ნიკა გვარამია კახა კალაძეზე: "მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა" - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია კახა კალაძეზე: "მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა"

მომავალი კოალიციური მთავრობა აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ელჩს გამოეხმაურა, მილევადი თანამდებობის პირის განცხადებაა.

„მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური, რომელიც აუცილებლად პატივს სცემს ადამიანის უფლებებსაც და ყველაფერს იმას, რაც დემოკრატიას და საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება.

კახა კალაძეს რაც შეეხება, ის არასერიოზული, დასანქცირებული კაცია. ამიტომ მისი გამოთქმები და კომენტარები არ მაღელვებს, არც ვუსმენ მას თუ რას ლაპარაკობს. ეს არის წარმავალი ამბავი, მილევადი თანამდებობის პირების განცხადებები უინტერესოა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებები, მისი მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.

„შენ რომ რაღაც კონკრეტულ კლიპს ტელევიზიაში არ უშვებ, ამას თავისი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვა, ეს წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და ამ ტიპის განცხადება გააკეთოს, წარმოგიდგენიათ უბრალოდ? ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

IPN