როგორ მივცეთ ხმა 26 ოქტომბერს ელექტრონულ უბანზე - კვირის პალიტრა

როგორ მივცეთ ხმა 26 ოქტომბერს ელექტრონულ უბანზე

პარლამენტის არჩევნები წელს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება - ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა თითქმის 90% არჩევანს ხმისმთვლელი აპარატებით გააკეთებს. ელექტრონული უბნები მთელ ქვეყანაშია გახსნილი. ძველი წესით არჩევანის­ გაკეთება მხოლოდ იმ უბნებზე შეიძლება, სადაც ცოტა ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული წესით არჩევნები­ უკვე წლებია იტესტება სხვადასხვა არჩევნების დროს ცალკეულ უბანზე, წელს პირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და მნიშვნელოვანია­ ვიცოდეთ, რითი განსხვავდება ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული არჩევნების დროს და რა უნდა გავაკეთოთ.

მთავარი ის არის, რომ ელექტრონული არჩევნების დროს არ არის გამოყენებული ინტერნეტი და ყველანაირი კიბერშეტევა გამორიცხულია და თქვენი ხმის ფარულობა სრულად უზრუნველყოფილია.

სად უნდა მივცეთ ხმა

ვიდრე ხმის მიცემის პროცედურაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ გადაამოწმოთ, სად აძლევთ ხმას, რადგან წელს საარჩევნო უბნების ნაწილი გაერთიანდა და შესაძლოა სხვა ადგილზე მოგიწიოთ ხმის მიცემამ და არა იქ, სადაც აქამდე აძლევდით. ამიტომ შედით ცესკოს ვებგვერდზე: cesko.ge და პირველ გვერდზე ნახავთ განყოფილებას "ამომრჩეველთა სია", დაკლიკავთ ამ ფანჯარას და სულ ორი ველი იქნება შესავსები, სადაც წერთ თქვენს პირად ნომერს და გვარს, მიუთითებთ, რომ არა ხართ რობოტი და ამოგიგდებთ თქვენს მონაცემებს, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ნომერი. ამ ნომერს თუ დაკლიკავთ, ნახავთ ამ უბნის მდებარეობას რუკაზე, რაც, ცხადია, გაგიადვილებთ უბნის პოვნას, თუკი ახალ უბანზე გიწევთ ხმის მიცემა. გარდა ამისა, თქვენ ამით გადაამოწმებთ იმასაც, თუ ვინ არის ჩაწერილი თქვენს მისამართზე. გაითვალისწინეთ, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ეს მონაცემები აღარ შეიცვლება.

არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა ასეთია:

რეგისტრაცია

საარჩევნო უბანზე უპირველესად გადიხართ რეგისტრაციას. ამისთვის კი საჭიროა საარჩევნო ოთახის კართან რიგის მომწესრიგებელს წარუდგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიაროთ მარკირება. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გქონდეთ ID პირადობის მოწმობა, სხვა შემთხვევაში ხმის მიცემას ვერ შეძლებთ. რიგის მომწესრიგებელი სპეციალური აპარატის (ფარნის მსგავსი აპარატი) მეშვეობით შეამოწმებს, თითებზე (ცერა ან საჩვენებელი) გაქვთ თუ არა მარკირება გაკეთებული. თუ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხმა სადღაც მიცემული გაქვთ და განმეორებით ხმის მიცემას ვეღარ შეძლებთ.

ამის შემდეგ შედიხართ საარჩევნო ოთახში და მიდიხართ რეგისტრატორთან თქვენი­ იდენტიფიცირებისთვის. აქ კი უკვე სიახლე დაგხვდებათ!

გაითვალისწინეთ, რომ აქამდე რეგისტრატორებს შორის ამომრჩევლები გადანაწილებული იყვნენ ანბანის მიხედვით და თქვენ რეგისტრატორთან თქვენი გვარის პირველი ასოს მიხედვით მიდიოდით. ახლა ეს პროცედურა ამოღებულია და მიდიხართ თავისუფალ რეგისტრატორთან, რომელიც თქვენს იდენტობას აპარატის საშუალებით გადაამოწმებს.

