"უკრაინის არმიის მოქმედება დონბასში: ნელი უკანდახევა და რუსეთის ჯარის დანაკარგების მაქსიმალური ზრდა - რამდენად გაამართლებს ასეთი სტრატეგია?" - კვირის პალიტრა

"უკრაინის არმიის მოქმედება დონბასში: ნელი უკანდახევა და რუსეთის ჯარის დანაკარგების მაქსიმალური ზრდა - რამდენად გაამართლებს ასეთი სტრატეგია?"

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 6 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის მოქმედება დონბასში: ნელი უკანდახევა და რუსეთის ჯარის დანაკარგების მაქსიმალური ზრდა // რამდენად გაამართლებს ასეთი სტრატეგია?“ (ავტორი - კონსტანტ მეჰიუთი), რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ასპექტები, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეების საომარი მოქმედებების პლუსები და მინუსები. რომელს უფრო სწრაფად გამოელევა საბრძოლო რესურსები - რუსებს თუ უკრაინელებს?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე ქალაქი და ათობით სოფელი დაკარგა რუსულ არმიასთან თავდაცვით ბრძოლებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში. როგორც წესი, უკრაინის ჯარები ბრძანებას უკანდახევაზე მხოლოდ მაშინ იღებდნენ, როცა მტერი დამქანცველი რამდენიმეთვიანი ბრძოლების შედეგად სისხლისგან დაიცლებოდა და გამოიფიტებოდა ხოლმე

პირველად ქალაქი მარინკა დაეცა - ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთის არმიამ ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა. შემდეგ მას დაემატა ავდეევკა - სამრეწველო ქალაქი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს მრავალრიცხოვანი სანგრებისა და ბუნკერების ქსელი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ახლახან მტრისთვის დათმობილ ქალაქებს უგლედარი დაემატა - მეშახტეთა დასახლება, რომელიც „უძლეველ და აუღებელ ბასტიონად“ იყო ცნობილი დონბასის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

გარეშე დამკვირვებელმა უკრაინის ჯარების ნელი, დაყოვნებული, მაგრამ მაინც განუხრელი უკანდახევა დონბასიდან შეიძლება დასასრულის დასაწყისად ჩათვალოს: მართლაცდა, მოსკოვი დამაჯერებლად წინ მიიწევს, მეტ ტერიტორიას იპყრობს და წარმატებით სარგებლობს თავისი უპირატესობით ბრძოლის ველზე - მეტი რაოდენობის ჯარისკაცებით და შეიარაღებით.

მაგრამ უკრაინელი ოფიცრები და ჯარისკაცები მოვლენების მიმართ ასეთ ხედვას მცდარად თვლიან: მათი მტკიცებით, რეგიონში ისეთი ბრძოლები მიმდინარეობს, რომლებიც თავისი მნიშვნელობით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ტერიტორიის დაკარგვა ან მოპოვება წარმოადგენს: მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან გამოფიტვით ომს აწარმოებენ - ყოველი მხარე ცდილობს მტერი მაქსიმალურად ისე დაქანცოს და გამოფიტოს, ისე გატეხოს მისი ნებისყოფა, ისე შეუმციროს რესურსები, რომ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთი თავის ჯარისკაცებს ტალღისებურად აგზავნიდა ფრონტზე და მათ მძიმე ჯავშნიანი კოლონებით ამარაგებდა. უკრაინის ცა რუსული დრონებითა და რაკეტებით იყო დაფარული. ზეციდან განუწყვეტლივ ბომბების წვიმა მოდიოდა.

უკრაინა ფართობით რამდენჯერმე ნაკლებია რუსეთზე. გარდა ამისა, მას ბევრად ნაკლები რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, რაც კიევს წინასწარ არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს. უკრაინას იარაღით დასავლეთი ამარაგებს, მაგრამ საკმაოდ არათანმიმდევრულად და არასტაბილურად.

