"მე და ჩემი შვილი ხასიათით ერთმანეთს ძალიან ვგავართ. "გოგოშკური" რაღაცები გვიყვარს: გაპრანჭვა, მოწესრიგება, სულ ფორმაში ყოფნა, სამოსის შეკერვა..."
ახლახან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს - თაკო ჭანუყვაძეს
თეატრალურ ფესტივალზე ჯილდო გადასცეს, როგორც "საუკეთესო მსახიობ ქალს". დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, თაკომ ჩვენი ბლიც-ინტერვიუსთვის მოიცალა...
- თაკო, როგორ ხარ, სად ხარ?
- კარგად ვარ. ჩვენს თეატრში სეზონი გაიხსნა და, რა თქმა უნდა, მაშინვე გასტროლები დაიწყო... ახლა ფესტივალზე, ბათუმში ვარ. თბილისში ხვალ ვბრუნდებით, შემდეგ კი კოპენჰაგენში მივფრინავთ სპექტაკლით - "ოტელო".
- როგორც ვიცი, ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე ჯილდოც მიიღე, როგორც "საუკეთესო მსახიობმა ქალმა"...
- ბედნიერებაა, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა შენს უსაყვარლეს საქმეში ასე დაგაფასებენ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც სპექტაკლზე ჩემთან ერთად მუშაობდა: ჩემს უნიჭიერეს და გამორჩეულად ღირსეულ კოლეგებს, უმაღლესი კლასის პროფესიონალებს, "დეზდემონას გოგოებს" - ხატია მელქაძესა და თაკო ცქვიტინიძეს, დამდგმელ რეჟისორებს - დიმიტრი ღვთისიაშვილს და გია მარღანიას. ასევე, დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს და, რა თქმა უნდა, მაყურებელს.
- თაკო, შენი ცხოვრების მოტივატორი რა არის?
- უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი... დილით, როგორც კი თვალს ვახელ და სიყვარულით სავსე გარემოში ვიღვიძებ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ვცდილობ, ჩემი ყოველი დღე დადებითი ემოციებით სავსე იყოს. რაც მთავარია, ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და წინსვლის მოტივაცია გქონდეს, მთავარია ჯანსაღ გარემოში იყო. შესაბამისად, ოჯახის წევრებთან ერთად გატარებული თითოეული დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.
- დამისახელე შენი და შენი შვილის ხასიათის 3 საერთო და 3 განმასხვავებელი თვისება...
- სხვათა შორის, ხასიათით ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ორივე შრომისმოყვარე, მიზანდასახული ვართ. ჩემი შვილი სკოლაში სწავლობს. ახლახან 10 წლის გახდა. გაკვეთილი იქნება, ღონისძიება თუ კონცერტი, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ემზადება. მისი ეს თვისება მაბედნიერებს, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანი მიზანდასახული და შრომისმოყვარე იყო. ამ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგვდის. შრომა მეც არასოდეს მეზარება. მიზანდასახულიც ვარ. კიდევ, საერთო ის გვაქვს, რომ "გოგოშკური" რაღაცები ძალიან გვიყვარს: გაპრანჭვა, მოწესრიგება, სულ ფორმაში ყოფნა... როგორც მე, მასაც უყვარს სამოსის შეკერვა... ხასიათის თვისება, რომელიც ერთმანეთისგან განგვასხვავებს, არც მახსენდება...
- შენი გოგონას დაბადების დღე როგორ აღნიშნეთ?
- ვფიქრობ, ეს დღე ისეთი უნდა იყოს ხოლმე, როგორიც მას სურს. რა თქმა უნდა, ოჯახთან, მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ. ძალიან ბედნიერი იყო! ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ანასიკო ბედნიერი იყოს. შესაბამისად, მართლაც სასიამოვნო და სიყვარულით სავსე დღე გვქონდა.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?
- ძალიან ბევრი წელია, არ მიმგზავრია. ძირითადად, "სქროლით" ან მოპედით დავდივარ. გადასაადგილებლად ყველაზე მარტივი გზა მოვძებნე. რთულია, მუდმივი საცობების და დატვირთული რეჟიმის გამო, სამარშრუტო ტაქსიში დიდხანს იჯდე. შესაბამისად, "სქროლი" და მოპედი არის ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი გადაადგილების საშუალება. უფრო ბევრ რამეს ვასწრებ, რადგან დროში ძალიან ვიგებ. მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი "სქროლი" და მოპედი გვყავს - ერთად "დავშრიალებთ" (იცინის). სხვათა შორის, ავტომობილი არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობა მაქვს, ავტომობილის მართვის სურვილი არასოდეს გამჩენია. თუმცა, როცა საჭიროა, საჭესთანაც ვზივარ. თავდაპირველად, როცა საქართველოში "სქროლების" გამოყენება დაიწყეს, ჯერ აპლიკაცია გადმოვწერე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, საჭირო იყო, საკუთარი "სქროლი" მყოლოდა, რადგან სულ ამ ტრანსპორტით დავდიოდი. ჩემი სახლიდან თეატრში ჩასასვლელად მართლა 3 წუთი მჭირდება, ჩემს კიმონოებსა და შლეიფიან კაბებში გამოწყობილს (იცინის).
- ასეთი სამოსი მგზავრობისას ხელს არ გიშლის?
- მორგების ამბავია - ყველაფერს უნდა მოერგო. სამოსს ისე ვირგებ, რომ რა თქმა უნდა, საკუთარ თავს საფრთხეს არ ვუქმნი.
- ოდესმე გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი გქონია?
