"სტალინმა  სუდოპლატოვს მაშინვე ურჩია ამ სისუსტის გამოყენება... მალე, "მწარე საჩუქრის" ყუთში  ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მზად იყო" - როგორ ხელმძღვანებლობდა ბელადი დივერსიული სპეცოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას - კვირის პალიტრა

"სტალინმა  სუდოპლატოვს მაშინვე ურჩია ამ სისუსტის გამოყენება... მალე, "მწარე საჩუქრის" ყუთში  ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მზად იყო" - როგორ ხელმძღვანებლობდა ბელადი დივერსიული სპეცოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას

საარქივო დოკუმენტებითა და მემუარული ლიტერატურით დასტურდება, რომ 1930-1950 იან წლებში საბჭოთა სპეცსამსახურები დავალებებს უშუალოდ სტალინისგან იღებდნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი სპეცოპერაციის ოპერატიულ საკითხებსაც მასთან ათანხმებდნენ. სტალინს შესწორებები და შენიშვნები შეჰქონდა წარმოდგენილ გეგმებში, ხშირად კი თვითონაც სთავაზობდა ორიგინალურ იდეებს. იმ პერიოდში სტალინი „დიდი წარმატებით“ ხელმძღვანელობდა ტერორისტულ–დივერსიული სპეცოპერაციების დაგეგმვას და ახორციელებდა მათი შესრულების კონტროლს. „დიდი დიქტატორი“ განსაკუთრებით მომთხოვნი იყო „ქვეყნისა და ხალხის მტრების“ ლიკვიდაციის სპეცოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების დროს. დღეს „დიდი ბელადის“ მიერ დაგეგმილი ერთი ამგვარი სპეცოპერაციის შესახებ მოგითხრობთ.

1930 იანი წლების დასაწყისში დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები უკრაინული ემიგრაცია ( ქართული ემიგრაციისგან განსხვავებით) ანგარიშგასაწევ საფრთხეს წარმოადგენდა საბჭოთა რეჟიმისთვის. ისინი ახერხებდნენ ფარული კონტაქტი ჰქონოდათ უკრაინის, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინის, პატრიოტულად განწყობილ მოსახლეობასთან.

1934 წელს, სტალინთან შეთანხმებით, „ო–გე–პე–უმ“ შეიმუშავა ოპერატიული გეგმა „უკრაინელი ნაციონალისტების ტერორისტული ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომლის ერთ–ერთი ნაწილი უკრაინულ ემიგრანტულ ორგანიზაციებში „ჩეკისტების“ ფარული შეგზავნა იყო. 1936 წლის ივნისში ამ ორგანიზაციების ერთ–ერთი ხელმძღვანელის, ძირითადად ბერლინში მცხოვრები ევგენი კონოვალეცის უახლოეს გარემოცვაში „ჩანერგეს“ ახალგაზრდა „ჩეკისტი“, საბჭოთა ლიკვიდაციის სპეცოპერაციების მომავალი “დიდოსტატი”, პაველ სუდოპლატოვი, რომელიც ორი წლის მანძილზე იყო აგენტი–ინფორმატორი და საბჭოთა საგარეო დაზვერვას სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას უკრაინელი ემიგრანტების გეგმების შესახებ.

bes-alad-1728327440.jpg

ევგენი კონოვალეცი

გარდა ამისა სუდოპლატოვს „ცენტრიდან“ ჰქონდა დავალება მაქსიმალურად გაემწვავებინა ურთიერთობა, როგორც უკრაინული ემიგრაციის ორ ხელმძღვანელს: ევგენი კონოვალეცსა და სტეფან ბანდერას, ასევე მათ მომხრეებს შორის. სუდოპლატოვმა იმდენს მიაღწია, რომ კონოვალეცი მას სრულიად ენდობოდა და გვერდიდან არ იშორებდა. საბჭოთა საგარეო დაზვერვამ ახალგაზრდა „ჩეკისტს“ ძალზე საიმედო მოკავშირე შეურჩია. . . . მისივე მეუღლე ემა კოგანოვას სახით, რომელიც ასევე „ო–გე–პე–უს“ თანამშრომელი იყო. სუდოპლატოვის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი „ცნობების“ საფუძველზე საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელები სტალინისთვის ადგენდნენ სპეციალურ მოხსენებებს უკრაინულ ემიგრანტულ ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

1937 წლის ნოემბერში სტალინი შეხვდა სუდოპლატოვს რათა პირადად მისგან მოესმინა ევგენი კონოვალეცის გეგმების შესახებ. სწორედ იმ შეხვედრაზე მიიღო სუდოპლატოვმა კონოვალეცის ლიკვიდაციის დავალება. „დიდი ბელადი“ ამგვარად ასაბუთებდა ამ ტერორისტული ოპერაციის აუცილებლობას: „ეს არ არის შურისძიების უბრალო აქტი, თუმცა კონოვალეცი არის გერმანული ფაშიზმის

bes-alad-2-1728327417.jpg

პაველ სუდოპლატოვი და მისი მეუღლე ემა კოგანოვა

აგენტი. ჩვენი მიზანია ომის წინ უკრაინული ფაშიზმის მოძრაობას თავი მოვკვეთოთ და ვაიძულოთ ეს ბანდიტები, გაანადგურონ ერთმანეთი ძალაუფლებისთვის ბრძოლაშიო“ .

