დაიღუპა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა - როგორ ხსნიდა ის რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას?
უკრაინაში ბრძოლის დროს რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი დაიღუპა. ახალგაზრდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა.
2015 წელს, დადინი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც რუსულმა სასამართლომ მიტინგების კანონის განმეორებით დარღვევისთვის გაასამართლა, რის გამოც კანონის ამ მუხლს "დადინის" სახელი შეარქვეს.
დადინის სიკვდილის შესახებ შაბათს პირველად ჟურნალისტმა ქსენია ლარინამ " რადიო მოსკოვის ხმაში" განაცხადა, რაც მოგვიანებით სხვა რუსულმა მედია საშუალებებმა დაადასტურეს.
დადინის თანამებრძოლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ის ხარკოვის ოლქში არტილერიის დაბომბვაში მოჰყვა. სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებიათ, თუმცა მასზე საუბრობენ, როგორც გმირზე.
2023 წელს დადინმა "ნოვაია გაზეტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარეს იბრძოდა ერთ-ერთი რუსული მოქალაქეებით დაკომპლექტებული დანაყოფის შემადგენლობაში.
"რუსეთი სრულიად უსამართლოდ და დაუმსახურებლად დაესხა თავს უკრაინას. ჩემი აზრით, ერთადერთი ეფექტიანი გზა, რომელიც პატიოსანმა ადამიანმა უნდა აირჩიოს რუსეთის დანაშაულების წინააღმდეგ, შეიარაღებული წინააღმდეგობაა", - განაცხადა დადინმა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა (რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ "უცხოელ აგენტად" არის გამოცხადებული), დადინის გარდაცვალება დაადასტურა. მისი თქმით, ის თავდაპირველად "ციმბირის ბატალიონის" (რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2023 წლის შემოდგომაზე შექმნა) წევრი იყო, თუმცა განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" რიგებში გადავიდა.