"უკრაინის უსაფრთხოება "ჰაერში დაკიდებულივით" დარჩა" - რას მოუტანს უკრაინას ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი, რა ბედი ელით უკრაინელებს და რას მიიღებს ქვეყანა ტერიტორიების სავარაუდო დათმობის სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

"უკრაინის უსაფრთხოება "ჰაერში დაკიდებულივით" დარჩა" - რას მოუტანს უკრაინას ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი, რა ბედი ელით უკრაინელებს და რას მიიღებს ქვეყანა ტერიტორიების სავარაუდო დათმობის სანაცვლოდ?

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Wasington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის გაურკვეველი შედეგების გამო უკრაინის უსაფრთხოება „ჰაერში დაკიდებულივით“ დარჩა“ (ავტორები - იზაბელ ხურშუდიანი და ანასტასია გალუშკა), რომელშიც განხილულია უკრაინის პერსპექტივა: რა ბედი ელით უკრაინელებს, რას მიიღებს ქვეყანა, ტერიტორიების სავარაუდო დათმობის სანაცვლოდ?

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის უმაღლეს პირებს რუსეთთან ომში თავისი „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა, თუმცა ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, არც სტრატეგიის რაიმე დეტალი გარკვეულა და არც ამერიკელი პარტნიორების მკაფიო რეაქცია გამოვლენილა. თავის მხრივ, კიევი ცდილობს, დამატებით საერთაშორისო მხარდაჭერას მიაღწიოს - სულ რაღაც ერთი თვით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია „გეგმის“ მთლიან ტექსტს საკუთარ ხალხსაც არ უმხელს. სავარაუდოდ, მასში შედის თეზისები ან ნატოში დაჩქარებული გაწევრების თაობაზე, ან კიევის უზრუნველყოფა დასავლეთისაგან, იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებით.

უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნამ, რომელიც უკრაინელი ჩინოვნიკების მიერ საკვანძოდ ითვლებოდა კიევის მხარდაჭერის საკითხში, თეთრ სახლსა და კონგრესზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ჯო ბაიდენმა, დიდი თხოვნის მიუხედავად, უკრაინას ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის ზურგში მდებარე ობიექტების დაბომბვის ნება არ მისცა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯვარედინ პოლიტიკურ ცეცხლში აღმოჩნდა: გავლენიანი რესპუბლიკელები კიეველ სტუმარს, ძირითადად, აკრიტიკებდნენ ან, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდნენ. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, პირველად, ომის დაწყების შემდეგ, ძალიან სწრაფად მოხდა (ბოლო წუთამდე ექსპრეზიდენტი აცხადებდა, რომ იგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებდა) და ამიტომ განხილული საკითხები „ნედლი სახით“ დარჩა.

უკრაინის პრეზიდენის ამერიკულმა ტურნემ კიდევ უფრო გააღრმავა შეშფოთების გამომწვევი მდგომარეობა, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა: კიევს ამერიკის იმედი აქვს, როგორც მთავარი მოკავშირისა და დამხმარისა, რუსეთისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს, მაგრამ დარწმუნებული არ არის, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება აშშ-ის მხარდაჭერა. ომის მესამე წელს ამერიკის ყურადღება უკრაინის სტეპებში მიმდინარე ბრძოლებისადმი უკვე აშკარად შესუსტებულია - მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მწვავე კონფლიქტის მიზეზითაც.

„უკრაინის მიტოვებას არავინ გეგმავს, მაგრამ ამჟამად კიევის პრობლემა აშშ-ის პრიორიტეტების სამეულშიც კი არ შედის“, - დარწმუნებულია ნიკოლაი დავიდიუკი, კიეველი ექსპერტი, - და ამის მიზეზი, ალბათ ისაა, რომ კიევმა ვიზიტი არასწორად მოამზადა ან ბოლომდე ვერ გააცნობიერა აშშ-ში შექმნილი სიტუაცია. ფაქტია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აშკარად გულგრილად შეხვდნენ, ვიდრე - წინა წლებში“.

ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი შანსი აქვს, თავისი „გამარჯვების გეგმის“ პრეზენტაცია კვლავ რომ განახორციელოს - 12 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ რამშტაინ-მიზენბახში, ავიაბაზა „რამშტაინზე“ დაგეგმილ უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის სამიტზე, რომელშიც მონაწილეობას ჯო ბაიდენიც მიიღებს. „მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის რაკეტებით დაბომბვაზე აშშ-ის აკრძალვის გაუქმებას ვერ მიაღწია, არის იმის შანსი, რომ კიევმა რაღაც სხვა დახმარება მიიღოს“, - ამბობს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, სამიტზე განსახილველი საკითხების დელიკატური ხასიათის გამო. კერძოდ, ანონიმი დიპლომატის თქმით, ნატოს ქვეყნები ფიქრობენ, რომ უკრაინას კონკრეტული წინადადებები შესთავაზონ, ალიანსში სამომავლოდ მიღების მიზნით, თუმცა დაჩქარებული წესით მიღება, რასაც კიევი ითხოვს, ჯერ კიდევ ნაადრევია.

უკრაინელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ აშშ-ის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი ადმინისტრაციის მოსვლა - იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გაიმარჯვებს - აუცილებლად ეჭვის ქვეშ დააყენებს კიევის სამომავლო დახმარების საკითხს. მართალია, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი და თვითონ პრეზიდენტი შეეცადა, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია „გამარჯვების გეგმის“ რეალობაში და მხარდაჭერაში დაერწმუნებინა, „მაგრამ თეთრი სახლი ახლა რაიმე ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯს არ გადადგამს, რათა კამალა ჰარისის კამპანიას ხელი არ შეუშალოს", - დარწმუნებულები არიან კიეველი ჩინოვნიკები.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ მუდმივად აცხადებენ, რომ ტერიტორიული დათმობა უაზრობაა და მასზე არ დათანხმდებიან, სულ უფრო მეტი უკრაინელი გამოდის სამშვიდობო მოლაპარაკების სასარგებლოდ, რომლის დროსაც მიღწეული უნდა იყოს დროებითი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - იმ პირობით, რომ უკრაინა დათმობის სანაცვლოდ კონკრეტულ კომპენსაციას მიიღებს: შემაჯამებელ შეთანხმებაში მტკიცე პირობის სახით, მკაფიოდ ჩაიწერება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება ანუ უსაფრთხოების დაცვის გარანტიას მიიღებს“, - ამბობს ანტონ გრუშეცკი, კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვების ჩატარებითა და მათი შედეგების კვლევებით არის დაკავებული.

„ისეთი სიტუაცია, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეურიგდება მოწინააღმდეგისათვის ტერიტორიის დათმობის აუცილებლობას, ნამდვილად არ იქნება", - თვლის ანტონ გრუშეცკი, - "მაგრამ უკრაინელები მზად არიან ისეთი ფორმატისათვის, რომლის მიხედვით, საკითხის განხილვა ტერიტორიის უკან დაბრუნების თაობაზე სამომავლოდ იქნება გადადებული, მაგრამ იმ უცილობელი პირობით, რომ უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიას მიიღებს“.

უკრაინაში საზოგადოებრივი განწყობა ფრონტზე შექმნილი ვითარების შესაბამისად იცვლება. ამჟამად კი სიტუაცია კიევისათვის დამაიმედებელი არ არის - რუსებმა ბრძოლის ინიციატივა დაიბრუნეს, ქალაქებს იპყრობენ, უკრაინის მთავრობა კი ძლივს ახერხებს ცოცხალი ძალის დანაკარგების კომპენსირებას სამობილიზაციო (ჯარში გაწვევის) კამპანიით.

უკრაინის არმიის მოულოდნელმა შეჭრამ რუსეთის კურსკის ოლქში ქვეყნის საბრძოლო სულის ზრდა გამოიწვია. კიევმა აჩვენა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია საომარ მოქმედებებში წარმატების მიღწევა, მაგრამ შემდეგ... მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: კურსკის შეტევა შესუსტდა და შეჩერდა, დონბასშიც სიტუაცია დამძიმდა: აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე კიევი პოზიციებს კარგავს, ვერ უძლებს რუსების შეტევას, ტოვებს სოფლებსა და ქალაქებს. რამდენადაც საომარი მოქმედებების ხასიათი სულ უფრო ჰგავს ჩიხში შესვლას, დასავლეთის დახმარება ადეკვატურად კლებულობს და სულ უფრო ზომიერი ხდება.

„2023 წელს დიდი იმედები არსებობდა, მაგრამ 2024 წელი იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. დღეს უკვე გაურკვეველია, რა იქნება შემდეგ“, - აღნიშნავს ალექსი გონჩარენკო, უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) დეპუტატი, რომელი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული სოლიდარობის“ წარმომადგენელია. მისი აზრით, „გამარჯვების გეგმა“ საეჭვოა, რაიმე რევოლუციურ კომპონენტს შეიცავდეს. იგივე პოზიცია აქვთ უკრაინაში მყოფ დასავლელ ჩინოვნიკებს: მათი თქმით, „კიევის ახალ სტრატეგიაში არავითარი მნიშვნელოვანი სიახლე არ არის“. უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ მოკავშირეები დახმარებას გააგრძელებენ, ნატოში მიღების პროცესს დააჩქარებენ და რუსეთს ახალ სანქციებს გამოუცხადებენ.

„დასავლეთმა მაქსიმალური დახმარება რომ გაგვიწიოს, ჩვენ ახლავე შეგვიძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ ყოველ მიღებულ დახმარებას თან მოსდევს ახალი შეზღუდვებიც“, - ამბობს ალექსი გონჩარენკო, - "სწორედ ამიტომ ყველანაირი „გამარჯვების გეგმა“ უტოპიურის შთაბეჭდილებას ტოვებს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