ყაზახეთმა ატომური ელექტროსადგურის აშენების ისტორიული გადაწყვეტილება რეფერენდუმზე მიიღო...
6 ოქტომბერს ყაზახეთის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა, რომელზეც ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიტანეს, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობასა და მოსახლეობას დიდი ხანია, არ ჰქონდა ბოლომდე გარკვეული - აშენდეს თუ არა ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგური?!
საქმე ის არის, რომ არსებული რეალობა ამაზე ერთპიროვნულ პასუხს რეფერენდუმის გარეშეც იძლეოდა...
პირველი - ყაზახეთი განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა;
მეორე - ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ყაზახეთი იძულებულია, იყიდოს ელექტროენერგია მეზობელი რუსეთიდან, რაც ასტანას კიდევ უფრო დამოკიდებულს აქცევს მოსკოვთან, ეს კი ყაზახეთის დღევანდელ ხელისუფლებაში სულაც არ უხარიათ;
მესამე - ყაზახეთის ელექტროენერგიის 65-70%-ის გამომუშავება ხდება ქვანახშირის თბოელექტროსადგურებში დაწვით, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას უქმნის ამ ქვეყანას;
მეოთხე - ყაზახეთი მსოფლიოში ყოველწლიურად ყველაზე მეტ ბუნებრივ ურანს მოიპოვებს, რომლის საზღვარგარეთ გადამუშავების შემდეგ ათობით ატომური რეაქტორი მუშაობს;
მეხუთე - ყაზახეთს აქვს გამზადებული ბირთვული სამარხი, სემიპალატინსკის ყოფილი ბირთვული პოლიგონის სახით, რაც თავისთავად წყვეტს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავის ნარჩენების უტილიზაციის პრობლემას...
როგორც ბირთვულ თემაზე მომუშავე ჟურნალისტი, ამ სტატიის ავტორი მიწვეულია ყაზახეთში იმ რეფერენდუმის გასაშუქებლად, რომელზეც 12 მლნ-ზე მეტ ყაზახეთის მოქალაქეს (18 წლიდან) უნდა გაეცა პასუხი - სურთ თუ არა, მათ ქვეყანაში ამოქმედდეს ატომური ელექტროსადგური?!
რეფერენდუმის მიმდინარეობისას სხვა უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად მომიწია სამი სხვადასხვა უბნის მონახულება, როგორც ასტანაში, ისე - მის გარეთ, რომლებზეც მოქალაქეები თავის დამოკიდებულებას გამოხატავდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით...
პირველი, რაც თვალში საცემი გახლდათ, იყო რეფერენდუმის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზება, როდესაც გათვალისწინებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიერ ხმის მიცემის პროცედურაც.
10-ათასზე მეტ უბანზე, რეფერენდუმის ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, ხმა მისცა 7,8 მლნ-ზე მეტმა მოქალაქემ, რომელთაგან 5,5 მლნ-ზე მეტი დაეთანხმა ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებას, ხოლო 2 მლნ-ზე მეტმა კი ეს იდეა არ მოიწონა...
ის, რომ ყაზახეთში ძლიერი „ატომური ფობიაა“ მოსახლეობის ნაწილში, ისედაც იყო ცნობილი, რადგან საბჭოთა პერიოდში სემიპალატინსკის ბირთვულ პოლიგონზე ჩატარებულმა ატომურმა და თერმობირთვულმა აფეთქებებმა უდიდესი დარტყმა მიაყენეს ყაზახეთის ეკოსისტემას და ბუნებრივია, რომ მოსახლეობას აღარ სურს იგივეს გამეორება...
თუმცა თანამედროვე ატომური ელექტროსადგურის მუშაობა ძირფესვიანად განსხვავდება იმისგან, რაც სემიპალატინსკის ბირთვულ პოლიგონზე ხდებოდა...
ირაკლი ალადაშვილი, ასტანიდან, ყაზახეთი