"ომს დავასრულებთ, როდესაც ყველა მიზანს მივაღწევთ" - რას აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ?
რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, რათა ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, "ომი აღორძინებისთვის“.
"სწორედ ასე მინდა ოფიციალურად ამ ომს ვუწოდო. ჩვენ რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, რათა ის, რაც შვიდ ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს. აღარასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთი წლის წინ, "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"ირანის ბოროტების ღერძის შემადგენლობაში მყოფი ჩვენი მტრების წინააღმდეგ კონტრშეტევა ჩვენი მომავლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ომს დავასრულებთ, როდესაც ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
"ინტერპრესნიუსი"