიდი დანაყოფები არა, მაგრამ მცირე ჯგუფების გაყვანამ მაინც მოუწიათ ხერსონიდან და ყირიმიდან. ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო რესურსის ნაწილიც გადასროლილია კურსკისკენ. ასე რომ, უკრაინელების ჩანაფიქრის ნაწილი შესრულებულია. პრობლემა ის არის, რომ გამოიკვეთა რუსების ჩანაფიქრი - ისინი არ აპირებენ კურსკის ჩანაცვლებას უგლედარის მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უგლედარის მიმართულებით არ წყვეტს შეტევას, ვერ გადაისროლა ის ძალები კურსკისკენ, რაც ამ ტერიტორიის უკრაინელებისგან გაწმენდისთვის არის საჭირო. ახლა პუტინმა 130 000-იანი მობილიზაცია "შეუკვეთა". ვნახოთ, რა გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ერთიც და მეორეც ემზადება ზამთრის პერიოდისთვის და შემდეგ გაზაფხულის კამპანიისთვის.
- რას იტყვით ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრაზე?
- ეჭვი მეპარება, რომ ახლო მომავალში ამერიკა დათმობაზე წავიდეს და უკრაინას იმ რაკეტების გამოყენების საშუალება მისცეს, რომელიც რუსეთის სიღრმის დაზიანებას შეძლებს, მაგრამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, ამერიკელების დახმარება არათუ შეწყდება, არამედ გაძლიერდება.
ხათუნა ბახტურიძე