თქვენ აწვდით თქვენს ID ბარათს ან პასპორტს, ის ჩამოუსვამს სათანადო ჭრილში (წამკითხველში) დოკუმენტს და ეკრანზე გამოჩნდება თქვენი მონაცემები. თუ მონაცემები სწორია, გაივლით მარკირებას ანუ ცერა ან საჩვენებელ თითზე გასხამენ სპეციალურ სითხეს და რეგისტრატორი ბეჭდავს ქვითარს, რომელზეც თქვენ ხელს აწერთ და რეგისტრატორი მას ჩააგდებს გაუმჭვირვალე ყუთში.

ამის შემდეგ რეგისტრატორი გაძლევთ ბიულეტენს და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემისთვის ორივე აუცილებელი ატრიბუტია!

იმის გამო, რომ ელექტრონულ არჩევნებში ბიულეტენი განსხვავებული ფორმატითა და განსხვავებული მასალით იბეჭდება, მისი გადაკეცვა არ შეიძლება. ამიტომ ხმის ფარულობისთვის აუცილებელია ის ჩარჩო-კონვერტში იდოს ხმის მიცემამდე.

5adbc57e-afdf-4a0e-97b9-a408927b261f-7r0a3308-jpg-2560px-1728244081.jpg
საარჩევნო ოთახის კართან რიგის მომწესრიგებელს წარუდგინეთ თქვენი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიარეთ მარკირება

ხმის მიცემის კაბინაში

ბიულეტენის და ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ თქვენ შედიხართ თავისუფალ კაბინაში. ბიულეტენზე არის არჩევნებში მონაწილე პარტიების სია და წინ არის წრე, რომელიც უნდა გააფერადოთ სპეციალური კალმით.

06f84717-9063-4225-9683-8645631adaee-2h1a7292-jpg-2560px-1728244081.jpg
რეგისტრატორს აწვდით თქვენს ID ბარათს ან პასპორტს, ის დოკუმენტს ჩამოუსვამს სათანადო ჭრილში (წამკითხველში) და ეკრანზე გამოჩნდება თქვენი მონაცემები

გაითვალისწინეთ, რომ უნდა გააფერადოთ მხოლოდ ერთი წრე და თან სრულად, ისე, რომ არ გადავიდეს წრის გარეთ. ხმისმთვლელი აპარატი მხოლოდ ასე გაფერადებულ წრეს აღიქვამს და თქვენი ხმა მიცემულად მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება.

ამის შემდეგ ამოაბრუნეთ ბიულეტენი, მოათავსეთ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, რათა თქვენი არჩევანის ფარულობა დაიცვათ.

fcd690dd-a92f-4eea-9f34-5f818ffcedd6-2h1a7296-jpg-2560px-1728244081.jpg
თუ მონაცემები სწორია, გაივლით მარკირებას ანუ ცერა ან საჩვენებელ თითზე გასხამენ სპეციალურ სითხეს

ბიულეტენის ყუთში ჩაგდება

როცა ხმის მიცემის კაბინიდან გამოხვალთ, ბიულეტენი მოთავსებული უნდა იყოს ჩარჩო-კონვერტში. კაბინაშივე დარწმუნდით, რომ ბიულეტენი კონვერტში სწორად დევს - ზედა მხარე, სადაც პარტიების ჩამონათვალია, უნდა მოექცეს ქვემოთ, ანუ უნდა ამოაბრუნოთ ბიულეტენი.

შემდეგ მიდით საარჩევნო ყუთთან, ჩარჩო-კონვერტიდან ბიულეტენის ის ნაწილი, რომელიც ჩანს, მიიტანეთ აპარატის ჭრილთან და შეაცურეთ ფურცელი. გაითვალისწინეთ, რომ კონვერტს ხელი არ მოუჭიროთ, რათა აპარატმა ადვილად მიიღოს თქვენი ბიულეტენი. დაელოდეთ, ვიდრე აპარატი არ დაწერს, რომ თქვენი ხმა მიღებულია.

66dc934d-4383-423c-99f0-92dfb08ddfd5-2h1a4378-jpg-2560px-1728244081.jpg
ვერიფიკაციის შემდეგ აპარატიდან ამოიბეჭდება ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც თქვენ ადასტურებთ არჩევნებში მონაწილეობას

თუკი აპარატი ბიულეტენს არ მიიღებს, სცადეთ მეორედ, თუ მაინც არ მიიღო, მაშინ ბიულეტენის გამოცვლა უნდა მოითხოვოთ, რადგან ორჯერ დაბრუნებული გაფუჭებულად ითვლება. ბიულეტენის გაფუჭების მიზეზი, ძირითადად, ტექნიკურია. მაგალითად, აპარატში უხერხულად, არასწორი კუთხით შეაცურეთ, ან გადაკეცეთ და ისე შეაცურეთ მთვლელ მანქანაში.