- კი, მქონია, თუმცა ძალიან მარტივად გადამილახავს. როცა მცირე ასაკის ვიყავი, გარშემო მყოფები ყოველთვის აქცენტს აკეთებდნენ, რომ ჩემი ლავიწის ძვლები ლამაზი არ იყო. მახსოვს, როცა გადაღებაზე პირველად დამამტკიცეს, მთხოვეს, - თუ შეიძლება, კადრი ლავიწის ძვლიდან დავიწყოთო (ჩემი ძალიან ბევრი ფოტო არსებობს, სადაც მკვეთრად ჩანს ლავიწის ძვლები). მერე მივხვდი, რომ ამაში დასაკომპლექსებელი საერთოდ არაფერია და ადამიანი ღმერთმა როგორიც შეგქმნა, ისეთი უნდა იყო. გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები არ მიყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი მომწონს. უბრალოდ, მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო. ზედმეტი ჩარევები ჩემთვის მიუღებელია, რა... ღმერთის მადლობელი ვარ იმისთვის, როგორიც გახლავართ. მგონია, რომ ამ საკითხს ყველა ქალი ასე უნდა მიუდგეს.
- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?
- გადაჭარბებული წარმოდგენა არასოდეს შემქნია, თუმცა მჯერა, თუკი რაღაც კონკრეტული გინდა და ამისთვის იშრომებ, გამოგივა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რაღაც ისეთს გავაკეთებ, რაც არ შემიძლია. ჩემს თავს უფლებას არც ვაძლევ, ეს ვიფიქრო და არც არასოდეს მიფიქრია რაღაც ისეთზე, რაც ჩემთან "ახლოს" არაა... მიფიქრია, რომ რაღაც არ შემიძლია, თუმცა შრომით მიმიღწევია.
- რა გაძლევს ძალას, როცა შენი შესაძლებლობების არ გჯერა?
- გარშემო მყოფი ადამიანები, ვინც მეუბნებიან, რომ მე ეს შემიძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებული ხდები. რაღაც ძალა გეძლევა, რომლითაც შენს თავს უმტკიცებ, რომ - კი, შენ ეს შეგძლებია. სხვათა შორის, ეს შეგრძნება ძალიან კარგია (იღიმის).
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?
- საერთოდ, ადამიანები მიყვარს. ჩემთვის მთავარია, პიროვნება კეთილი, გულწრფელი, დადებითი იყოს. ალბათ, ურთიერთობებშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?
- კი. როგორც აღვნიშნე, ადამიანები, მათთან ურთიერთობა მიყვარს. შესაბამისად, კომუნიკაბელური ვარ - ურთიერთობაში მარტივად შევდივარ. ყოველთვის ადამიანების მხოლოდ დადებით მხარეებს ვხედავ. საბედნიეროდ, უამრავი მეგობარი მყავს. მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩემ გარშემო უამრავი კარგი ადამიანი არსებობს, რომლებსაც "ჩემი მეგობრები" ჰქვიათ.
- ემოციებზე კონტროლი რამ შეიძლება, დაგაკარგვინოს?
- უსამართლობამ. წონასწორობა რომ დამაკარგვინო, ეს მარტივი არ არის. უბრალოდ, როდესაც სხვას უსამართლოდ ექცევიან, ჩემთვის ამის ატანა რთულია. ყოველთვის ვეწინააღმდეგები, სათქმელს ვამბობ, თუმცა როცა უსამართლოდ მე მექცევიან, შეიძლება თვალი დავხუჭო და დროს მივანდო, - კარგი, არა უშავს, ასე იყოს-მეთქი...
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- ძალიან აქტიური, მოუსვენარი, ჯიუტი, ცელქი, თუმცა იმავდროულად, კარგადაც ვსწავლობდი.
- მასწავლებელს დაუსჯიხარ?
- კი, როგორ არა (იცინის)?! ჩემს მეგობართან ერთად, გაკვეთილის მსვლელობისას ვლაპარაკობდი. ამის გამო ორივე დაგვსაჯეს.
- როგორ?
- გაკვეთილის დამთავრებას ფოიეში დაველოდეთ (იღიმის).
- დღის რომელ მონაკვეთში ხარ ყველაზე შრომისუნარიანი?
- ნებისმიერში. მით უმეტეს, ეს ჩემს პროფესიას სჭირდება. როცა მაგალითად, გადაღება დილით მაქვს, ისეთი ენერგია უნდა მქონდეს, როგორიც საჭიროა. მოკლედ, დღის რომელ მონაკვეთშიც საჭიროა, რომ პროდუქტიული ვიყო, ვარ.
- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?
- ხმამაღალი განცხადებები არ მიყვარს. მინდა, რომ მკითხველმა სწორად გაიგოს: სპექტაკლებიდან, როლებიდან, პროექტებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საბედნიეროდ, ჩემს პროფესიაში წარმატებულად მივიჩნევი.
- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?
- მეამაყება და მიხარია, რომ შრომისმოყვარე ვარ.
- შენს უარყოფით თვისებად რა მიგაჩნია?
- ალბათ ის, რომ ცოტათი ჯიუტი, ზედმეტად მიმნდობი, მიამიტი ვარ.
- მოვლენა, რომელმაც შენი ცხოვრების გზის კალაპოტი რადიკალურად შეცვალა...
- არა, ასეთი არაფერი ყოფილა. ჩემი ცხოვრების გზას კალაპოტი არ შეუცვლია.
- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?
- ბავშვობაში "ბაცაცას" მეძახდნენ. მიზეზი არ მახსოვს, მაგრამ ჩემი ნათესავი დღემდე ასე მომმართავს... გვარის გამო, თითქმის ყველა მეგობარი "ჭანუს" მეძახის.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- ის, რომ რაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის მახსოვდეს - უპირველეს ყოვლისა, ადამიანი უნდა ვიყო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიყვარულია.
ეთო ყორღანაშვილი