1997 წელს მოსკოვში გამოცემულ მოგონებებში სუდოპლატოვი ასე აღწერს ამ შეხვედრის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მთელი სპეცოპერაციისთვის გადამწყვეტ დეტალს:

„შემდეგ მომიბრუნდა (სტალინი –ბ.ა.) და მკითხა:

- როგორია კონოვალეცის გემოვნება, სისუსტეები და ჩვევები? შეეცადეთ გამოიყენოთ ისინი.

– კონოვალეცს ძალიან უყვარს შოკოლადი,– ვუპასუხე მე და დავამატე, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ის ყოველთვის საუკეთესო შოკოლადის ყუთს ყიდულობდა“.

შეიტყო რა, რომ კონოვალეცს ძალზე უყვარდა შოკოლადი, სტალინმა სუდოპლატოვს მაშინვე ურჩია ამ სისუსტის გამოყენება. დანარჩენი უკვე საბჭოთა კავშირის შინსახკომის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების სპეციალისტებზე იყო დამოკიდებული. სტალინის ამ "მწარე საჩუქრის" კონსტრუქტორი, მაშინ ახალგაზრდა, შემდეგ კი საბჭოთა დაზვერვის „მთავარი ამფეთქებელი“ და „ოტო“–ს (ოპერატიული ტექნიკის განყოფილება) ერთ–ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტიმაშკოვი (1903–1975) იყო. სულ მალე, შოკოლადის ყუთში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მზად იყო, რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ნახევარი საათის შემდეგ ავტომატურად მოდიოდა მოქმედებაში.

კონოვალეცის და „უკრაინელი ნაციონალისტის“ სუდოპლატოვის შეხვედრა 1938 წლის 23 მაისს როტერდამში, რესტორან “ატლანტაში” დაიგეგმა. ალექსანდრე ტიმაშკოვმა კონოვალეცთან შეხვედრამდე ათი წუთით ადრე ასაფეთქებელო მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა და სუდოპლატოვს გადასცა. საბჭოთა ლიკვიდატორმა მცირე საუბრის შემდეგ, რა დროსაც მათი მომავალი შეხვედრის დეტალები განიხილეს, დამშვიდობებისას კონოვალეცს მაგიდაზე დაუტოვა“სტალინის საჩუქარი” და თავად სწრაფი ნაბიჯით დატოვა რესტორანი. ევგენი კონოვალეცი ყავას მიირთმევდა, როდესაც “შოკოლადის ყუთი” აფეთქდა და მასთან ერთად რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

bes-alad-3-1728327458.jpg

1938 წლის 23 მაისს როტერდამში მომხდარი აფეთქების შედეგები

მეორე დღეს ევროპის ქვეყნების ძირითადმა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია როტერდამში ევგენი კონოვალეცის მკვლელობის შესახებ. ვერსია სამი იყო: ის მოკლეს ბოლშევიკებმა, ან კონოვალეცთან დაპირისპირებულმა უკრაინული ემიგრაციის სხვა ხელმძღვანელებმა (ამ დროს უპირველესად სტეპან ბანდერაზე ჰქონდათ ეჭვი), ან პოლონელებმა. სუდოპლატოვმა სწრაფად დატოვა ჰოლანდია და ესპანეთს შეაფარა თავი, ამიტომაც ამ მკვლელობაში საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებები მაშინ ვერ იქნა აღმოჩენილი და ძირითად ვერსიად უკრაინელ ემიგრანტებს შორის „საქმის გარჩევა“ დარჩა. სტალინმა კი ერთ ტერაქტით ორ მიზანს მიაღწია: კონოვალეციც თავიდან მოიცილა და უკრაინელ პატრიოტებს შორისაც დაპირისპირება გაამწვავა.

bes-alad-4-1728327320.jpg

ევგენი კონოვალეცის ძეგლი ივანო–ფრანკოვსკში.

ამ, საბჭოთა პოლიტიკური ტერორიზმის ერთ–ერთი ქრესტომათიული ოპერაციიდან ოთხმოც წელზე მეტი გავიდა, თუმცა მთავარი მოქმედნი პირნი კვლავ ჩართულნი არიან სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირებაში, ამჟამად უკვე „იდეოლოგიურ ფრონტზე“. ევგენი კონოვალეცი დამოუკიდებელ უკრაინაში ეროვნულ გმირად არის აღიარებული და მის პატივსაცემად მრავალი ძეგლია აღმართული.

bes-alad-5-1728327295.jpg

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კვლავ გამოიყენოს საბჭოთა მზვერავ–ლიკვიდატორის, პაველ სუდოპლატოვის სახელი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ. 2022 წლის 7 ივლისს პაველ სუდოპლატოვის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, სადაც საბჭოთა დივერსანტ–ლიკვიდატორი დაიბადა, ოკუპანტებმა მისი ბიუსტი დადგეს. „პუტინის პროპაგანდისტებს“ სურთ სუდოპლატოვი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ თავის დროზე თხუთმეტი წელი ციხეში აყურყუტა, „ფაშიზმთან“ მებრძოლ გმირად წარმოაჩინონ.

(პირველი ნაწილის დასასრული)