ყაზახეთს სჭირდება ატომური ელექტროსადგური, მაგრამ ჯერ მოსახლეობას ეკითხება...
რეფერენდუმი ლათინური სიტყვაა და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხზე თითოეული მოქალაქის მოსაზრების დაფიქსირებას ითვალისწინებს ხმის მიცემის სახით. რეფერენდუმი უცილობლად დემოკრატიის უმაღლესი გამოვლინებაა და მისასალმებელია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ სწორედ ეს გზა აირჩია ქვეყნისთვის იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას უკავშირდება.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოს განცხადების თანახმად, ამ რეფერენდუმის გასაშუქებლად მსოფლიოს 37 ქვეყნიდან 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი მიიწვიეს, საქართველოდან კი თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია ბირთვული შეიარაღებისა და ატომური ელეტროსადგურების უსაფრთხოების თემებზეც მუშაობს (სხვათა შორის, წელს შესრულდა ზუსტად 20 წელი, რაც ამ სტატიის ავტორი "კვირის პალიტრისთვის" ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად ჩავიდა მცხეთის დაკონსერვებული საკვლევი ატომური რეაქტორის "გულში" (იქ, სადაც აქტიური ზონა იყო) ნარჩენი რადიაციული ფონის გასაზომად.
ყაზახეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 6 ოქტომბერს "ატომური რეფერენდუმის" ჩატარებისთვის შეიქმნა ხმის მიცემის 10 327 უბანი (მათ შორის 78 უბანი საზღვარგარეთის 63 ქვეყანაში), ხოლო რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მიეცა 18 წელზე უფროსი ასაკის 12 244 683 ყაზახეთის მოქალაქეს.
"კვირის პალიტრის" ამ ნომრის 7 ოქტომბერს გამოსვლისთვის ბოლომდე არ იყო დათვლილი რეფერენდუმის შედეგები და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მაინც რაში დასჭირდა ყაზახეთის ხელისუფლებას 15,5 მლრდ ყაზახური ტენგეს (32,3 მლნ აშშ დოლარი) ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯვა ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად, თუკი სხვა სახელმწიფოები, რომლებიც თავს დებენ დიდ დემოკრატიულობაზე, არც ეკითხებიან საკუთარ მოსახლეობას როდის ან სად ააშენონ მორიგი ატომური ელექტროსადგური?
საქმე ის არის, რომ საბჭოთა მემკვიდრეობამ ყაზახებს დაუტოვა ძალიან ძლიერი "ატომური ფობია" - პირველი საბჭოთა ატომური ბომბის (რომელიც, სხვათა შორის, იაპონურ ნაგასაკიში ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბ "მსუქანას" თითქმის სრულ ასლს წარმოადგენდა, რადგან საბჭოთა დაზვერვამ მოიპარა მისი ნახაზები) საცდელი აფეთქება სწორედ ყაზახეთის სემიპალატინსკის პოლიგონზე ჩაატარეს 1949 წლის 29 აგვისტოს.
მას შემდეგ, 1991 წლის 29 აგვისტომდე, სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონის ოფიციალურად დახურვამდე, 42 წლის განმავლობაში იქ არანაკლებ 468 ატომური და თერმობირთვული საცდელი აფეთქება მოეწყო, მათ შორის 125 ატმოსფეროში (26 მიწისზედა, 91 საჰაერო და 8 სტრატოსფეროში) და 343 კი მიწისქვეშა შტოლნებსა და ჭებში.
