"პრემიერი მისდევს გებელსის პროპაგანდას, რომ ყველაზე დაუჯერებელი რამ უნდა თქვა იმისთვის, რომ დაგიჯერონ - პიარია, სხვა არაფერი" - კვირის პალიტრა

"პრემიერი მისდევს გებელსის პროპაგანდას, რომ ყველაზე დაუჯერებელი რამ უნდა თქვა იმისთვის, რომ დაგიჯერონ - პიარია, სხვა არაფერი"

პრემიერი მისდევს გებელსის პროპაგანდას, რომ ყველაზე დაუჯერებელი რამ უნდა თქვა იმისთვის, რომ დაგიჯერონ. პიარია, სხვა არაფერი. როდესაც ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვა მიდის და ყველა განცხადება, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ კატასტროფულია, როგორ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას? თუ ურთიერთობის დალაგება უნდათ, სულ ერთი კანონი იყო გასაწვევი და არ გააკეთეს. ყველაფერი რჩება ისე, როგორც ჰქონდათ პროპაგანდის თვალსაზრისით, ეს არის სატყუარა. „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობას ვერანაირად დაალაგებს, თუ პოლიტიკა არ შეცვალა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას გაკეთებულ განცხადებებს.

ძაბირაძის შეფასებით, პრემიერის სურვილი, რომ ურთიერთობა დალაგდეს რუსეთთან, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, სტრატეგიული პარტნიორი გახდეს ამერიკა, ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში, ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მუშაობს, „ცოტა წარმოუდგენელია, ეს როგორ უნდა გაკეთდეს“.

„დასავლეთის და მოკავშირეების კრიტიკა არ არის ის, რასაც ესენი აკეთებენ, ფაქტობრივად, ეს არის დადანაშაულება იმისა, რომ მთელი ამ უბედურების სათავე, რაც საქართველოში და მსოფლიოში ხდება, არის დასავლეთი და ასეთ ვითარებაში, როგორ აპირებენ ურთიერთობის დალაგებას ამერიკასთან თუ ევროკავშირთან, ეს ხომ მთლიანად ზღაპარია? საერთოდ, რეალობიდან გასულია. საქართველოში ყველა ხელისუფალი გარკვეულ ეტაპზე ცდილობდა ასეთი ვითარების დამკვიდრებას, რომ ჩვენ გვქონდა დასავლეთთან ურთიერთობა, ვყოფილიყავით მშვიდობიანად რუსეთთან, მაგრამ რუსეთს უნდა ეს მშვიდობიანი ურთიერთობა? ჩვენ ამას გარკვეულწილად ვახერხებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. საქართველოში ყველა ხელისუფალი, გამსახურდიას გარდა, ფაქტობრივად, მოვიდა ამ ორი ქვეყნის პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით. მაშინ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა სხვა ფორმატის იყო. დღეს კი, რუსეთსა და დასავლეთს შორის საომარი ვითარებაა და ამ შეუთავსებლის შეთავსება, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია. პრემიერ-მინისტრმა და სხვებმაც იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% არის პროევროპული, ამიტომ პრემიერი არსებულ ვითარებაში, მათი საარჩევნო სლოგანი რომ არის „ღირსების ევროპისკენ“ , სხვაგვარს ვერაფერს იტყვის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებიან, ძაბირაძის შეფასებით, პირველ რიგში, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდიდან გარკვეულწილად დისტანცირება.

„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადააყენეს და პარტიის თავმჯდომარედ გაუშვეს, მაშინ ვფიქრობდი, ეს იყო სვლა იმისათვის, რომ ღარიბაშვილი გაერიდებინა ამ საარჩევნო ბატალიებისგან. როგორც ჩანს, ეს თემა მუშავდებოდა და დღესაც მუშაობს. დისტანცირებას აკეთებს ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამიდან, როგორ ჩანს სჭირდება „ტაიმ აუტი“, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, რადგანაც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დგას დასავლეთიდანაც და ალბათ, რუსეთიდანაც, ამიტომ დრო სჭირდება, სრულად ჩამოყალიბდეს, რას გააკეთებს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგების შესახებ ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი, ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, „რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით“. მისივე თქმით, პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე პრემიერის თქმით, უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა.

IPN