ამ ფაქტორებმა უკრაინა იძულებული გახადა ისეთ სტრატეგიაზე გადასულიყო, რომელსაც სახელმწიფოსაგან დაფინანსებული კიევის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ნიკოლაი ბილისკოვი უწოდებს „მიწების დათმობას რუსების დანაკარგების ზრდის ფასად“. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის არმიის სარდლობას ქალაქიდან თავისი ჯარები მხოლოდ მას შემდეგ გამოჰყავს, როცა აშკარა ხდება - მტერმა მაქსიმალური დანაკარგები განიცადა.

„საქმე იმაშია, თუ რამდენ დაკარგავს მტერი მანამ, სანამ მიხვდება, რომ ასეთი ბრძოლა მისთვის წამგებიანი და უსარგებლოა“, - ამბობს რუსების შესახებ ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლის ბატალიონი პოკროვსკშია დისლოცირებული და ქალაქს იცავს, - უკრაინელი მეთაურები უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ დასახლებული პუნქტი მხოლოდ მაშინ შეიძლება დატოვოს, როცა მტერს მაქსიმალურ ზარალს მიაყენებს. თუმცა, რასაკვირველია, მძიმე ბრძოლების დროს მან თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებაზეც უნდა იზრუნოს, მტერს რომ უაზროდ არ შეაკლას.

ამასთან, ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ მოსკოვს აქვს უნარი სწრაფად გაიწვიოს ჯარში ახალი კონტინგენტი და გააფართოოს იარაღის წარმოება. ამიტომაც გაურკვეველი რჩება, კიდევ რამდენი ქალაქი და რამდენი ტერიტორია უნდა დაუთმოს უკრაინამ რუსეთს, რომ კრემლის არმია გამოიფიტოს და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა დაკარგოს. სიტუაცია იმითაც არის დამძიმებული, რომ აგვისტოში კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის არმიას ძვირი უჯდება: კიევმა სასურველ ეფექტს ვერ მიაღწია, რესურსები კი, რომელიც იქ შესულ სამხედრო ქვედანაყოფებს მუდმივად სჭირდებათ (ცოცხალი ძალა, იარაღი, საწვავი...), სწრაფად იწურება.

ფინელი სამხედრო ექსპერტის პასი პარიონენის თქმით, უკრაინის არმიის ნაწილების კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ რუსეთის ჯარმა დონბასში 2022 წლის შემდეგ არნახული ტემპით წინსვლა დაიწყო: ორი თვის - აგვისტო-სექტემბრის - ბრძოლების შედეგად კრემლმა ხელში ჩაიგდო უკრაინის ტერიტორიის 430 კვადრატული კილომეტრი, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე ივნის-ივლისში.

თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის ჯერ კიდევ შორსაა სასურველი მიზნის მიღწევისაგან - დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებისაგან. რუსებს ჯერ კიდევ დასაპყრობი რჩებათ 6400 კვადრატული მეტრი, ანუ ხუთჯერ მეტი, ვიდრე მათ მთელი წლის განმავლობაში დაიკავეს. „ომის დასრულებას ის კი არ წყვეტს, თუ უკრაინის რამდენ ფრონტისპირა ქალაქს და სოფელს დაიკავებენ რუსები, - ამბობს ავსტრიელი სამხედრო ანალიტიკოსი ფრანც-შტეფან გედი, - არამედ რამდენ ჯარისკაცს დაკარგავს კრემლი ამა თუ იმ კონკრეტულ ბრძოლაში“.

დონბასი, რომელშიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორი მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები (ე.წ. რესპუბლიკები) შედიან, ომის მთავარ კერად ითვლება: ჯერ ერთი, რომ ეს რეგიონი რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება და კრემლს ძალზე უიოლდება ჯარებისა და ტექნიკის გადასროლა ფრონტზე. მეორე - დონბასში ასობით ქალაქი და სოფელზე თითქმის ერთმანეთზეა მიბმული, რაც ძალიან ართულებს ბრძოლებს - ქალაქის პირობებში საომარი მოქმედებები თვეობით ჭიანურდება. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შემტევი და თავდამცველი ჯარების შევსებას ცოცხალი ძალით და მათი იარაღით მომარაგებას.

