უდიდესი მიწისქვეშა ქალაქი კაპადოკიაშია - კვირის პალიტრა

უდიდესი მიწისქვეშა ქალაქი კაპადოკიაშია

კაპადოკიაში, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო მოვიდა, მრავალი ეკლესია და სალოცავია. ჩვენთვის, ვარძიისა და უფლისციხის პატრონებისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქები. მთელი აქაური მიწისქვეშა სამყარო იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ისინი ნაკვეთია ვულკანურ ქანში - რბილ ტუფში, რომელიც ადვილად მუშავდება, შემდეგ კი ჰაერზე მალევე მკვრივდება. ჯერჯერობით აღმოჩენილია 8 მოზრდილი და ათეულობით მომცრო მიწისქვეშა ქალაქი. კაპადოკიაში უდიდესი მიწისქვეშა ქალაქია დერინქუიუ, რომელიც იმავდროულად უდიდესია მსოფლიოში.

დერინქუიუდან 30 კმ-ში მდებარეობს სიდიდით მეორე მიწისქვეშა ქალაქი ნევშეჰირი, ხოლო სიდიდით მესამე ქალაქი, კაიმაკლი, დერინქუიუდან 9 კმ-ითაა დაშორებული და ისინი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება. დერინქუიუ (თურქულად "ღრმა ჭა") უძველესი მრავალსართულიანი ქალაქია, რომლის სიღრმე 60 მეტრია. ქალაქი 8 იარუსისგან (სართულისგან) შედგება. თუმცა ვარაუდობენ, რომ იარუსების რაოდენობა შეიძლება 12 იყოს. დერინქუიუ 1963 წელს აღმოაჩინეს. მისი შესწავლილი ფართობი 2,5 კვკმ-ია, თუმცა მეცნიერთა შეფასებით, შესწავლილია ტერიტორიის მხოლოდ 10-15%. ქალაქში არანაკლებ 20 000 კაცს შეეძლო თავის შეფარება რამდენიმე თვის სამყოფი საკვებითა და შინაური პირუტყვით. ადგილობრივი მკვიდრნი აქ საუკუნეების განმავლობაში ემალებოდნენ მტრებს.

es-didia-1728244761.jpeg

დერინქუიუ, სავარაუდოდ, ხეთების პერიოდში აშენდა ძვ.წ. 1900-1200 წლებში, მაგრამ მიიჩნევენ, რომ არსებული მიწისქვეშა ქალაქების გამოკვეთა კაპადოკიაში გაცილებით ადრე დაიწყო.

ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რომ კაპადოკიაში ინდოევროპელი ხეთების გამოჩენამდე, ანუ ადრეული და საშუალო ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 2500-1700), აქ სახლობდნენ ავტოქთონი ხათები, იგივე პროტოხეთები. მათი დედაქალაქი იყო ხათუსა, ახლანდელი ბოღაზქოი, და სწორედ "ბოღაზქოის არქივად" წოდებულ საცავებში აღმოაჩინეს 1834 წელს ლურსმული წარწერები ხათების ენაზე, რომელიც თავისი სტრუქტურით უახლოვდება კავკასიურ, კერძოდ, ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ ენებს.

derinkuyu-underground-city-1728244761.jpg

ხეთების მიერ ავტოქთონური მოსახლეობის ასიმილაციას დაახლოებით 1000 წელიწადი დასჭირდა. ხოლო მიწისქვეშა ქალაქების თავშესაფრად მასობრივად გამოყენება "გახეთებულმა" მოსახლეობამ ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში დაიწყო, როცა კაპადოკიას ძველი სპარსეთი იპყრობდა. სპარსეთს მოჰყვა რომი, მიწისქვეშა ქალაქებში გამოჩნდნენ პირველი დევნილი ქრისტიანებიც, შემდეგ გაბატონდა ბიზანტია. სამსაუკუნოვანი სიმშვიდის შემდეგ ქრისტიანთა დევნა განაახლეს ომაიანებისა და აბასიანების არაბულმა სახალიფოებმა. ამიტომ ქრისტიანებმა ახ.წ. V საუკუნიდან კაპადოკიის მიწისქვეშა სივრცეების გაფართოებას მიჰყვეს ხელი...

დერინქუიუში მრავალი სავენტილაციო შახტი და ჭაა. მიწიდან პირველ იარუსზეა თავლა და პირუტყვის სადგომი, ზეთისხილისა და ყურძნის საწური წნეხი, ძირითადად ოროთახიანი საცხოვრებლები, სამზარეულო, სასადილო და ეკლესია. მეორე იარუსზე სასულიერო სასწავლებლის დიდი დარბაზია თაღოვანი ჭერით, პურის საცხობი, მარანი. მესამე-მეოთხე იარუსებზე არსენალის საწყობებია, ხოლო მეხუთე-მეექვსე-მეშვიდე იარუსები, სადაც სკოლები და პატარა ეკლესიაა განთავსებული, შედარებით დაბალჭერიანია. თუმცა, მერვე იარუსზე მდებარე საკრებულო დარბაზი საკმაოდ ვრცელია.

დერინქუიუს ყველა დარბაზი და გვირაბი შესანიშნავად ნიავდება. საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსია. ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია მრავალი გასასვლელით, მათ შორის ზოგი საიდუმლოა. საფრთხის დროს გასასვლელები 200-500-კილოგრამიანი მგორავი ლოდებით იხერგებოდა. დერინქუიუ ისეთ ლაბირინთად იყო ქცეული, რომ მტრის შეღწევის შემთხვევაშიც კი, უცხოთათვის უკან გამოსვლა ძალიან რთული ამოცანა იყო. ამიტომაც უდიდესი მიწისქვეშა ქალაქი დერინქუიუ არავის დაუპყრია.

რამაზ გურგენიძე