"რუსეთში ბევრი მისტირის იმ დროს, როდესაც საბჭოთა ქვეყნები "რკინის ფარდის" მიღმა ცხოვრობდნენ" - ამბავი პროპაგანდის მსხვერპლებზე, მოღალატეებად გამოცხადებულებსა და ეთნიკური უმცირესობის გამოყენების მცდელობებზე - კვირის პალიტრა

"რუსეთში ბევრი მისტირის იმ დროს, როდესაც საბჭოთა ქვეყნები "რკინის ფარდის" მიღმა ცხოვრობდნენ" - ამბავი პროპაგანდის მსხვერპლებზე, მოღალატეებად გამოცხადებულებსა და ეთნიკური უმცირესობის გამოყენების მცდელობებზე

რუსეთ-უკრაინის ომს ათასობით ადამიანი შეეწირა და იმის გათვალისწინებით,

რომ ოკუპანტის თავდასხმებს დასასრული არ უჩანს, აშკარაა, დანაკარგი გაიზრდება... უკრაინელ-გერმანელი ვიაჩესლავ ბოდროვი ჰყვება, რომ შექმნილ ვითარებაში, რუსეთის ხელისუფლება ეთნიკურ უმცირესობებს სათავისოდ იყენებს - მათ "ქვეყნისთვის ერთგულების დასამტკიცებლად" შანსს აძლევს და ომში უშვებს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი "სახელმწიფო ღალატს" აბრალებს, ასამართლებს, შემდეგ კი ევროპის საპატიმროებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების გასაცვლელად იყენებს.

- რაც დრო გადის და ომი გრძელდება, სამწუხარო ისტორიებსაც დასასრული აღარ უჩანს. მით უფრო, თუ ომი ისეთ ქვეყანასთან არის, როგორიც რუსეთია, რომელიც თავის მოქალაქეებსაც დაუნდობლად ებრძვის, შიგნით თუ ფრონტის ხაზზე სასტიკად უსწორდება. არ ინდობს იმ ადამიანებს, ვინც უარს ამბობს ომში მონაწილეობაზე, აპატიმრებს და "სახელმწიფო მოღალატის" იარლიყის მიკერების შემდეგ ხოცავს მათ. მასას კი მართლა სჯერა, რომ ისინი განსხვავებული აზრის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო ისჯებიან და თანაც, სრულიად დამსახურებულად. პუტინის მთავარი სამიზნე ახლა ეთნიკური უმცირესობაა, რომელთა ხმაც ყველაზე სუსტად ისმის, მათი უცხო ქვეყნის აგენტად გამოყენება ძალზე მარტივია და ამიტომაც, ყველაზე დიდი რაოდენობით, ფაქტობრივად, ისინი მიჰყავთ ომში. ამ სიაში არიან: ბურიატები, თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები, გერმანელები და სხვა... ბოლო მონაცემებით, რუსეთში 200 ათასზე მეტი გერმანელი ცხოვრობს, 800-ზე მეტი ადამიანი უკვე შეეწირა ამ საშინელ ომს და კიდევ რამდენი იბრძვის, არავინ იცის, რადგან რუსეთი, როგორც მსხვერპლის, ასევე გაწვეული ეთნიკური უმცირესობების რაოდენობას ასაიდუმლოებს.

ისინი რუსეთში სხვადასხვა დროს ჩამოასახლეს და მიზეზთა გამო, ნაწილი როგორც "მოხალისე", ანაზღაურების ფასად მიდის ომში. ცხადია, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ეს მისი ომი არ არის და ცდილობს, თავი აარიდოს ამ გაუგებრობას, სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარი პირის სტატუსი გააკეთოს და ქვეყნიდან გაიქცეს. თუმცა, მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ, მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავთ და როგორც კი რამე "საკბილოს" ნახავენ, მაშინვე ღალატს აბრალებენ, მათ კი, თავის მართლებაც არ შეუძლიათ. არაერთხელ მომისმენია ეთნიკური რუსებისგან - თუ ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან, ახლა უნდა დაამტკიცონ, როცა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლის, მისი დაცვის შანსი მიეცათო. როგორც გითხარით, ბევრი წამოეგება ამ პროპაგანდას და მართლა მიდის ომში.

