"პუტინს შიშები დაეწყო: რატომ ვეღარ ბედავს სოჭის საკუთარ რეზიდენციაში ჩასვლას, სადაც კაბაევას დაბადების დღეებს უხდიდა და "ხავერდოვან სეზონზე" ნებივრობდა?" - რას წერს Deutsche Welle - კვირის პალიტრა

"პუტინს შიშები დაეწყო: რატომ ვეღარ ბედავს სოჭის საკუთარ რეზიდენციაში ჩასვლას, სადაც კაბაევას დაბადების დღეებს უხდიდა და "ხავერდოვან სეზონზე" ნებივრობდა?" - რას წერს Deutsche Welle

ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად უფრთხილდება თავის სიცოცხლეს და უკრაინული დრონების შიშით, რომლებსაც უკვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების გვერდის ავლა და ათას კილომეტრზე ფრენა შეუძლიათ, სოჭში, თავის რეზიდენციაში ჩასვლას ვეღარ ბედავს“, - ნათქვამია გერმანულ სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში სათაურით - „პუტინი სოჭში ჩასვლას ვეღარ ბედავს, უკრაინული დრონების გამო“ (ავტორი - რომან სულიმა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ერთ-ერთ, ყველაზე საყვარელ რეზიდენციაში - სოჭის ახლოს მდებარე „ბოჩაროვ რუჩეიში“ რეგულარული ყოფნა შეწყვიტა“, - იუწყება საზღვარგარეთ მოქმედი რუსულენოვანი გამოცემა „პროექტი“ (მას „უცხოური აგენტისა“ და „არასასურველი ორგანიზაციის“ სტატუსი აქვს მინიჭებული) თავის გამოკვლევაში, რომელიც 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს გამოქვეყნდა.

როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინი „ბოჩაროვ რუჩეიში“ ყოველწლიურად ერთ თვეს მაინც ატარებდა და ისვენებდა ხოლმე, განსაკუთრებით - შემოდგომაზე, „ხავერდოვანი სეზონის“ პერიოდში. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერს ტრადიცია ჰქონდა - სწორედ სოჭში ზეიმობდა ხოლმე 12 მაისს - ყოფილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას დაბადების დღეს, რომელიც პრეზიდენტის [არაოფიციალური ცოლი და მისი] ორი ვაჟის დედაა.

როდის დაეწყო პუტინს შიშები?

უკრაინასთან ომის პირველ წელს ვლადიმერ პუტინი თავის ტრადიციას არ ღალატობდა, „ბოჩაროვ რუჩეის“ რეზიდენციაში იღებდა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ბელარუსის მმართველს. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2023 წელს, როცა სოჭს უკრაინელმა დრონებმა აქტიურად შეუტიეს. ასე, მაგალითად, იმავე წლის 20 სექტემბერს სოჭის აეროპორტის ახლოს დრონის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, საწვავით სავსე ცისტერნა აფეთქდა. ახალი შეტევები მოხდა 1-ელ და 15 ოქტომბერს, როცა უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, დრონმა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი დააზიანა, რომლითაც ვლადიმერ პუტინი სარგებლობდა.

putin-1728372044.jpg

„იმ ხანებში ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის - საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელს - ასლან ბჟანიას ხვდებოდა. სწორედ მაშინ გააცნობიერა რუსეთის ლიდერმა საფრთხე და შეშინდა“, - წერს „პროექტი“ და იმოწმებს ერთ-ერთ „ნაცნობ პიროვნებას“ პრეზიდენტის გარემოცვიდან. ოფიციალურად რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლის განმავლობაში სოჭში მხოლოდ ერთხელ იყო ჩასული, მარტში, როცა იგი რაფაელ გროსს - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.

საინტერესოა, რომ რაფაელ გროსი ვლადიმერ პუტინმა „ბოჩაროვ რუჩეი-2“-ში მიიღო - იმიტომ, რომ რეზიდენციის მთავარი კორპუსი დაანგრიეს (სხვათა შორის, 2008 წელს იქ რუსმა პრეზიდენტმა თავისი ამერიკელი კოლეგა - ჯორჯ ბუში-უმცროსი მიიღო). ამჟამად მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობს. „რაც შეეხება „ბოჩაროვ რუჩეი-2“-ს, კორპუსი რეზიდენციის სამხრეთ ნაწილში აიგო, სოჭის „ოლიმპიადა-2014“-ის შემდეგ", - ნათქვამია „პროექტის“ გამოკვლევაში.

პუტინის რეზიდენციები და პერსონალური რკინიგზა

სოჭის რეზიდენციის გარდა, ვლადიმერ პუტინს აქვს სასახლე შავი ზღვის ნაპირზე, გელენჯიკთან მდებარე იდიკოპასის კონცხზე, რაზედაც ალექსი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა ჯერ კიდევ 2021 წელს ფართო მასალა გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, პუტინი უარყოფდა, რომ სასახლე მას ეკუთვნის. მოგვიანებით მილიარდერმა და პუტინის მეგობარმა - არკადი როზენბერგმა გამოაცხადა, რომ სასახლე მან შეისყიდა და მალე შენობას „პრეზიდენტ-ოტელად“ გადააკეთებს.

ვლადიმერ პუტინს კიდევ ორი ოფიციალური რეზიდენცია აქვს - "ნოვო-ოგარევო“ - მოსკოვის ოლქში და „ვალდაი“ - ნოვგოროდის ოლქში. 2023 წლის თებერვალში „პროექტი“ წერდა, რომ ვალდაის რეზიდენციის ახლოს არსებობს მტკიცედ დაცული სარკინიგზო სადგური, ვერტმფრენის მოედნითურთ. ჟურნალისტური გამოკვლევის მიხედვით, საიდუმლო რკინიგზის ხაზი პერსონალურად ვლადიმერ პუტინისათვის გაიყვანეს, რომელზეც პრეზიდენტი ჯავშნიანი მატარებლით მოძრაობს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