გადაიზრდება თუ არა გლობალურ ომში ისრაელ-ირანის დაპირისპირება - კვირის პალიტრა

გადაიზრდება თუ არა გლობალურ ომში ისრაელ-ირანის დაპირისპირება

მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე საჰაერო შეტევა მიიტანა, მსოფლიო მედიაში აქტიურად დაიწყო გლობალური ომის საფრთხეზე საუბარი, მით უმეტეს, ისრაელმა ირანის შეტევის მოგერიების შემდეგ ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეში ირანის მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" დასაყრდენ ადგილზე მიიტანა იერიში.

ერთი წლის წინ, როდესაც ისრაელს თავს დაესხა ასევე ირანის მხარდაჭერილი "ჰამასი" და ისრაელმა საპასუხო ომი დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი გააფრთხილა, რომ თეირანის სხვა პროქსებთან, მათ შორის ლიბანში "ჰეზბოლასთან" და თვითონ ირანთან კონფლიქტი არ გაფართოებულიყო. დღეს კი ბევრი შიშობს, რომ ეს მომენტი დადგა და ამასთან, დასავლურ მედიაში ამ პროცესებში უკვე რუსეთის ღია ჩართულობაზეც ლაპარაკობენ. რა საფრთხეა იმისა, რომ ეს ყველაფერი გლობალურ ომში გადაიზარდოს და როგორ აისახება საქართველოზე, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- დიდი მოთამაშეები, ვისაც გავლენა აქვთ ახლო აღმოსავლეთში, გადართულნი არიან უკრაინის ომზე და ახალი დიდი ომის გაჩაღება არავის აწყობს. პრინციპში, ეს ამერიკას უფრო არ აძლევს ხელს. უკრაინის ომიდან აქეთ გადართვა არ იქნება ასე მარტივი. ასე რომ, მგონი, ისრაელი ვერ მიიღებს, ასე ვთქვათ, კურთხევას ამერიკისგან, რომ დაიწყოს სრულმასშტაბიანი ომი ირანთან.

- ირანის საჰაერო იერიში ძალიან მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმ წინა პირობებისა, რაც არსებობდა. რა შანსია, რომ ირანმა ასე გააგრძელოს?

- კაცმა არ იცის, რამდენად მოულოდნელი იყო ეს იერიში. მოულოდნელიც რომ იყოს და ირანმა რაკეტები კიდევ ერთხელ გაუშვას, რას მიაღწევს? ისრაელს საჰაერო თავდაცვა ყოველთვის სრულ მზადყოფნაში ჰყავს და მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მოულოდნელი იქნება. ირანის ამ თავდასხმის არსი ის იყო, რომ ერთდროულად ბევრი რაკეტა გაუშვეს, რათა ეს თავდაცვა გაერღვიათ და რამდენიმე რაკეტას მაინც მიეღწია მიზნისთვის. ფაქტია, რამდენიმემ მიაღწია. ისრაელმა გამოაცხადა, მხოლოდ ერთი კაცი დაიღუპა და ისიც პალესტინელიო. ჩვეულებრივი პროპაგანდაა და მეტი არაფერი, რადგან ირანი ამბობდა, რომ სამხედრო-საჰაერო ბაზა დაიბომბა, ისრაელმა კი თქვა, მხოლოდ ერთი პალესტინელი დაიღუპაო, ხაზი გაუსვა მის მუსლიმანობას. ასეთ დროს სიმართლეს ვინ იტყვის.

- ირანი ისე გაძლიერდა, რომ ბედავს ისრაელზე თავდასხმას?

- თავის დროზე, როდესაც სანქციები დაადეს, ირანმა დაიწყო მრეწველობის, მათ შორის სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე მუშაობა და დღეს უკვე აქვს საფუძვლიანი შეიარაღება, მათ შორის, რაკეტები. ვიღაცას ჰგონია, ირანი ჩამორჩენილი ქვეყანაა, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ჩვენ არ მოგვწონს დიქტატურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მეცნიერები არ ჰყავთ. ცხადია, ამას ისრაელში იმაზე კარგად შეიძლება ხვდებოდნენ და იცოდნენ, ვიდრე სხვები, მაგრამ ახლა, "ჰამასის" შარშანდელი თავდასხმის მერე, მომენტი დაიჭირა და აცხადებს, თავდაცვის უფლება მაქვსო. ამიტომაც ჯერ უპირისპირდებოდა "ჰამასს", მერე გადავიდა "ჰეზბოლაზე", მაგრამ "ჰეზბოლას" გამო უკვე პირდაპირ ირანს ეჯახება. "ჰამასის" უკან არავინ დგას, რეგიონში ძლიერი არც ერთი სახელმწიფო, "ჰეზბოლა" კი სხვა საქმეა.

- რა მიზეზით უნდა შეუშალოს ხელი ამერიკამ ისრაელს, რატომ არ მისცემს უფლებას, მით უმეტეს, საუბარია ირანზე, რომელიც ამერიკის მტერია?