ორჯერ არმიღებულ ბიულეტენს იბარებს უბნის კომისიის თავმჯდომარე, აჭრის კუთხეს, აწერს, რომ გაფუჭებულია და რეგისტრატორს ავალებს, მოგცეთ ახალი ბიულეტენი და თქვენ თავიდან აძლევთ ხმას.

8552553e-2820-446b-ab47-16f695bfe000-2h1a4397-jpg-2560px-1728244123.jpg
რეგისტრატორი გადმოგცემთ ბიულეტენს და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემისთვის ორივე აუცილებელი ატრიბუტია!

სულ ეს არის, თქვენი არჩევანი გაკეთებულია.

თუმცა მთელ ამ პროცედურაში მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

1516c801-4009-4061-9009-85a3f8ad3b2a-2h1a1045-jpg-2560px-1728244082.jpg
ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე უნდა გააფერადოთ მხოლოდ ერთი წრე და თან სრულად, ისე, რომ არ გადავიდეს წრის გარეთ. ხმისმთვლელი აპარატი მხოლოდ ასე გაფერადებულ წრეს აღიქვამს

ხმის გაბათილება და ბიულეტენის გაფუჭება

მნიშვნელოვანია, რომ ბიულეტენზე სასურველი კანდიდატი წესების დაცვით მოინიშნოს - ანუ გაფერადდეს სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებული წრე. სხვა შემთხვევაში, ბიულეტენს მანქანა ვერ აღიქვამს და ვერც ხმას ვეღარ ჩათვლის - ანუ თუკი წრეს შემოხაზავთ, გაუკეთებთ აღნიშვნას, დაუსვამთ წერტილს, გააკეთებთ რაიმე ნახატს, გააფერადებთ ერთზე მეტს, ერთის გაფერადების დროს შემთხვევით გადახვალთ მეორეზე, გადახაზავთ ყველას, არც ერთს არ შემოხაზავთ და ა.შ.

4e6abe08-d447-4ea1-87f5-c68abc4c7858-2h1a2252-jpg-2560px-1-1728244081.jpg
კაბინაშივე დარწმუნდით, რომ ბიულეტენი კონვერტში სწორად დევს - ზედა მხარე, სადაც პარტიების ჩამონათვალია, უნდა მოექცეს ქვემოთ, ანუ უნდა ამოაბრუნოთ ბიულეტენი

ამიტომ, თუკი ეს შემთხვევით გააკეთეთ და გინდათ თქვენი ხმა არ დაიკარგოს, უნდა მიმართოთ თავმჯდომარეს, რომ შეგიცვალოთ ბიულეტენი.

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი კომისიის თავმჯდომარემ, ისე, რომ თავადაც არ დახედოს მას, თქვენი თანდასწრებით უნდა დაკეცოს, სტეპლერით შეკრას, ჩამოაჭრას კუთხე და ზედ დააწეროს: "გაფუჭებულია". ამის შემდეგ გაფუჭებულ ბიულეტენს ხელს აწერს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის ცალკე ინახება იმ დრომდე, სანამ არჩევნები არ დასრულდება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაფუჭებული ბიულეტენი ილუქება.

ეს პროცედურა ეხება როგორც მთვლელი მანქანის მიერ ორჯერ დაბრუნებულ ბიულეტენს, ასევე იმას, რომელიც თქვენ გაგიფუჭდათ.

191a8aa2-3aec-4b21-90d2-eae21845cae6-2h1a0978-jpg-2560px-1728244082.jpg
საარჩევნო ყუთთან, ბიულეტენის ის ნაწილი, რომელიც ჩანს ჩარჩო-კონვერტიდან, მიიტანეთ აპარატის ჭრილთან და შეაცურეთ ფურცელი. კონვერტს ხელი არ მოუჭიროთ, რათა აპარატმა ადვილად მიიღოს თქვენი ბიულეტენი

რა ხდება მაშინ, თუკი მეორედაც გაგიფუჭდებათ ბიულეტენი? ასეთ შემთხვევაში, ცესკოს ინსტრუქციის თანახმად, ამომრჩეველი აცნობებს თავმჯდომარეს, რომ დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ბიულეტენის შევსებას. ამის შემდეგ თავმჯდომარე უბანზე მყოფ რომელიმე ამომრჩეველს მისცემს უფლებას კენჭისყრის კაბინაში შემოგყვეთ და დაგეხმაროთ.

