"გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი - როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად" - კვირის პალიტრა

"გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი - როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად"

მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება - როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა.

„ყველასთვის მოულოდნელად შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა. პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართული, სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო. ასევე, შესაბამის პირებთან შეუთანხმებლად ჩაატარა სპეციალური ოპერაცია მესტიაში, ხალხს პოლიციის ძალით დაერია და რომ არა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა უსწრაფესი რეაგირება, კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდებოდა. აქაც, გახარიას მთავარ მიზანს მოსახლეობის თვალში პოლიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი, რომელიც მაშინვე „ნაცმოძრაობამ“ და მათმა ტელევიზიებმა ნაკლებად შეიმჩნია. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან, კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. მან ამით გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი: მათ ადგილზე გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი. თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომში შესაძლოა გადაზრდილიყო. ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს. საკვანძო მომენტი იყო 20 ივნისის მოვლენები, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება გარდაუვალი ყოფილიყო, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, გადაწყვეტილება გახარიას შს მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად დაწინაურების შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა.

„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმის შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა.

„მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად იყო მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ უნდა დაეკავებინა ნიკანორ მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორნით შემოსაპარად დასჭირდა. საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მოუწოდა, კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ გახარიას და ხაზარაძესთან დაკავშირებით მის მიერ ჩამოთვლილი ფაქტები.

„სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ, უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ ძალიან კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალურ მოძრაობის“ ძველი ფლანგი. ერთ - ერთი პირველი და მთავარი დავალება კი, სწორედ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

IPN