"დიდი უბედურება მოხდა... კახას და ოლეგს ორ-ორი შვილი დარჩათ. ბიჭები დაბადების დღეზე მიდიოდნენ, მეორე მანქანის მგზავრები კი გასვენებიდან ბრუნდებოდნენ. ის მძღოლიც ცუდადაა" - ლაგოდეხის უმძიმესი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

"დიდი უბედურება მოხდა... კახას და ოლეგს ორ-ორი შვილი დარჩათ. ბიჭები დაბადების დღეზე მიდიოდნენ, მეორე მანქანის მგზავრები კი გასვენებიდან ბრუნდებოდნენ. ის მძღოლიც ცუდადაა" - ლაგოდეხის უმძიმესი ავარიის დეტალები

უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ლაგოდეხში მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მომავალ "მერსედესს" შეასკდა და შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი დაშავებული კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.

გარდაცვლილი ოლეგ ლომიძე და კახა კორაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩადუნიანში ცხოვრობდნენ. ისინი ლაგოდეხში მეგობართან დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი ჩადუნიანი და ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს, ბატონ ზურაბ გამხარაშვილს:

- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა წუხელ, მთელი ღამე იქ გავათენეთ, სამწუხაროდ, ჩვენი მაცხოვრებლები არიან გარდაცვლილი ახალგაზრდები - კახა კორაშვილი და ოლეგ ლომიძე. სოფელ ჩადუნიანში ცხოვრობენ. ბიჭები მეგობართან დაბადების დღეზე სრულიად ფხიზლები მიდიოდნენ. სოფელ გელათთან, მთავარ ავტომაგისტრალზეა მომხდარი ეს დიდი უბედურება. ვინც დაეჯახა, ის მანქანა ლაგოდეხიდან აქეთ მოდიოდა, სტუმრები ყოფილან, გასვენებაში ჩასულები და იქიდან უკან ბრუნდებოდნენ. ლაგოდეხიდან მომავალი "ბმვ" დაეჯახა ლაგოდეხში საპირისპირო მიმართულებით მიმავალ "მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელშიც ჩვენი თანასოფლელი ბიჭები ისხდნენ.

უმძიმესი სურათია, ორივე მანქანა ისეა დაზიანებული, იქ გადარჩენა შეუძლებელი იყო. მთელი ღამე გამოძიება მიდიოდა, ჩვენ ახლოსაც არ გვიშვებდნენ. გამოძიება დაადგენს ამ უბედურების მიზეზს. სამაშველომ მანქანები ამოიყვანა, უმძიმესი სანახავი იყო. ოლეგ ლომიძე ადგილზევე იყო გარდაცვლილი, კახა კორაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკაში მიყვანამდე, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა. მათთან ერთად მანქანაში მყოფი მესამე პირი, ალექსანდრე (ალიკა) ჭაბაშვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, ასევე, გადაიყვანა ის მძღოლიც, რომელიც მართავდა იმ მანქანას, რომელიც დაეჯახა ბიჭებს. ისიც ცუდად არის.

მერე ყველამ გადავინაცვლეთ საავადმყოფოში. ალექსანდრე ჭაბაშვილის გადაყვანა ოჯახს თბილისში უნდოდა, მაგრამ გადაწყდა, რომ იქვე გაკეთებულიყო ოპერაცია და წუხელ ჩაუტარდა - ელენთა ამოაჭრეს. ამ დრომდე ალიკას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მთელი სოფელი ტირის, ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. კახა და ოლეგი - ორივენი დაოჯახებულები იყვნენ, ორივეს ორ-ორი შვილი ჰყავს. ძალიან კარგი, მშრომელი ადამიანები. როგორც შევიტყვე, მანქანის მძღოლი, რომელიც დაეჯახა, სამეგრელოდან არის. როგორც ამბობენ, გასვენებაში ყოფილან, რაჭის უბანში, აფხაზეთიდან დევნილები არიანო. მოწვიმა წუხელ, ასფალტი სველი იყო, ეტყობა, სიჩქარეც იყო გადაჭარბებული, ალბათ, დაამუხრუჭა იმ მოსახვევში რომ შემოვიდა, მოუცურდა... საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანას დაეჯახა და გზის მეორე მხარეს გადავარდა. ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

იმ მეორე მანქანიდან კლინიკაში გადაყვანილია ერთი პირი. ეტყობა, მასაც მძიმე ტრავმები აქვს, თურმე, ხან ამბობს მარტო ვიყავიო, ხან ამბობს - ორნი ვიყავითო.

საშინლად დამტვრეულია მანქანები, მართვის კოლოფი, ძრავა, ყველაფერი. ოლეგი სოფელ გურგენიანიდან არის, მაგრამ ბოლო წლებია, ჩვენს სოფელში - ჩადუნიანში ცხოვრობდა. ორივე გამორჩეული კაცები იყვნენ, შრომობდნენ. ლომიძეს სათბურები ჰქონდა, ბაღჩეული მოჰყავდა, სოფლის მეურნეობას ეწეოდნენ, კახასაც მიწები აქვს, საზამთრო მოჰყავდა, შრომაში იყვნენ სულ, უწესიერესი ბიჭები, პარალელურ ქუჩებზე ცხოვრობდნენ.

გლოვაა სოფელში, რაიონში, ძალიან დიდი უბედურება მოხდა. სამძიმარს ვუცხადებ ყველას.

ირმა კორაშვილი, კახა კორაშვილის ნათესავი:

- ძალიან მიჭირს კახაზე წარსულში საუბარი. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანი იყო. უბოროტო, მშრომელი, სიცოცხლით სავსე, უბანს რომ ახმაურებდა და სიცოცხლის ხალისი შემოჰქონდა, უყურადღებოდ და მოუკითხავად არ ჩაგივლიდა.

ძალიან დიდი ტკივილია.

კარგი ოჯახი ჰქონდა, ბედნიერად ცხოვრობდა. ორი შვილი დარჩა. დაბადების დღეზე მიდიოდა, მგონი, ნათლულის ოჯახში და ეს ტრაგედია დატრიალდა.

ყველანი განვიცდით ამ უმძიმეს ამბავს.

(სპეციალურად საიტისთვის)