ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინის მიმართ „უსაზღვრო მადლიერებას“ გამოხატავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები პროგრესულად განვითარდება - კვირის პალიტრა

ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინის მიმართ „უსაზღვრო მადლიერებას“ გამოხატავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები პროგრესულად განვითარდება

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. ლიდერები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავენ.

ბჟანიას მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ პუტინი თანამედროვე ისტორიის "გამოჩენილი და ავტორიტეტული მსოფლიო ლიდერია“.

„სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურის პოსტზე თქვენი მოღვაწეობა რუსეთის გაძლიერების ისტორია, რომელიც დაფუძნებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - თავისუფლებასა და სამართლიანობაზე“, - აცხადებს ბჟანია.

მისი მტკიცებით, აფხაზი ხალხი პუტინის „უზომოდ მადლიერია“ „მისი პირადი წვლილისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში, მშვიდობის შენარჩუნებისა და რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მისი პირადი მონაწილეობისთვის“.

ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინის მიმართ ოსი ხალხის სახელით „უსაზღვრო მადლიერებას“ გამოხატავს „საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ქვეყნის აღდგენის საქმეში უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის“.

გაგლოევი იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები პროგრესულად განვითარდება.

IPN