"ჩემი ფუნქცია არ არის ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა, ეს იქნება აშკარა ჩარევა, მაგრამ ჩემი როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ"
ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საქართველოს პარტნიორების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არჩევნებში ჩარევა.
„ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი და ასევე ჩემი როლია, გამოვიყენო ყველა ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირს გაგვაჩნია, რომ ხელი შევუწყო ამ პროცესს, მაგრამ ახლა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით განვაცხადეთ, რა რეფორმებია საჭირო. ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, განვაცხადო ხმამაღლა და გარკვევით, რომ ბოლო რამდენიმე თვე დაიკარგა და სამწუხაროდ, საჭირო რეფორმების კუთხით წინსვლის ნაცვლად, ხდება ბევრი საპირისპირო რამ, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროკავშირთან დააახლოოს, სრულიად შეუსაბამო იყო ჩვენს ძირითად ღირებულებებთან, რომელიც ხელშეკრულებებშია გაწერილი და რომელიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ვიმეორებ: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, - აღნიშნა ელჩმა.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ძალიან სწრაფად განახლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„რადგან ჩვენ გვსურს თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ და ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საერთო მომავლის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.
IPN