თუმცა ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა და მისი განზრახ დაზიანება ან უბნიდან გატანა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ხაზს ვუსვამთ სიტყვა "განზრახს", რადგან თუკი განზრახ არ გააფუჭეთ, ორჯერ შეგიძლიათ შეცვლა მოითხოვოთ და მეორედ კი უკვე სხვა ამომრჩეველი დაგეხმარებათ.

უნდა იცოდეთ, რომ დახმარების უფლება აქვს მხოლოდ უბანზე მყოფ რომელიმე ამომრჩეველს და არც ერთ შემთხვევაში სხვა რომელიმე პირს - კომისიის წევრს, პარტიის წარმომადგენელსა და დამკვირვებელს.

99ab0e35-3afd-4533-8a3f-9f4f4f0556c3-2h1a7984-jpg-2560px-1728244082.jpg
დაელოდეთ, ვიდრე აპარატი არ დაწერს, რომ თქვენი ხმა მიღებულია

როგორ მივცე ხმა "არავის"

არჩევნებში არმონაწილეობა და ხმის არავისთვის მიცემა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან ხმები პროცენტულად ითვლება არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობიდან. აქამდე ხმის არავისთვის მიცემის მეთოდი იყო ყველას გადახაზვა, სხვადასხვა ინტერპრეტაციით. არავის შემოხაზვა ყოველთვის სარისკო იყო, რადგან ხმის დათვლისას შანსი ჩნდებოდა, ვინმეს მისთვის სასურველი ჩუმად შემოეხაზა. ახლა ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად იცვლება. საქმე ის არის, რომ მანქანა ითვლის მხოლოდ ერთ სრულად გაფერადებულ წრეს. ამიტომ, თუკი არავის შემოხაზავთ, მანქანა ვერავის ჩათვლის და გაბათილდება.

ცხადია, ისევ არის რისკი, რომ ვინმემ მერე გადათვლისას მისთვის სასურველი გააფერადოს, მით უმეტეს, კანონმდებლობით, მას შემდეგ, რაც აპარატი ამობეჭდავს დათვლილი ხმების შედეგებს, კომისია ითვლის ხელით და უპირატესობა ენიჭება საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. კომისიას კი აქვს უფლება ხმა მიცემულად ჩაითვალოს, თუკი წრე სრულად გაფერადებული არ არის, მაგრამ ჩანს ამომრჩევლის არჩევანი.

ანუ თუ თქვენ არავის შემოხაზავთ, არის შანსი, ვინმემ ხმის დათვლისას ასეთ ბიულეტენზე მალულად რაღაც აღნიშვნა გააკეთოს და ის ჩაითვლება. ამიტომ, თუ გინდათ ხმა არავის მისცეთ, ჯობს, ბიულეტენი სულ ცარიელი არ დატოვოთ.

არის შანსი, რომ ყველა გადახაზოთ, მაგრამ ისე, რომ კალამი პარტიების წრეს არ შეახოთ (გადახაზეთ მხოლოდ პარტიების ჩამონათვალი), რადგან თუ შემთხვევით რომელიმე წრე მთლიანად გაფერადდება, აპარატი ამას მიიღებს, და, თუკი რაღაცნაირად რომელიმე მაინც მოინიშნა, შეიძლება ეს უკვე ხელით გადათვლისას ჩათვალონ.

ცხადია, ყველა შემთხვევაში ჯობს არჩევანი გააკეთოთ, მაგრამ ეს იმისთვის, რომ იცოდეთ, როგორ მოიქცეთ, თუკი თქვენი არჩევანი ხმის არავისთვის მიცემასთან დაკავშირებით მყარია.

და ბოლოს, ელექტრონული ხმის მიცემა ძალიან მარტივია და ამას კარგად აჩვენებს ცესკოს სპიკერის მიერ მედიისთვის მოყოლილი: "გასული წლის ივნისში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკში პატარებს ელექტრონული სისტემით ავარჩევინეთ მათთვის საყვარელი მულტფილმის გმირები. 500-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა "ელექტრონულ არჩევნებში" და არც ერთი "ბიულეტენი" არ იყო ბათილი".

რუსა მაჩაიძე