- ეს მხოლოდ ეთნიკურად გერმანელებს არ ეხებათ და გარდა ამისა, ამის მიზეზი ზოგჯერ ანაზღაურებაც არის, არა?

- დიახ, ყველას ეხება და ცნობილია, რომ ანაზღაურებითაც ინტერესდებიან. ამას წინათ, ბრიტანული პრესა წერდა, უკრაინის ომში რამხელა დანაკარგი აქვს რუსეთში მცხოვრებ გერმანულ დიასპორას. ეს იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების მიმართ ახალ-ახალ, კატასტროფულ კანონებს იღებს. ახლა მობილიზაციის ახალი ტალღა იწყება და ვინც თავის არიდებას შეეცდება, მათ გასაშავებლად სამთავრობო პრესა, კრემლის აქტივისტები თავს არ დაზოგავენ. მეტიც, უამრავ ადამიანს, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობას, გერმანელებს სჯერათ, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, უკრაინის მიერ იყო ანექსირებული და ახლა გაათავისუფლეს. სამხედრო მანქანა, "ტვინის გამორეცხვის" პროგრამა კარგად მუშაობს და შედეგიც აქვთ.

ოპოზიცია კი, იქ რა მძიმე დღეშია, ყველამ იცის. სამთავრობო პროპაგანდამ, კრემლის მიერ გატარებულმა შეზღუდვებმა და ახალ-ახალმა საშინელმა კანონებმა იქ ყველაფერი ჩაყლაპა. კრიტიკული მედია არ არსებობს, აქტივისტები წნეხის ქვეშ მუშაობენ, სიცოცხლით რისკავენ და ყოველდღე პატიმრობის მოლოდინში არიან. ამ ვითარებაში, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე საუბარი ალბათ არასერიოზულიც კი არის. კონტრაქტორების, მოხალისეების ანაზღაურებაზე ისაუბრეთ - ცნობილია, რომ რუსეთში ცხოვრების დონე, ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან შედარებით, ძალზე დაბალია. რუსეთის დეპრესიული რეგიონების მოსახლეობა ცდილობს ხელი მოაწეროს სამხედრო კონტრაქტს, რადგან არმიაში სამსახური, უფრო ზუსტად, ომში წასვლა მათთვის და მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავლის გარანტიაა.

- რამდენს უხდიან?.. ვრცელდება ცნობები, რომ ანაზღაურება რეგიონების მიხედვითაა.

- პირველ ჯერზე, ერთჯერად ანუ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, 200 ათას დოლარს უხდიან, შემდეგ კი ყოველთვიურად 1.000 დოლარს, მაგრამ ამ ბოლოს ძალიან ბევრი სამხედრო თუ მოხალისე დახურულ ჯგუფებში წერს, რომ ისინი მოატყუეს, "გადააგდეს". სრულიად მოუმზადებლები, ცხელ წერტილში გაუშვეს და მათ ოჯახსაც არაფერს უხდიან. ასევე ვიცი შემთხვევები, როდესაც ე.წ. მოხალისე გაუშვეს ომში და მეორე დღეს ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ შეიტყო ისე, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაც კი ვერ მოასწრო. საქმე ის არის, რომ არიან ისეთებიც, ვინც მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ მაინც მიდის, თანხის გამო რისკავს, სიკვდილზე მიდის.

- საინტერესოა, რამდენად მზარდია რუსეთიდან გაქცევის მსურველთა რიცხვი და ამ ფონზე რატომ არ ისმის მათი პროტესტი, მით უფრო, როდესაც თავად ამბობენ, რომ "ყველას ვერ დააპატიმრებენ და დახოცავენ".

- მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიცი ორგანიზაციები, რომლებიც სამხედროების ქვეყნიდან გაყვანაზე მუშაობენ. თუმცა, გერმანელებს მსგავსი ორგანიზაციები არა აქვთ. ორი წელია ჩვენ სხვადასხვა ორგანიზაციას ვწერთ, რომ როგორმე შეაჩერონ ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩვენი ხალხის მონაწილეობა, მაგალითად, შეიქმნას ცალკე ბანაკი გერმანიაში, სადაც რუსეთიდან გამოქცეულ გერმანელებს მიიღებენ და შეიფარებენ, რადგან ეს ადამიანები ომზე უარს ამბობენ და დემოკრატიის მომხრეები არიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გავხდით... მეტიც, ვიცი შემთხვევები, როდესაც მათ დახმარებისთვის ყაზახეთში არსებულ გერმანულ ორგანიზაციებს მიმართეს, მაგრამ ყურიც კი არავინ შეიბერტყა. არადა, ყაზახეთში, უზბეკეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არაერთი გერმანული ორგანიზაციაა, ამავე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. თავიდან პარადოქსი მეგონა, როგორ, მაშ, რას ემსახურებიან, თუ თავიანთ ხალხს არ დაეხმარებიან-მეთქი? საოცარი პასუხი გამცეს, - გერმანული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, კულტურის განვითარების, ენის შესწავლასო... ეს მაშინ, როდესაც ენას ჩვენი ხალხი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, თავად სწავლობს საფუძვლიანად, თავიდან ისე, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ასეთ ნეიტრალურ დამოკიდებულებას რუსეთი ძალიან კარგად იყენებს სათავისოდ, როგორც ადილობრივ დონეზე, ანუ მასებზე მანიპულაციისთვის, ასევე, არმიის რაოდენობის გასაზრდელად. ამიტომაც არ მესმის ორმაგი საერთაშორისო პოლიტიკის აზრი.

- რუსეთიდან გაქცეულებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თუ მიუმართავთ?

- საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მოძალადე რეჟიმს აპროტესტებს, გაერთიანებულიყო და საერთაშორისო ორგანიზაცია იქნებოდა თუ მედია, ერთობლივად მიემართათ მათთვის, ასე მათ ხმას უფრო მოუსმენდნენ, მაგრამ რუსეთის მსგავს ქვეყანაში ეს საკმაოდ ძნელია, რადგან ძლიერია ანტიდასავლური პროპაგანდა და გარდა ამისა, ეფ-ეს-ბეც ძალზე ეფექტურად მუშაობს. იბარებენ მათი ოჯახის წევრებს, შვილებს, დედებს, ცოლებს, ემუქრებიან, კვირაობით ჰყავთ იზოლატორებში და თუ საჭირო გახდა, მაშინვე ღალატის მუხლით შეუკერავენ საქმეს და ოჯახებს გაუნადგურებენ, მათი მცირეწლოვან შვილებს კი უპატრონო ბავშვთა სახლებს გადასცემენ, სადაც რა ხდება, ყველასთვის კარგადაა ცნობილი... შემდეგ, სამთავრობო პროპაგანდა, ამას ისე ფუთავს, თითქოს სახელმწიფომ აღმოფხვრა უდიდესი დანაშაული, დაკავებულია დასავლეთის აგენტურული ქსელი, თუმცა, ისინი ღირსეულ პირობებში იხდიან სასჯელს, რადგან რუსეთში ყველას უფლება დაცულია და რაც მთავარია - მათი შვილები ჯანსაღ გარემოში ღირსეულ მოქალაქეებად გაიზრდებიან.

სცენარი იმდენად აბსურდულია, რომ ხშირად სტალინის საბჭოთა პროპაგანდასაც აჭარბებს, მაგრამ მუშაობს. ამიტომ, გაქცევის მსურველებს ურჩევნიათ, შეუმჩნევლად წამოვიდნენ, ერთმანეთს დაეხმარონ წამოსვლის ორგანიზებაში, გეგმის შედგენაში, თავშესაფრისა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და როდესაც უსაფრთხოდ იქნებიან, შემდეგ ისაუბრონ რუსულ რეჟიმზე. როდესაც ევროპაში ჩააღწევენ, ნამდვილად ცდილობენ მერე ერთობლივად იმოქმედონ და იმუშაონ...

რუსეთში ბევრი მისტირის იმ დროს, როდესაც საბჭოთა ქვეყნები "რკინის ფარდის" მიღმა ცხოვრობდნენ, რადგან ახალი ვერაფერი შექმნეს, ვერც ააშენეს, დემოკრატია ახლაც არ არსებობს და ეს ნაწილს ძალიანაც მოსწონს - დილით დგებოდნენ, სამუშაოდ მიდიოდნენ, ღამე ბრუნდებოდნენ, წვებოდნენ და იძინებდნენ. ამიტომაც, იმ დროს ბევრი უზრუნველ წლებადაც მოიხსენიებს, არავინ არაფერს აკრიტიკებდა, ყველას ყველაფერი მოსწონდა, უსაფრთხოდ და ლაღად ვცხოვრობდითო. ესეც პროპაგანდის ნაწილია - მონობასა და თავისუფლებას შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.

