"არანაირი გვარების განხილვა, რაღაც კულუარული მსჯელობა, ვინ, რა, როგორ, არ ყოფილა - ვთანხმდებით პრინციპებზე"
ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ცვლილება იყოს ცხადი, მშვიდი, სტაბილური და რომ „ქართული ოცნების“ წასვლას არანაირი რყევა არ მოჰყვეს - არანაირი გვარების განხილვა, რაღაც კულუარული მსჯელობა, ვინ, რა, როგორ, არ ყოფილა - ვთანხმდებით პრინციპებზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მედიასთან ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, კოალიცია პრეზიდენტთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს იყო დროული და ძალიან საჭირო შეხვედრა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ არის სრული ურთიერთგაგება, ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში. ჩვენ ვსაუბრობთ როგორ განხორციელდეს ის ცვლილება, რომელიც გარდაუვალია ისე, რომ მოქალაქეები იყვნენ მშვიდად და ეს იყოს სტაბილური პროცესი. ვისაუბრეთ ძირითად პრინციპებზე, ასევე საარჩევნო ჯგუფის შექმნის კონკრეტულ ინიციატივაზე, რათა არჩევნების დღეს სრული კოორდინაცია იყოს. აბსოლუტური თანხვედრაა. პრეზიდენტის ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიებს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კოალიციური რეჟიმში გადავიდეთ. პრეზიდენტთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
არანაირი გვარების განხილვა, რაღაც კულუარული მსჯელობა - ვინ, რა, როგორ [არ ყოფილა]. ვთანხმდებით პრინციპებზე. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ცვლილება იყოს ცხადი, მშვიდი, სტაბილური და რომ „ქართული ოცნების“ წასვლას არანაირი რყევა არ მოჰყვეს. ამ ყველაფერზე ძალიან გააზრებულად და დეტალურად ვისაუბრეთ. ამ კოალიციური კონსულტაციების პროცესში გვაქვს სრული ურთიერთ თანხვედრა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.
IPN