"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების ოკუპაციის მცდელობა, რაც არავის გამოუვა, ვინაიდან, ჩვენ ვართ ამაყი და ღირსეული ერი და ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების ოკუპაციის მცდელობა, რაც არავის გამოუვა, ვინაიდან, ჩვენ ვართ ამაყი და ღირსეული ერი და ქვეყანა"

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების ოკუპაციის მცდელობა, რაც რასაკვირველია, არავის გამოუვა, ვინაიდან, ჩვენ ვართ ამაყი და ღირსეული ერი და ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ შიდა და გარე აქტორების რეალურ ზრახვებს, რაც მათ საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გააჩნიათ.

„ფაქტი არის, რომ ისეთი ჩანაწერები, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ქართულ ასევე ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირ კონფლიქტში მოდის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ვერ იქნება ვერანაირად სერიოზულად აღქმული ჩვენთვის. უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ შიდა და გარე აქტორების რეალურ ზრახვებს, რაც მათ საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, აქ სიტუაციის არევას, უკიდურესად დაძაბვას და ესკალაციას. სწორედ ეს არის მათი მიზანი, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ამომრჩეველს გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებითაც. უფრო კონკრეტულად, რეზოლუციის პროექტის თანახმად, [ევროპარლამენტი] ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

IPN