ერთი გერმანელი ბიჭის - კევინ ლიკის ამბავს მოგიყვებით - ის ციხეში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ დედასთან ერთად რუსეთის დატოვებას ცდილობდა. ბიჭი მაშინ არასრულწლოვანი იყო. დედა-შვილს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. დედამისი ცდილობდა, ოჯახი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ქალს სურდა, მის ვაჟს განათლება გერმანიაში მიეღო და ცხოვრებაც იქ გაეგრძელებინა.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე კევინ ლიკს 2023 წლის დეკემბერში ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. მისი სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. სასჯელის გამოცხადების მომენტში ის 18 წლის იყო. რუსეთის პროკურატურის თანახმად, მას ბრალად ედება ადგილობრივი სამხედრო ბაზის თვალთვალი, ფოტოების გადაღება და შემდეგ ელექტრონული ფოსტით მათი გადაგზავნა უცხო მთავრობის წარმომადგენლისთვის... რუსეთის მართლმსაჯულების "გამჭვირვალობაზე" ყველას სმენია, შესაბამისად, ისიც ვიცით, რომ მათ ფანტაზიის დიდი უნარიც არ აქვთ.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ის არხანგელსკის ოლქის მე-14 კოლონიიდან გაუჩინარდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დედამ და შემდეგ უკვე მისმა მხარდამჭერებმა ხმაური ატეხეს, როგორც ჩანს, სიტუაციის გამწვავებას მოერიდნენ და დააბრუნეს. ლიკი რამდენიმე ხნის წინ, ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში, ტერორისტებსა და კრიმინალებში გაცვალეს და გერმანიაში დააბრუნეს. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის საფრთხე ყოველ ნაბიჯზეა. ნებისმიერ დროს შეიძლება თავისი ისტორიული სამშობლოს ან სულაც სხვა ქვეყნისთვის სასარგებლოს ჯაშუშობაში დაადანაშაულონ და გაასამართლონ. ეს ხომ რუსეთია... სიმართლეს იპოვის ვინმე თუ რა?..

- უკრაინაში თქვენი ახლობლები ცხოვრობენ. რა მდგომარეობაში არიან ისინი?

- ისინი რუსეთის მასირებული იერიშების ქვეშ ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ დუნაისპირა ნავსადგურ იზმაილს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. იზმაილი უკრაინიდან მარცვლეულის გატანის მნიშვნელოვანი კვანძია, ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთის საზღვართან მდებარეობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის არმია მას თავს დაესხა. გასაგებია მისი სტრატეგია, მხოლოდ უდანაშაულო ხალხს კი არ ხოცავს, ეკონომიკურ ობიექტებზე ნადირობს.

ზაპოროჟიეს ოლქში ის საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, სადაც ჩემი ახლობლები ცხოვრობდნენ. მათ ყოველდღე რუსული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების ქვეშ უწევთ ცხოვრება, თუკი ამას შეიძლება ცხოვრება ვუწოდოთ. ჩვენ, წამოსულები, ერთდროულად ორ ქვეყანაში ვცხოვრობთ - როგორც გერმანელი, აქაურ ბიუროკრატიას ყოველდღე ვეჯახები, ვცდილობ დავბრუნდე და იმავდროულად, უკრაინაზე, იქ მყოფებზე ფიქრი არ მასვენებს. აშკარაა, რომ რუსული თავდასხმები კარგა ხანს არ შეწყდება, დასავლეთი კი იმაზე გვევაჭრება, სად და რომელ ტერიტორიაზე გამოიყენებენ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს. ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის. რუსეთმა თუ თავისი გაიტანა, დასავლეთს უკან დაახევინა და გამარჯვება გაიფორმა, არ შეჩერდება. ეს ხომ კარგად იციან მსოფლიოს ლიდერებმა, მაგრამ მაინც სხვადასხვა მიზეზით დრო გაჰყავთ, რუსეთს ძალის მოკრებას აცდიან. იმედია, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. დიდი იმედი არ მაქვს და ასეც მინდა იყოს, სიტყვების ბრახაბრუხის გარდა, საქმეზეც გადავიდნენ და საღმა აზრმა გაიმარჯვოს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"