- თუკი ისრაელი დაიწყებს ირანთან სრულმასშტაბიან სახმელეთო ომს, მასში მხოლოდ ისრაელი ხომ არ იქნება ჩართული? ამერიკა, ერაყში წამგებიანი ომის შემდეგ, ახლა ნამდვილად არ არის მზად, რომ ირანში მსგავსი რამ დაიწყოს -. ამერიკის გარეშე კი ისრაელი ვერაფერს იზამს. არა მგონია, ბირთვული რაკეტები ისროლოს, რადგან ამით რეპუტაციას დაისამარებს. ამის მერე რუსეთიც რას იზამს, ღმერთმა უწყის.

რეალურად უკრაინის ომმა განაპირობა ორი ბანაკის ჩამოყალიბება. ცალკე ბანაკად ყალიბდებიან რუსეთი, ჩინეთი და ირანი. რაც შეეხება ამ შეტევაში რუსეთის როლს, ასე შორს არ წავიდოდი. ჩემი აზრით, ირანმა ახლა დაინახა შანსი, რომ მიეტმასნოს რუსეთს. თუკი რუსეთი ომამდე, ასე თუ ისე, ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებდა დასავლეთთან და ირანთან მაინცდამაინც ახლოს არ მიდიოდა, ახლა რაც რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობა გაუფუჭდა, გადაწყვიტა, უფრო მეტად დაახლოვდეს ირანთან. რაც შეეხება ირანს, მას დასავლეთთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს 1979 წლის მერე და მოკავშირეებს ეძებს. ამიტომ რეალურად ირანთან დაახლოება უფრო მეტად რუსეთმა გადაწყვიტა, რადგან შეეზღუდა საგარეო-პოლიტიკური მანევრების საშუალება.

- შესაძლებელია მათი დაახლოება ისეთ ალიანსად გარდაიქმნას, რომელიც დასავლეთის, ნატოს საპირწონე გახდება?

- დღეს ისედაც ორპოლუსიანია პოლიტიკური რეალობა. მრავალპოლუსიანობაზე ლაპარაკი რუსებს უყვართ, რათა თვითონ ცალკე პოლუსად დაფიქსირდნენ, მაგრამ რეალურად რუსეთი იქცა ჩინური ბანაკის ნაწილად.

- ჩინეთს აწყობს ირანის გაძლიერება?

- ჩინეთი უკვე გლობალურ თამაშს თამაშობს და შესაბამისად, სურს ჰქონდეს გავლენა ახლო აღმოსავლეთში. თუკი ახლო აღმოსავლეთში ირანი მოკავშირედ ეყოლება, ამაზე უკეთესი რა იქნება? ირანი უზარმაზარი რესურსების ქვეყანაა, აქვს იარაღი და, თუკი მალე ატომურ იარაღსაც შექმნის, ეს რეგიონში სერიოზული ცვლილებების მომასწავებელი იქნება. პირველი - მასთან ომი იქნება ძალიან რთული და ცხადია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, და მეორე - ობამას დროს მოხერხდა, რომ ირანისთვის ხელი მოეწერინებინათ ბირთვულ შეთანხმებაზე და ტრამპის დროს უკან გამოვიდა, ახლა კი რუსეთის გარეშე ამ შეთანხმებაზე იოლად ხელს ვეღარ მოაწერინებენ. თუ რუსეთი ამის წინააღმდეგი წავა, ირანს შეეძლება მშვიდად შექმნას შეიარაღება, მით უმეტეს, ახლა ყველა გადართულია უკრაინის ომზე. ისრაელს აქვს ეს იარაღი, ყველამ იცის, მაგრამ თვალს ხუჭავენ და ირანმაც თუ შექმნა, მხოლოდ ისრაელს აღარ ექნება რეგიონში ბირთვული იარაღი.

- უახლოეს პერიოდში რა შეიძლება მოხდეს?

- ჩემი აზრით, გაგრძელდება ისრაელის წერტილოვანი დარტყმები. მსოფლიო პოლიტიკაში ანგელოზი არავინ არის და ცხადია, არც ისრაელი. "მოსადი" ძალიან დაუნდობელი სპეცსამსახურია, პირდაპირ ხოცავენ ირანელ ფიზიკოსებს, რომ არ მიეცეთ ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება. რამდენიმე წლის წინ ვირუსი შეუგზავნეს და დიდი ხნით ბირთვული რეაქტორები გამოიყვანეს მწყობრიდან. რაც შეეხება ფართომასშტაბიან ომს, ამ ეტაპზე ნაკლები შანსია. თუმცა, თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, თუკი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვეხება.

- იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინის ომი?

- უკრაინის ომი უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში არ არის და ეს გვშველის. საქართველოში ვინმე სიგიჟეს თუ არ ჩაიდენს და რუსეთს პირდაპირ არ გამოუცხადებს ომს, ჩვენთვის სახიფათო არ არის. აქ კი როდესაც მიდის ომი და შეიძლება ჩაერთონ რუსეთი და რეგიონის სხვა მოთამაშეები, მაშინ შეიძლება გაქციონ კორიდორად. სხვათა შორის, იყო ამის საფრთხე ყარაბაღის ომის დროს და მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა. ამიტომ, თუ ისრაელ-ირანის დაპირისპირებამ გლობალური ომის სახე მიიღო, ეს საფრთხე ძალზე რეალურია.

რუსა მაჩაიძე