ყაზახეთის მოსახლეობისა და ეკოსისტემისთვის განსაკუთრებით საშიში გახლდათ 1949-1963 წლებში ატმოსფერული ატომური და თერმობირთვული აფეთქებები, როდესაც 55 შემთხვევაში მაღალრადიოაქტიური გაზის ფრაქცია სემიპალატინსკის პოლიგონის ფარგლებს გასცდა. 1963 წლიდან ატმოსფეროში ბირთვული აფეთქებების საერთაშორისო აკრძალვის მიუხედავად, სემიპალატინსკის პოლიგონზე მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებების დროს 169 შემთხვევაში, დაუდევრობისა თუ არასწორი ინჟინრული გათვლების გამო, მიწისქვეშა ბირთვული აფეთქების გაზის ფრაქცია ატმოსფეროში გამოიჟონა და პოლიგონის საზღვრებს გასცდა.
საერთო ჯამში, 224 ბირთვული აფეთქების შედეგმა ყაზახეთის მთელი აღმოსავლეთი ნაწილის საშიში რადიაციული დაბინძურება გამოიწვია, რამაც, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედა ყაზახეთში მცხოვრებთა ერთი ნაწილის ჯანმრთელობაზე, რაც საბჭოთა პერიოდში იჩქმალებოდა.
გარდა ბირთვული აფეთქებებისა, ყაზახეთის მიწა ვერ გადაურჩა ბაიკონურის კოსმოდრომიდან სტარტაღებული სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების რაკეტების გაშვებისას მომხდარ სერიოზულ კატასტროფებს, ასევე რაკეტა-მატარებლების პირველი საფეხურების მასობრივად დაცემას, რასაც დიდი ეკოლოგიური ზიანი მოჰქონდა, რადგან ამ რაკეტების ძრავების თხევადი საწვავი აზოტის მჟავის ძალზე მომწამვლელ ქიმიურ კომპონენტებს შეიცავდა.
1957 წლიდან მოყოლებული ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვებულ იქნა 1 500-ზე მეტი კოსმოსური რაკეტა-მატარებელი და 100-ზე მეტი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. მათმა ნაწილმა სტარტის მომენტშივე განიცადა კატასტროფა.
ასეთი საშინელი "საბჭოთა მემკვიდრეობა" არც ერთ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას არ დარჩენია (თუ არ ჩავთვლით 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ საშიშ ავარიას, რაც მეოთხე ატომურ რეაქტორზე არასწორად დაგეგმილმა და ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოიწვია) და ბუნებრივია, თანამედროვე ყაზახების ნაწილში გავრცელებულია "ატომური ფობია" - ახალი "ჩერნობილის" საფრთხის საშიშროებაში ცხოვრება არავის სურს, მაგრამ რამდენად საშიშია ის თანამედროვე ატომური რეაქტორები, რომლებსაც ნახევარი მსოფლიო ამუშავებს?
დღეისათვის მსოფლიოს 32 ქვეყანაში 440 ბირთვული რეაქტორი (ენერგობლოკი) ფუნქციონირებს, 54 მშენებლობის სტადიაშია, ხოლო 201 რეაქტორი დახურულია.
ყველაზე უხიფათო თანამედროვე ბირთვულ რეაქტორად ითვლება PWR (Pressurized Water Reactor) კლასის III+ თაობის ორკონტურიანი რეაქტორი, რომელიც კონსტრუქციულად გამორიცხავს ისეთ კატასტროფულ შედეგებს, რაც ჩერნობილისა და ფუკუსიმის რეაქტორებში წყლით გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.
თუკი რეფერენდუმის შედეგებში ატომური ელექტროსადგურის აშენების მომხრეების რიცხვი გაიმარჯვებს (რაც არის კიდეც მოსალოდნელი) ბევრი განვითარებული ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი (რეაქტორი EPR1200), სამხრეთ კორეა (რეაქტორი APR1400) თუ ჩინეთი (რეაქტორი HPR1000) მზად არიან ყაზახეთს შესთავაზონ სწორედ ასეთი თანამედროვე და ბევრად უხიფათო ატომური ელექტროსადგურების საკუთარი პროექტები. თავის მხრივ, რუსეთი შეეცდება ყაზახეთი დაიყოლიოს თავისი ВВЭР-1200 ტიპის რეაქტორის აშენებაზე.
