"თურმე მთავარია, რომ პრეზიდენტი გარეთ ვიღაცას ხვდება - ქვეყნის კონსტიტუცია არის ნომერ პირველი და ნომერ მეორე და მეათეა უცხოელი აქტორები!"
თურმე მთავარია, რომ პრეზიდენტი გარეთ ვიღაცას ხვდება - ქვეყნის კონსტიტუცია არის ნომერ პირველი და ნომერ მეორე და მეათეა უცხოელი აქტორები! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილის შეფასებით, „პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის რეციდივის ფაზაშია გადასული“
„ჩვენ იმ ზღვრამდე მივედით, როცა გვეუბნებიან, რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, კონსტიტუციას. მთავარია გარეთ ვინ რას გეტყვის და ვის შეხვდები.
პრეზიდენტი ფაქტობრივად კონსტიტუციის დარღვევის რეციდივის ფაზაშია გადასული, თურმე მთავარია, რომ ის ვიღაცას ხვდება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის ყველა დებულება რომ ფეხქვეშ გათელა, თურმე ეს არაფერი არ არის - საქართველო ხომ მეორადი ქვეყანაა... მთავარია დასავლეთიდან, მათი ინტერესებიდან გამომდინარე ვინ რას გვეტყვის!
ამიტომ პირველ რიგში, ყველამ გაიგოს, რომ მთავარია ის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია - ჯერ საქართველოს კონსტიტუცია უნდა დაიცვა და ამის შემდეგ ილაპარაკო უცხოელ აქტორებთან.
პრეზიდენტი კონსტიტუციის დამცველი უნდა ყოფილიყო, რომელმაც კონსტიტუცია რამდენჯერმე გადახია შუაზე.
ეს პრეცედენტი შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს და ასეთი სამართლებრივი შეფასება უნდა დადგეს, რადგან საქართველო ერთი დღით არ ცხოვრობს.
ეს პოლიტიკური მომენტი გადაივლის და ხვალ და ზეგ ვინც იქნებიან პრეზიდენტები თუ სხვა თანამდებობის პირები, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ნომერ პირველი და ნომერ მეორე და მეათეა უცხოელი აქტორები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
IPN