"ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს, პრემიერობის კანდიდატი კი თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს, პრემიერობის კანდიდატი კი თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს"

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დასახელდეს და ის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.

როგორც უგულავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელება მნიშვნელოვანი იმის გამოა, რომ „ეს ამბავი საზოგადოებას და 4 სუბიექტს, რომელიც ბარიერს სავარაუდოდ გადალახავს, გათავისებული ჰქონდეთ“.

მისივე მოსაზრებით, დაუშვებელია არჩევნების შემდეგ საღამოს, 21:30 საათზე რაიმე ტიპის ყოყმანის, გარჩევის, უთანხმოების საზოგადოებისთვის ჩვენება.

„ჩემი აზრით, ქვეყანა 26 ოქტომბერს დიდ ტურბულენტობაში შედის. შესაბამისად, საზოგადოება ჩვენგან სიცხადეს მოითხოვს. 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე რა სურათი გვექნება - მათემატიკური ჯამური გამარჯვება უნდა კონვერტირდეს პოლიტიკურ დაჯამებაში, ავტომატურად მათემატიკური გამარჯვება პოლიტიკურ გამარჯვებას არ ნიშნავს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ შეეცდება თავისი რეალობა შექმნას. კერძოდ, ირაკლი კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ვართ პირველ ადგილზე და მთავრობის დაკომპლექტებას კონსტიტუციის მიხედვით ვიწყებთო. ამის საპირწონედ აუცილებელია ოპოზიციას [პრემიერ-მინისტრის კანდიდატი] ჰყავდეს და ჩემი აზრით, ის უნდა დასახელდეს ახლა, არჩევნებამდე, რომ მერე რყევები იმასთან დაკავშირებით არ დაიწყოს, თუ ვინ იქნება და ა.შ. იმიტომ, რომ ნებისმიერი რყევა, ტურბულენტობა ხელს აწყობს „ქართულ ოცნებას“.

ჩემი აზრით, ჩვენი გეგმა შემდეგი უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის „ქართული ქარტიის“, ასევე, გარდამავალი პროფესიონალური მთავრობის ინიციატორი, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს. 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე სალომე ზურაბიშვილი და გამარჯვებული კოალიციის 80 დეპუტატი უნდა დადგეს და გამარჯვება უნდა გამოაცხადოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მილოცვები მიიღოს. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი გავიაროთ ის დიდი ტურბულენტობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს საღამოს შეეცდება შექმნას. რატომ ახლა? - იმიტომ, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ უკვე უნდა იცოდეს, ეს ამბავი იმ 4 სუბიექტს გათავისებული უკვე უნდა ჰქონდეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბარიერს გადალახავს. ჩემი აზრით, დაუშვებელია არჩევნების შემდეგ საღამოს, 26 ოქტომბერს, 21:30 საათზე რაიმე ტიპის ყოყმანის, გარჩევის, უთანხმოების საზოგადოებისთვის ჩვენება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას მისცემს, რომ იურიდიული უპირატესობის კონვერტაცია პოლიტიკური უპირატესობაში მოახდინოს. ამიტომ პოლიტიკური ინიციატივის ხელში აღება, ამის კონსოლიდაცია და ამ დიდი პოლიტიკური მიწისძვრის პირობებში გავლა და ქვეყნის გაყვანა შეუძლია, სწორედ ასეთ კონფიგურაციას. ჩემი აზრით, ახლა სალომე ზურაბიშვილი დასახელებული უნდა იყოს, ის იქნება გადამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქარტიით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას განახორციელებს. ასევე, ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე დააბრუნებს და ქვეყანას თავისუფალი არჩევნებისთვის მოამზადებს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ წუთას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს, ის პოლიტიკური მხარდაჭერა ან პოლიტიკური პოზიციონირება, ამ ეტაპზე, მის კანდიდატურასთან შეიძლება ამ 4 ბარიერ გადალახული სუბიექტის შეჯერება მოხდეს“, - განაცხადა უგულავამ.

გარდა ამისა, უგულავას მტკიცებით, არასწორია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციური პარტიებისთვის პრემიერ-მინისტრის ისეთი კანდიდატის შეთავაზება, რომელსაც არავინ არ იცნობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა და რეგიონი „ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა“.

„ამავე დროს, მე არასწორად მიმაჩნია თვითონ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ უჯრიდან გაუგებარი კანდიდატი ამოიღოს, რომელსაც არავინ იცნობს და ასე დახურული რეჟიმით ამაზე მსჯელობა მიდიოდეს, ადამიანზე, რომელსაც არავინ არ იცნობს. ეს აბსოლუტურად, არასწორი ექსპერიმენტია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, ასევე რეგიონი და მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება, სწორი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილმა, პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს და ამ რყევების და პოლიტიკური ტურბულენტობის ეპოქაში მან უნდა გაიყვანოს, (ფიგურულად რომ ვთქვა) ის 4 ცხენი ერთი ეტლის ქვეშ მან უნდა მოაქციოს და მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ამ დიდი ტურბულენტობის, ნაპრალის გავლა და ქვეყნის სამშვიდობოდ გაყვანა, ყოველგვარი ნგრევის, არეულობის გარეშე. სხვა შემთხვევაში, თუ ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, მაშინ ის არითმეტიკული გამარჯვება პოლიტიკურ გამარჯვებად ვერ კონვერტირდება“, - აღნიშნა უგულავამ.

IPN