როგორც უგლედარის ყოფილი დამცველები ამბობდნენ, მათ ძალიან აკლდათ ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალები: „როცა რუსეთის ქვემეხის ათ გასროლაზე ჩვენ მხოლოდ ერთი გასროლით ვპასუხობთ, რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი? - ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი რომანი, რომელიც გვარს არ ამჟღავნებს და ანონიმად დარჩენას ამჯობინებს

უკრაინელები უგლედარს ორი წელი იცავდნენ. რუსები, რასაკვირველია, მწვავე ბრძოლებში ზარალდებოდნენ, მაგრამ ასევე ზარალდებოდნენ ქალაქის დამცველებიც. ბოლო დღეებში ათობით ჯარისკაცი იღუპებოდა და იჭრებოდა, ხოლო საბრძოლო მასალების უქონლობის პირობებში უკრაინელები უფრო მეტად „იფიტებოდნენ“, ვიდრე რუსები. საბოლოო ჯამში კიევის სარდლობა იძულებული გახდა გამოეცხადებინა, რომ „ჯარი ქალაქიდან ორგანიზებულად გავიდა და ახალ პოზიციებზე გამაგრდაო“.

უკრაინას იმედი აქვს, რომ რუსეთის დანაკარგები იმდენი იქნება, რომ კრემლისათვის ომი უფრო ზარალიანი გახდება, ვიდრე კიევისათვის: „ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას.

მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს სტრატეგია იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსული ეკონომიკა თითქმის მთლიანად სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და ომის შეწყვეტის ნიშნებს არ ამჟღავნებს? რუსეთის მოსახლეობა, როგორც ჩანს, მხარს უჭერს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას.

ამასთან, როგორც ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტები თვლიან, რუსები ყოველდღიურად 1,2 ათას მოკლულსა და დაჭრილს კარგავენ, ხოლო დაზიანებულ-აფეთქებული რუსული სამხედრო ტექნიკის რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება უკრაინელებისას. მართალია, კრემლის ქარხნები და ფაბრიკები მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, თუ რუსების ზარალი ისეთივე ტემპით გაგრძელდება, როგორც დღესაა, მოსკოვს მძიმე ტექნიკა 2026 წლისათვის საკმარისი აღარ ექნება.

იყო მომენტი, როცა უკრაინამ ამერიკული 60-მილიარდიანი დახმარება მიიღო, შეიარაღების დონე თითქმის გაწონასწორდა, მაგრამ ანალიტიკოსთა აზრით, აგვისტოში კურსკის ოლქში შეჭრამ დონბასში უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენა. კურსკის ოპერაციაში ხომ უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპირების პერიოდში კიევმა 200 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

სხვათა შორის, რაც დრო გადის, დონბასში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები სულ უფრო სხვანაირად აფასებენ კურსკის ოლქში შეჭრის მნიშვნელობას. თავდაპირველმა სიხარულმა და სიამაყის გრძნობამ უკვე გაიარა. ერთნი ამბობენ, რომ რუსებმა დონბასის ფრონტიდან საჯარისო ნაწილები მოხსნეს და კურსკში გადაისროლეს, ამით ბრძოლების სიმწვავე შენელდაო, მაგრამ მეორეთა აზრით, კურსკის ოპერაციისათვის საჭირო საბრძოლო მასალები და ტექნიკა კიევმა დონბასის დამცველებს მოაკლოო.

უკრაინის ეროვნული გვარდიის ანონიმი კაპიტანი, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ტორეცკის დამცველია, ამბობს, რომ უკრაინის ბედი სწორედ დონბასში წყდება: „რუსებმა ყველაზე მწვავედ სწორედ კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ შემოგვიტიეს. დონბასი ის ადგილია, სადაც ომში ორივე მხარე ყველანაირ იარაღს იყენებს, რათა ერთმანეთს მაქსიმალური ზარალი მიაყენონ“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