"ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის - არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტურაში"
გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურიმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, თავიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს პოზიტიური ენთუზიაზმიც კი ჰქონდათ, მაგრამ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული ახალგაზრდა ადამიანები, მართვის იმ მეთოდებს იყენებდნენ, რასაც კარნახობდნენ.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს რაიმე სახის გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტურაში, ამ გარემოებამ კი, მდინარაძის თქმით, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს.
„ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება - ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა“ სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია.
ცხადია, არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტურაში და საბოლოოდ, ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი. ცალსახაა, რომ სააკაშვილს და მისი ბანდის წევრებს 2003 წელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე დავალებების შესრულება მოუწევდათ, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა "ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ განაცხადა, სწორედ იმიტომ, რომ ვერ ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, „კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ“.
„ამ კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანია, საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული ნაციონალური მოძრაობის მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას.
მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ,“ - აღნიშნა მდინარაძემ.
IPN