"ჩვენ სულელურ თამაშში ჩავებით... თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ველოდები, რომ აქ რძისა და თაფლის შადრევნები ამოიფრქვევა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ჩვენ სულელურ თამაშში ჩავებით... თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ველოდები, რომ აქ რძისა და თაფლის შადრევნები ამოიფრქვევა, მაგრამ..."

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილებით შეჩერებულია ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. "უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა წევრ სახელმწიფოებთან, თუ როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდას, კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეა საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომელთა საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა "ქარდი", წარწერით: "იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება". გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი "ქარდი" გამოაქვეყნა წარწერით "დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ". ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ყველაფერს შიდა საქმეებსა და საარჩევნო პროცესში ჩარევად აფასებენ, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვას გვპირდებიან, მაგრამ ასეთი გამწვავებული დამოკიდებულების შემდეგ, ეს რამდენად შესაძლებელია? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილთან:

- საქმე ის არის, ამ ხელისუფლებამ დაკარგა დასავლური სახელმწიფოების ნდობა. მისი პოლიტიკა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არის სრულიად არაპროგნოზირებადი, აგებული შეთქმულების თეორიებზე. ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთს დაუკავშირებელი რაღაცები დაუკავშირა, ანუ შვეიცარიის ბანკთან მისი დავა მიაბა საქართველოს ვითომ ომში ჩათრევის მცდელობას. ის, რომ ეს ფული ვერ აიღო, მიიჩნია დასანქცირებად და აქედან შექმნა შეთქმულების თეორია, რომ მას სჯიან, საქართველო ომში რომ არ ჩაერთო. თუ ვინმეს მისი დასჯა სურდა ჩრედიტ შუისსე-თან მისი დავით, ის ვერ მოიგებდა იმ სასამართლო პროცესებს, რაც მოიგო.

დასავლეთს არათუ საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, არამედ იმას ფიქრობს, როგორ დაასრულოს უკრაინა-რუსეთის ომი ისე, რომ უკრაინაც არ დარჩეს წაგებული და ის ზარალიც აღმოფხვრას, რასაც ომის შედეგად იღებს.

დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ომში ჩართვა 2-3 დღეში დასრულდება, რადგან ჩვენს ჯარს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, არ არის საკმარისად შეიარაღებული, არა გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, დრონები და ა.შ. განმეორდება ის, რაც 2008 წელს მოხდა, და ეს კიდევ დასავლეთის მარცხი იქნება. რატომ მოითხოვდნენ საქართველოსგან ისეთ რამეს, რაც წინასწარ განწირულია მარცხისთვის და რაც სწორედ დასავლეთის მარცხად გაფორმდება? ასე რომ, "ოცნებას" გამარჯვების შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა.

ოპოზიციას გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია თუ არა ურთიერთობების მეტ-ნაკლებად გამოსწორება?

ნამდვილად ც დასავლეთთან ურთიერთობაში მოიხსნება ის მძიმე ფონი, რაც რიგი კანონების მიღებამ შექმნა. მერე როგორ განვითარდება ურთიერთობა, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოახერხებს ოპოზიცია შეინარჩუნოს ის, რაც კარგია, მაგალითად, ეკონომიკური ზრდა, ის ეკონომიკური პროგრამები, რაც ბიზნესის განვითარებასა და სხვა საკითხების მოგვარებას ხელს უწყობს. სამწუხაროდ, მაინცდამაინც ოპტიმისტურად არა ვარ განწყობილი. ბოლო წლებში უცნაური განცხადებები გვესმოდა ოპოზიციური ძალებისგან, რომ ეს პროგრამები უნდა შეწყდეს, უნდა დავუბრუნდეთ პრინციპს, რომ ბაზარი გადაწყვეტს ყველაფერს, დაველოდოთ ინვესტორებს და მათგან ფულის ჩადებას ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით ოპოზიციის მესიჯები არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის ლიდერი, რომელსაც ორნიშნა რეიტინგი ექნება. თუ ასეთი ლიდერები არიან, მათგან ერთი ივანიშვილია, მეორე - სააკაშვილი. დანარჩენებიდან, უმრავლესობას, არც დიდი ავტორიტეტი აქვს ქვეყანაში თუ მის გარეთ და არც რეიტინგი. როგორ შეძლებენ ერთმანეთთან მოლაპარაკებასა და ქვეყნის მართვას, ეს დასავლეთისთვისაც თავსატეხია და მოსახლეობისთვისაც.

მე სულ დავდივარ ქვეყანაში და ბოლო თვეების განმავლობაში თვალნათლივ ვხედავ შემდეგს - "ქართული ოცნებით" უკმაყოფილება ბევრად დიდია, მაგრამ კითხულობენ, ესენი რომ უვარგისები არიან, გავიგეთ, მაგრამ ვის მივცეთ ხმაო. აი, ასე დგას საკითხი არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც. იქაც ვერ ხედავენ ლიდერებს, რომლებისგანაც ადეკვატური პოლიტიკის გატარების იმედი ექნებათ.

- პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისივე გადაწყვეტილება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის­ "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების" შესახებ. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს "აირჩიე ევროპის", მისი დამფუძნებლის ხათუნა ლაგაზიძისა და სხვა თანადამფუძნებლების შესახებაც. ბევრმა ეს უკან დახევად და დასავლეთთან ურთიერთობის დასალაგებლად ნაბიჯის გადადგმის ცდად შეაფასა. თქვენი აზრით, ამას ხომ არ მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ე.წ. აგენტების კანონი არაკონსტიტუციურად გამოცხადდება?

- სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს არც საკონსტიტუციო სასამართლო და არც ანტიკორუფციული ბიურო. საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, დაელოდება არჩევნების შედეგებს - თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, ზარ-ზეიმით გაaუქმებს ამ კანონს და გამოაცხადებს, ნახეთ, როგორ დავიცავით დემოკრატიაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც "ქართული ოცნება" უკარნახებს. საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდეც მარტივად შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნისთვის დიდი შარის აცილება, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ. იქ არის რამდენიმე სინდისიერი მოსამართლეც, მაგრამ დანარჩენები არც აქამდე ყოფილან დამოუკიდებლები და ახლაც მთავრობას ემორჩილებიან.

ანტიკორუფციული ბიურო კი თავიდანვე იმისთვის შეიქმნა, რომ თავის ფუნქცია არ შეესრულებინა - დასავლეთი ითხოვდა მის შექმნას და შექმნეს. დედამიწის ზურგზე არავინ იცის, ამათი გამოძიებული კორუფციული საქმეები. ის, რომ მათ გააუქმეს გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას აღარ უშვებდნენ არჩევნებზე, გამომდინარეობს ისევ და ისევ მთავრობის გადაწყვეტილებიდან. ვინც იცის ეუთო/ოდირის მუშაობის პრინციპი, მისთვის ცნობილია, არჩევნებზე დაკვირვებისას უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება და მისი შეფასება. ფასდება ისიც, თუ რამდენად აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვებისთვის თავისუფალი გარემო. შესაბამისად, ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება ძალაში თუ დარჩებოდა, უკვე ეს თავშივე სათუოდ გახდიდა არჩევნების ლეგიტიმურობას.

ხელისუფლებაში შეიძლება არაპროგნოზირებადი ხალხია, მაგრამ მათგან ბევრი მუშაობდა თავის დროზე საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმდენი კი იციან, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკვალიფიკაცია. ისიც კარგად იციან, ამას რა მძიმე შედეგები შეიძლება მოეტანა მათი ძალაუფლებისთვის, ეს არის შიშით მიღებული გადაწყვეტილება, უკან დახევა...

- საქართველოშო ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, იქნება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. "იმედია, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად... ჩვენ დაველოდებით­ ეუთო/ოდირის შეფასებას. მაშინ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. ეს არის ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არასდროს გვექნება საქართველოს შემთხვევაში", - აღნიშნა ელჩმა.

- თუ დასავლეთმა არჩევნების შემდეგ დაინახა, რომ საქართველომ აირჩია ანტიდასავლური ვექტორი, ეს გამოიწვევს ურთიერთობების უფრო გაცივებას. ევროკავშირი არავის ექაჩება თავისთან. ეს სახელმწიფოები ისწრაფვიან იქ შესვლისკენ, რადგან ეს არის ყველაზე მშვიდობიანი, განვითარებული, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით დაცული არეალი, ცივილიზაცია. ჩვენ კარი გაგვიღეს, ეს ჩვენთვის დიდი შანსია, თუ არ გამოვიყენებთ, რა ქნას ევროკავშირმა, ძალით ნამდვილად არ შეგვათრევს. თუ ასეთი განცხადებები და პოლიტიკა გააგრძელეს, იქნება სანქციები, ალბათ, შეჩერდება უვიზო რეჟიმიც, იქნება ეკონომიკური შეზღუდვებიც, რაც ძალზე მძიმე იქნება ჩვენთვის. არადა, ჩვენთვის ამ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების დროს გაჩნდა უდიდესი შესაძლებლობები - კარგად ვხედავთ, დასავლეთი როგორ ცდილობს შუა აზიაში შესვლას, სადაც ის რესურსებია, რომლებიც მათ დაკარგეს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით და შემდგომ აფრიკაში რუსების ჩარევით. მაკრონი იყო ჩასული, ახლახან შოლცი ჩავიდა, უზარმაზარ პროექტებზეა ლაპარაკი. შუა აზიას ევროპის მხრიდან ესაზღვრებიან: რუსეთი, ირანი და კავკასია, ირანი და ავღანეთი სანქცირებულია, შესაბამისად, ევროპა იქ ფულს ვერ ჩადებს კომუნიკაციებისთვის, რჩება კავკასიის მცირე დერეფანი - საქართველო.

ჩვენ სულელურ თამაშში ჩავებით. ჰოდა, თუ არ შევწყვეტთ, ევროკავშირი იძულებული იქნება უფრო ადეკვატურად იმოქმედოს. რაც შეეხება ბელარუსს, ჩემი აზრით, ჩვენ ვერ დავალთ ბელარუსის დონეზე, აქ სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით ძლიერია. მაშინ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მთელი სამოქალაქო სექტორის აკრძალვა და პარტიების გაუქმება, რამაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს ქვეყანა.

თუ ვინმეს ჰგონია, რუსების დახმარებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ძალიან ცდება. არა მგონია, რუსეთს თავისი თავი გასჭირვებია. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დუმაში შევიდა, კატასტროფაა.

წაიკითხეთ სრულად - „ამ ვითარებაში შეიძლება მართლაც დადგეს ტექნიკური მთავრობის შექმნა დღის წესრიგში“