სკანდალური ვერსია: ვინ არის კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა - "ინგლისელმა გერმანელს თავისი შაშხანა დაუმიზნა, მაგრამ... თქვენ გამოჰკრავდით ხელს ჩახმახს? ჰო თუ - არა?" - კვირის პალიტრა

სკანდალური ვერსია: ვინ არის კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა - "ინგლისელმა გერმანელს თავისი შაშხანა დაუმიზნა, მაგრამ... თქვენ გამოჰკრავდით ხელს ჩახმახს? ჰო თუ - არა?"

ბრიტანულ გაზეთში - „ინდიფენდენთ“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „კაცი, რომელსაც შეეძლო, ადოლფ ჰიტლერი... 1918 წელს მოეკლა და 70 მილიონი ადამიანი გადაერჩინა“ (ავტორი - ტერი დირი), რომელიც ეხება პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარ ისტორიას.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

1918 წლის 26 სექტემბერს, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სენ-კანტენის არხთან, მარკუენთან ახლოს, „ჰინდენბურგის ხაზის“ გარღვევის დროს ანტანტისა და გერმანიის ჯარები ერთმანეთს შეებრძოლნენ. სწორედ ამ დროს, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ინგლისელი ჯარისკაცი ჰენრი ტანდი და გერმანელი კაპრალი, რომელიც წაქცეული იყო. ინგლისელმა გერმანელს თავისი შაშხანა დაუმიზნა, მაგრამ შეატყო რა, რომ კაპრალი დაჭრილი იყო, არ მოკლა და მას ცოცხლად დარჩენის შესაძლებლობა მისცა.

ტყვია, რომელიც ჰენრი ტანდიმ არ გაისროლა, შეიძლებოდა, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ტყვიად აღიარებულიყო. საქმე ისაა, რომ კაცი, რომელიც ჰენრიმ არ მოკლა, გერმანელი (ავსტრიული წარმოშობის) კაპრალი იყო - ადოლფ ჰიტლერი. ჰენრის რომ ჩახმახისათვის თითი გამოეკრა, პლანეტა, ალბათ, თავიდან აიცილებდა ყველაზე დამანგრეველ მეორე მსოფლიო ომს.

მოგვიანებით ჰენრი ტანდიმ მონაწილეობა მიიღო ქალაქ იპრთან მომხდარ ბრძოლებში, რომლის დროსაც მან ზურგით ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანაპოლკელი გამოიყვანა და გადაარჩინა. სწორედ ამ დროს, მას საველე ფოტოგრაფმა სურათი გადაუღო, რომელიც გაზეთში შესაბამის სტატიასთან ერთად დაიბეჭდა. შემდგომში, 1923 წელს, ფოტოსურათის მიხედვით, იტალიელმა მხატვარმა ფორტუნინო მატანიმ ზურგზე დაჭრილმოკიდებული ჰენრი ტანდი ზეთის საღებავით დახატა.

გერმანელი ექიმი ოტო შვენდიც იპრთან იბრძოდა, იგი ტყვედ ჩავარდა, თუმცა პროფესია გამოადგა და ინგლისელ პოლკოვნიკს მკურნალობდა. მოგვიანებით, მან გაიცნო იტალიელი მხატვარი, რომელმაც თავისი ნახატი აჩუქა - როგორც იპრის ბრძოლების მონაწილეს. 1937 წელს მან ნახატი, ჰენრი ტანდის ფოტოსურათთან ერთად, ადოლფ ჰიტლერს გაუგზავნა, რომელიც იმ დროისთვის უკვე გერმანიის რეიხსკანცლერი იყო. ჰიტლერის მდივანმა ოტო შვენდს სამადლობელი წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ ფიურერი ამ ფოტოსურათით საგანგებოდ დაინტერესდაო.

რაც შეეხება ჰენრი ტანდის, ომის დროს მან ვიქტორიას ჯვრის ორდენი და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო, იგი 1926 წელს კი არმიიდან გათავისუფლდა და კომპანია Standard Motor Company-ს უსაფრთხოების სამსახურში მშვიდად და წყნარად მუშაობდა. ერთ დღეს კი მისი სახელი მსოფლიომ გაიგო...

1938 წელს, ადოლფ ჰიტლერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი. მასპინძელმა სტუმარი ბავარიაში, თავის რეზიდენცია „არწივის ბუდეში“ მიიღო. პრემიერს გამოფენილი ნახატი და ფოტო უნახავს და ჰიტლერისთვის უკითხავს, თუ საიდან ჰქონდა მას ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიის ამსახველი ატრიბუტები. ადოლფ ჰიტლერს უთქვამს, რომ ამ კაცმა, ჰენრი ტანდიმ, არ მომკლა და სიკვდილს გადავრჩიო. გერმანიის რაიხსკანცლერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რომ თუ ჰენრი ტანდი ცოცხალი იყო, მისთვის უღრმესი მადლობა გადაეცა, რომ მან 1918 წელს, 20 წლის წინ, ფრონტზე, ჩახმახს თითი არ გამოჰკრა.

როცა ნევილ ჩემბერლენი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, თვითმფრინავის ტრაპიდან ჩასვლისას მას ხელში ქაღალდის ფურცლები ეჭირა და ამბობდა - „ეს არის მშვიდობა, რომელიც ჩვენი დროის უდიდეს მიღწევას ნიშნავს“. ამავე დროს, მას არ დავიწყებია თავისი დაპირება ფიურერისადმი, რომ მოძებნიდა ჰენრი ტანდის და რაიხსკანცლერისაგან გულთბილ მოკითხვას გადასცემდა. მართლაც ასე მოხდა. 1940 წელს მან ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა: „მიზანში ამოვიღე, მაგრამ დაჭრილისთვის სროლა ვერ მოვახერხე, ამიტომ - გავუშვი“.

იმ დროს ამ ისტორიამ მხოლოდ მცირე ყურადღება მიიპყრო - ბრიტანელები თავიანთი პრობლემებით იყვნენ გართულები. ომის შემდეგ კი, როცა ეს ისტორია გაიხსენეს, ისეთი ამბები დაიწყო, რომ ჰენრი ტანდი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ აღმოჩნდა - თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა. გაირკვა, რომ 1918 წლის 26 სექტემბერს ადოლფ ჰიტლერი, თურმე, შვებულებაში იმყოფებოდა, ანუ იგი ჰენრი ტანდის ვერ შეხვდებოდა. ნუთუ ფიურერს რაღაც შეეშალა?

ამბობენ, რომ ჰენრი ტანდი ისე ჩავიდა საფლავში (იგი 1977 წელს გარდაიცვალა, 86 წლის ასაკში), რომ სჯეროდა - სწორედ მან შეიბრალა ჰიტლერი და არ მოკლა, თუმცა ძალიან ნანობდა, რომ ადამიანური სისუსტე გამოიჩინა. მისი ნეშტი მარკუენთან ახლოს არის დაკრძალული.

„თქვენ რომ ჰენრი ტანდის ადგილას ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით, ნუთუ დაჭრილს და უიარაღო ჯარისკაცს დახვრეტდით? თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენ წინაშე ისეთი ჯარისკაცი იყო, რომელიც სამომავლოდ 70 მილიონ უდანაშაულო, მშვიდობიან ადამიანს გაწყვეტდა, გამოჰკრავდით ხელს ჩახმახს? ჰო თუ - არა?“, - ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო