ბუზღუნი დამიფასდა - მწვანე შუქიც გამოჩნდა - კვირის პალიტრა

ბუზღუნი დამიფასდა - მწვანე შუქიც გამოჩნდა

ძალიან მიხარია, რომ რაღაცაში ჩემმა ბუზღუნმაც გაამართლა. ადრეც ვამბობდი და არაერთგზის გავიმეორებ მე ვიღაცის კრიჭაში დგომა არ მიხარია, უბრალოდ რაღაცები არასწორად მიმაჩნია და იმაზე ვბუზღუნებ.

აგერ ვწერდი, რომ შუქნიშნები არ ჩანს-თქო (”პოლიციის მაგივრად ბუჩქებში იმალება...”) და რამდენიმე დღეში ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადგილებში, ხეები გასხლეს და შუქნიშნებიც გამოაჩინეს.

ფოტოზე ქუთაისის ქუჩაზე მდებარე შუქნიშნის დღევანდელი და წინა კვირის მდგომარეობაა გამოსახული, ბოდიში მუქი კადრისთვის, მოსაღამოვებულზე გადავიღე. გასხლულია ქეთევან წამებულის გამზირზე მდგარი შუქნიშანიც.

ხომ წვრილმანია, მაგრამ მაინც მიხარია. მადლობა ვინც ჩემ პოსტს ყურადღება მიაქცია, ე.ი. მართალი ვიყავი... ეს უკვე მეორე შემთხვევაა იხილეთ ”ნანგრევებში გაკეთებული საბავშვო მოედანი გააუქმეს”

მინდაჩემი ბლოგის მკითხველს მივმართო:

ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ცუდი და არასწორია. მაგრამ ამ პრობლემებიდან ისეთებიც ბევრია, რომელთა გამოსწორება ძალიან ადვილია.

უბრალოდ, შეიძლება, ვიღაცა ვერ ამჩნევს, ყურადღება აკლდება და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ მე მხოლოდ იმაზე მიმიწვდება ხელი რაც შინიდან სამსახურამდე გზაში, ან ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში მხვდება.

შეიძლება თქვენ ბევრად უფრო პრობლემური საკითხები გქონდეთ. მომწერეთ, იქნებ 10-იდან ერთი მაინც გავასწოროთ. ესეც საქმე იქნება...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge