"პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს" - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი? - კვირის პალიტრა

"პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს" - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?

პარადოქსი და ირონიაა, რომ ქართველი ხალხი კრემლთან კავშირის თაობაზე დაბრალებას იმ ხალხისგან ისმენს, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული განხილვის შეფასებისას გააკეთა.

პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, “როგორ უნდა მოისმინო კარგი ხალხისგან, ვინც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია?!“

“ხალხი რუსული აქცენტით, პოლიტიკაში გორბაჩოვის პერესტროიკის დროს შემოსული ხალხი ჩვენ, ქართველებს გვესაუბრება კრემლზე და რუსულ კავშირებზე - სასაცილოა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა “ქართული ოცნება“ მეგობრად იმ ევროპარლამენტარებს, რომელთაც “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეაქეს და რომლებიც ულტრამემარჯვენე, რუსეთის მაქებარი პარტიების წარმომადგენლები არიან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “პრიმიტიული მიდგომებით კრიტიკოსებისთვის იარლიყების მიკერება ხდება“.

“ჩვენ პოლიტიკურ მეგობრობას არ ვესწრაფვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რა შედის ქართველი ხალხის ინტერესებში და რა მიზნები აქვს ქართველ ხალხს. ვინც ქართველ ხალხს დაუჭრეს მხარს, ყოველთვის მისასალმებელი იქნება.

ეს არის პრიმიტიული დისკუსია, რომელიც სურთ, მთელს სამყაროს მოახვიონ. სურთ დაყონ - კრიტიკოსებს პრორუსის იარლიყი მიაკერონ და ამით ნებისმიერი საუბარი დახურონ. ასეთი მარტივი და პრიმიტიული მიდგომები აჩვენებს, რომ კრიტიკოსების გაჩერება იარლიყების მიკერებით ხდება.

მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იტყვის, რომ კრიმინალი ციხეში უნდა იჯდეს თუ ფაქტს აქვს მნიშვნელობა?! როგორ შეიძლება რაიმე ახლოს იყოს ევროპულობასთან, როდესაც წამების სისტემის შემქმნელის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას ცდილობს - შეიძლება ეს ადამიანები ახლოს იყვნენ ევროპულობასთან?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.