"ერთი წლის წინ საშინელი ხოცვა-ჟლეტა გამოვიარეთ და ლომებივით წამოვდექით"
გვახსოვს ჩვენი დაღუპულები, ჩვენი მძევლები - რომლებიც ვალდებულნი ვართ, სახლებში დავაბრუნოთ - და ჩვენი გმირები, რომლებიც დაეცნენ სამშობლოსა და ქვეყნის დასაცავად, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში, 2023 წლის 7 ოქტომბრისა და მას შემდეგ დაწყებული ომის მსხვერპლთა მემორიალთან განაცხადა, რომლებსაც პატივი იერუსალიმის მერთან, მოშე ლიონთან ერთად მიაგო.
„ჩვენ ერთი წლის წინ საშინელი ხოცვა-ჟლეტა გამოვიარეთ და ლომებივით წამოვდექით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, იერუსალიმის მერმა ისრაელელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა მოშე ლიონმა.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რასაც 1 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
IPN