"გამხნევებული ვლადიმერ პუტინი მზად იქნება კიდევ ერთი მტაცებლური ომისათვის... როგორც დასავლელმა ჩინოვნიკმა მითხრა, საჭიროა ისეთი შოკისმომგვრელი მოვლენები მოხდეს, რომელიც დასავლეთს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აიძულებს" - რას წერს The Guardian?
ბრიტანული გაზეთის - „გარდიანის“ (The Guardian) 10 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „უკრაინისადმი მხარდაჭერა სუსტდება, რაც ვლადიმერ პუტინს ძალას მატებს, მომდევნო ომის გასაჩაღებლად“ (ავტორი - პოლ ტეილორი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). „ამერიკას და ევროპას უკრაინისთვის გადამწყვეტი დახმარების გაწევა არ სურთ. დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შემდეგ ეს შეცდომა მთელი სიღრმით გამოჩნდება“, - ნათქვამია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბრიუსელის დერეფნებში იმატებს შეგრძნება, რომ დასავლეთის პოლიტიკური ნება, დაეხმაროს უკრაინას რუსეთზე გასამარჯვებლად, ნელ-ნელა სუსტდება, თანაც - ატლანტიკის ორივე ნაპირზე, აშშ-შიც და ევროპაშიც. ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა მითხრა, - ალბათ, საჭიროა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ისეთი შოკისმომგვრელი მოვლენები მოხდეს, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოებს ძილისგან გამოაფხიზლებს და უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აიძულებსო. ეს შოკური მოვლენები შეიძლება იყოს, ვთქვათ, უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის კატასტროფული დაცემა, ფრონტის ხაზის უეცარი ფართომასშტაბიანი გარღვევა, რუსეთის ჯარების მიერ ან ისეთი ფაქტის გამოვლენა, როგორიც ბუჩაში მოხდა (მასობრივი მხეცური მკვლელობები და წამებები), ანდა - 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება.
დღეისათვის აშშ დაკავებულია თავისი საპრეზიდენტო არჩევნებით და ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციით, რის გამოც, ამერიკული გაზეთების სათაურებიდან გაქრა დონბასში რუსეთის არმიის შეტევის ამსახველი მასალები.
საფრანგეთში გრძელდება პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი, შესაბამისად, ემანუელ მაკრონის ხელისუფლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, შესამჩნევად სუსტდება.
გერმანია პარალიზებულია სამპარტიული კოალიციის შიგნით გაჩაღებული ომით და მისი აგონიით - ისეთი პირი უჩანს, რომ „შუქნიშნური“ კოალიცია (როგორც მას უწოდებენ, პარტიების ფერების მიხედვით) შეიძლება, 2025 წლის სექტემბერში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დაიშალოს.
დიდ ბრიტანეთს რაც შეეხება, ლონდონს თავისი საბიუჯეტო პრობლემები აქვს - ახალი ლეიბორისტული მთავრობის ყურადღების ცენტრშია ჯანდაცვის სისტემის აღდგენა და იმ პოლიტიკური სახელისუფლებო სკანდალების ჩაქრობა, რომლებიც მასმედიის მიერ გამოვლინდა. ამასობაში კი, ევროპის რიგ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პრორუსული პარტიები ძალას იკრებენ (მაგალითად, ავსტრიაში).
სექტემბრის ბრძოლების შედეგად რუსეთმა იმაზე მეტი უკრაინის ტერიტორია დაიპყრო, რაც 2022 წლის მარტიდან მოყოლებული, არ მომხდარა. ამ ფრიად სამწუხარო რეალობის მიუხედავად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგაშო გამოსვლამ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე და მისმა „რუსეთზე გამარჯვების გეგმამ“ ამერიკაში და ევროპაში სათანადო მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. კიევისათვის სახიფათო და იმედგამაცრუებელი დრო დადგა.
ჯო ბაიდენი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება „კოჭლი იხვი“, თავს არიდებს ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებსაც კამალა ჰარისის გამარჯვებისა და თეთრ სახლში მისი მოსვლის შანსების შემცირება შეუძლია. ასეთი სიტუაცია საკმაოდ ზღუდავს აშშ-ის [წარმავალი] პრეზიდენტის შესაძლებლობებს არა მარტო ისრაელის შეკავებაში, ახლო აღმოსავლეთის ბრძოლებში, არამედ - კიევისათვის ნებართვის მიცემაშიც, რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად - ამერიკული იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაზე. ჯო ბაიდენი ძველებურად შეშფოთებულია - ვაითუ, ვლადიმერ პუტინმა ფსონები გაზარდოს და კრემლის ბინადარმა დასავლეთს ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომელიც ომს გააფართოებს და დონალდ ტრამპს ხელში ისეთ პროპაგანდისტულ „ჯოხს“ ჩაუგდებს, რომლითაც იგი დემოკრატებს „სცემს“ და არჩევნებში გაიმარჯვებს.
დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომლებიც უკრაინას „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტებს Storm Shadow-ს და Scalp-ს აწვდიან, არ შეუძლიათ აშშ-ის ნებართვის გარეშე უკრაინას რუსეთის ობიექტების დაბომბვის უფლება მისცენ.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კვლავ უარზეა, გადასცეს უკრაინას რაკეტა „ტაურუსი“ (Taurus), რომელსაც კიევი დიდი ხანია, ითხოვს. ოლაფ შოლცის უარი განპირობებულია როგორც ელექტორალური ფაქტორით (პოპულარული მემარჯვენე პარტიები „ალტერნატივა გერმანიისათვის“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“ ომის წინააღმდეგ გამოდიან), ასევე, რუსეთის მიმართ ისტორიული შიშის სინდრომით, რომ გერმანიამ მოსკოვს შურისძიებისათვის საბაბი არ მისცეს და კრემლის თავდასხმის ობიექტი არ გახდეს.
ნატოს უკვე ყოფილმა გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლებსა და ინტერვიუებში საჯაროდ გამოხატა სინანული იმის გამო, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას ისეთი რაოდენობის იარაღი ვერ მიაწოდეს, რაც მოსკოვის მოქმედებას შეზღუდავდა და მის არმიას შეაკავებდა. მაგრამ თუ გავიხსენებთ თვითონ იენს სტოლტენბერგის საქმიანობას, მას არასოდეს დაუგმია (და არც ახლა გმობს) აშშ-ის გადაჭარბებული სიფრთხილე და არასოდეს რადიკალურად არ მოუწოდებია ვაშინგტონისათვის, რომ თეთრ სახლს ნება დაერთო კიევისათვის, რუსეთისადმი ღრმა დარტყმების მიყენების საკითხში.
როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ (მაგალითად, გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი, რომელიც ამას წინათ ევროპული პოლიტიკის კვლევით ცენტრში მოხსენებით გამოვიდა), დასავლეთის „უკრაინული დღის წესრიგიდან“ გაქრა ლოზუნგი: „დაგეხმარებით იმდენად, რამდენიც საჭიროა“.
ევროკავშირის ოფიციალური პირების აღიარებით, უკრაინისთვის დახმარების შემცირებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: იარაღის სწრაფმა ხარჯვამ ევროპის ქვეყნების არსენალები თითქმის დააცარიელა. მათი სამხედრო მრეწველობა, რომელიც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, მშვიდობიან პერიოდში, ინტენსიურად არ მუშაობდა, დროულად ვერ გარდაიქმნა საომარ ყაიდაზე და ამიტომ უკრაინის მოთხოვნებს ჯერჯერობით სრულად ვერ აკმაყოფილებს.
როგორც ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, „2024 წლის დასაწყისში, როცა ევროპის კომისიამ თავისი სამხედრო-თავდაცვითი მრეწველობის სტრატეგია გამოაქვეყნა, გაჩნდა იმპულსი ევროპული თავდაცვითი ინტეგრაციისათვის, მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად ცალკეულ საკვანძო ქვეყნებში ეს იმპულსი გაქრა“. ახლა, ალბათ, მის ხელახლა გასაჩენად ისეთი „მიწისძვრაა“ საჭირო, როგორიც შეიძლება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება იყოს - იმ ადამიანისა, რომელიც ნატოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ხოლო ევროპელებს აქტიურობისა და საკუთარი თავდაცვის განმტკიცებისაკენ მოუწოდებს. თუ არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, მაშინ ევროპელები დამშვიდდებიან, ისევ აშშ-ის იმედად იქნებიან და კვლავ „ჩათვლემენ“ - როგორც ეს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გრძელდებოდა, 2016 წლამდე (ტრამპის პრეზიდენტობამდე) და განახლდა 2020 წლიდან (ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდიდან).
უკრაინას არ შეუძლია, ამგვარი „მეორე შოკის“ მოლოდინში იყოს - იმიტომ, რომ მისი არმია სისხლისაგან იცლება, ქვეყანა იფიტება იმ ომისაგან, რომელიც მას თავს მოახვია უფრო ძლიერმა მეზობელმა. „ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ უკრაინა კიდევ 30 თვის ბრძოლებს გაუძლებს. ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად დამანგრეველ დარტყმებს განიცდის“, - ამბობს ნიკოლაი ბელესკოვი, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი, - „ჩვენ ვერ ვხედავთ დასავლეთის მუდმივი მხარდაჭერის გრძელვადიან სტარატეგიას... თუ არ დაგვეხმარებით, მაშინ რუსეთის გამარჯვების სცენარი განხორციელდება“.
ევროპული მთავრობებისათვის, თავიანთი შიდაპრობლემების მიუხედავად, არჩევანი ნათელი უნდა იყოს: მათ მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას უფრო მეტად, ვიდრე დღემდე უჭერდნენ (რუსეთის წინააღმდეგ ღრმა სარაკეტო დარტყმებზე ნებართვის ჩათვლით), თორემ გაისად უფრო უარეს სტრატეგიულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. გამხნევებული ვლადიმერ პუტინი მზად იქნება კიდევ ერთი მტაცებლური ომისათვის.
მოამზადა სიმონ კილაძემ