რატომ სჭირდება ყაზახეთს მაინცდამაინც ატომური ელექტროსადგურის აშენება?
ყაზახეთი ელექტროენერგიის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, რის გამოც იძულებულია ის მეზობელი ქვეყნებისგან შეიძინოს. ამასთან, ყაზახეთი ელექტროენერგიის 70%-ს თბოელექტროსადგურებში გამოყენებული ქვანახშირის დაწვით გამოიმუშავებს, რაც მძიმედ აწვება ქვეყნის ეკოლოგიას.
ელექტროენერგიის მოთხოვნა ყაზახეთში მზარდი პროცესია, რისი დაკმაყოფილება ქარის და მზის ენერგიით ტექნიკურადაც ურთულესია, ამიტომ სიტუაციის რადიკალურად გამოსწორება მხოლოდ სამი ატომური ელექტროსადგურის ამუშავებას თუ შეუძლია.
ყაზახეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს მოპოვებული ურანის მადნით - 2022 წელს 21,3 ათასი ტონა ურანი მოიპოვა ყაზახეთმა, რომელიც გადამუშავების შემდეგ მსოფლიოს უმეტეს ბირთვულ რეაქტორებში გამოიყენება საწვავად.
მართლაც, ცოტა უცნაურია, ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ურანს მოიპოვებს და ამარაგებს ასობით ბირთვულ რეაქტორს საზღვარგარეთ, თავად არ გააჩნია ატომური ელექტროსადგური?
სიმართლე ითქვას, ყაზახეთის ტერიტორიაზე, აქტაუში, 1973-1999 წლებში ფუნქციონირებდა მსოფლიოში პირველი საცდელი რეაქტორი სწრაფ ნეიტრონებზე, რომლის მეოთხედსაუკუნოვანმა უავარიო ექსპლუატაციამ დაამტკიცა, რომ ყაზახებს ჰყავთ სპეციალისტები ატომურ ენერგეტიკაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ატომური ელექტროსადგურის გამართულად მუშაობას.
ყაზახეთის ხელისუფლებას უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით უკვე შერჩეული აქვს ადგილი, სადაც შეიძლება პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენება - ეს არის ბალხაშის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე დასახლება ულკენი, რომელიც 310 კმ-ითაა დაშორებული ალმათიდან და 680 კმ-ით დედაქალაქ ასთანიდან.
ულკენი 1984 წელს დაარსდა, როდესაც იქ დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპირებდნენ, რაც არ შედგა. ულკენს სოფელი ჰქვია, მაგრამ იქ მხოლოდ მაღალსართულიანი კორპუსებია და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც გააადვილებს ატომური ელექტროსადგურის აშენების დაწყებას.
რეფერენდუმზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ყაზახეთს, გამომდინარე არჩეული პროექტიდან, 8-10 წელი და 10-15 მლრდ დოლარი მაინც დასჭირდება პირველი, არანაკლებ ორრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის საერთო თბური სიმძლავრე 4-8 ათას მეგავატს მიაღწევს და 60 წელზე მეტხანს იმუშავებს.
P.შ. ის, რაც ხდება ყაზახეთში, ძალზე აქტუალურია ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, რომელსაც სურს ძველი, ჯერ კიდევ 1980 წელს ამოქმედებული მეწამორის მეორე ატომური რეაქტორი ახალი, მოდულური ტიპის დასავლური რეაქტორით შეცვალოს.
რაც შეეხება საქართველოს, რომელიც მდიდარია მდინარეებითა და მასზე აგებული ჰიდროელექტროსადგურებით, ადრე თუ გვიან, მაინც დასჭირდება ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი წყაროები, თუმცა საქართველოს მოსახლეობა ჯერ მზად არ არის განიხილოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობა.
ირაკლი ალადაშვილი, სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის"
ასთანიდან, ყაზახეთი