ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ - რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ - რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს

გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებზეც არის საუბარი.

უფრო კონკრეტულად, რეზოლუციის პროექტის თანახმად, [ევროპარლამენტი] ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე;

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:

მყარად გმობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის” შესახებ კანონების მიღებას, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს;

მიაჩნია, რომ ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების დასარღვევად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დაწესებისთვის ან დაუცველი ხალხის წინააღმდეგ დისკრიმინაციისთვის;

ხაზს უსვამს, რომ ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

ხაზს უსვამს, რომ სანამ ზემოთქმული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია;

მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე დემოკრატიული პროგრესის ჩემპიონი, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიული გაუარესების „თავისუფალ ვარდნაში“ იმყოფება.

[ევროპარლამენტი] გმობს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და, რუსეთისკენ გადახვევისთვის, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრაში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს, რომელიც 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, როდესაც “ქართული ოცნების” პარტიის “საპატიო თავმჯდომარე“ გახდა;

[ევროპარლამენტი] კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის;

[ევროპარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს პასუხისმგებლობა დააკისრონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც თანამონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, და ვინც ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებენ; [ევროპარლამენტი] მიესალმება აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ პერსონალურ სანქციებს.

[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით მისცა, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა;

[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ნათლად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა.

[ევროპარლამენტი] ხელახლა მოუწოდებს ევროკომისიას, რომ სწრაფად შეაფასოს თუ რა გავლენას ახდენენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების მიმდინარე შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნაზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის საკვანძო კომპონენტია, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის” კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.

[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული პირობების საფუძველზე, რათა სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ გაეწიოს;

[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის, და სრულად პასუხისმგებელი უნდა იყოს თუ მას ნებისმიერი ზიანი მიეყენება.

"ინტერპრესნიუსი"