გუშინ "შაჰიდების" საწყობი ააგიზგიზეს, დღეს კი - მაიკოპის აეროდრომის საწვავის მარაგი... - კვირის პალიტრა

გუშინ "შაჰიდების" საწყობი ააგიზგიზეს, დღეს კი - მაიკოპის აეროდრომის საწვავის მარაგი...

რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობა ათას დღე-ღამეს უახლოვდება და კიდევ უფრო დაუნდობელი ხდება...

თუკი რუსული „ისკანდერები“ და „შაჰიდები/გერანები“ ღამეს არ „გააცდენენ“, რომ არ შეუტიონ უკრაინულ ქალაქებს, ვალში არც უკრაინული კამიკაძე-დრონები თუ ფრთოსანი რაკეტები რჩებიან...

დღეს, დილიდან, ძლიერი ცეცხლი მძვინვარებს რუსეთის ფედერაციის ადიღეის რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპიდან ჩრდილო-დასავლეთით, სამიოდე კმ-ში, სადაც სამხედრო აეროდრომი „ხანსკაია“ არის განთავსებული.

ეს სამხედრო აეროდრომი ეკუთვნის კრასნოდარის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებლის 272-ე სასწავლო საავიაციო ბაზას და იქ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ამზადებენ სამხედრო მფრინავებს.

შესაბამისად, მომავალი რუსი სამხედრო მფრინავების „სამჭედლოზე“ საჰაერო დარტყმის მიტანა კიევის კონკრეტულ საბრძოლო ამოცანას წარმოადგენდა, რაც აღსრულდა კიდეც, რადგან NASA FIRMS-ის ხანძრების თანამგზავრული გლობალური მონიტორინგის სისტემა უკვე აჩვენებს, რომ „ხანსკაიას“ აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ჩრდილოეთ ნაწილში დიდი ხანძარია, არადა, სწორედ ამ ადგილასაა საწვავ-საპოხი მასალების დიდი საწყობი...

2-adi-1728556081.png

უკრაინულ საჰაერო დარტყმამდე ასე გამოიყურებოდა თანამგზავრულ ფოტოზე „ხანსკაიას“ აეროდრომის საწვავ-საპოხი მასალების საწყობის რეზერვუარები, რომლებიც ღია ცის ქვეშ იყო განთავსებული...

ეს საწყობი ღიად განთავსებული საწვავის რეზერვუარებს წარმოადგენს, რომლებშიც, ძირითადად, საავიაციო ნავთის მარაგი ინახება და, შესაბამისად, შედარებით ადვილი იყო მათი აფეთქებისა და დიდი ხანძრის გამოწვევა - ძლიერი ხანძრის კვამლს თვით მაიკოპის მაცხოვრებლებიც კი აფიქსირებენ და ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ...

თუმცა მარტო ეს - ფრონტის ხაზიდან 400 კმ-ზე მეტად დაშორებულ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა როდი გახდა ბოლო დღეების მთავარი მოვლენა?!

გუშინ უკრაინულმა მხარემ ძალზე შედეგიანი საჰაერო დარტყმა განახორციელა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის დასახლებულ პუნქტ ოკტიაბრსკიზე, რომლის დროსაც ააფეთქა საწყობები, სადაც, სავარაუდოდ, 400-მდე კამიკაძე-დრონი „შაჰიდი“ და მისი რუსული კოპია - „გერანი“ ინახებოდა...

ყოველ შემთხვევაში, ასეთი მონაცემები მოჰყავს უკრაინის გენშტაბს, რომლის გადამოწმებაც ძალიან ძნელია, თუმცა თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად ფიქსირდება დროში გახანგრძლივებული მეორადი დეტონაციები მძლავრი ხანძრის კერაში, რაც იმას მიუთითებს, რომ საბრძოლო ქობინები ფეთქდებოდნენ...

3-adi-1728556151.png
NASA FIRMS-ის ხანძრების თანამგზავრული გლობალური მონიტორინგის სისტემა 10 ოქტომბერს უკვე მიუთითებს „ხანსკაიას“ აეროდრომის საწვავ-საპოხი მასალების საწყობის იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, ხოლო ორიოდე დღეში სოციალურ ქსელებში გავრცელდება უკვე მკაფიო თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც აჩვენებს, თუ რაღა დარჩა საწვავის ამ საწყობიდან...

ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის მხარემ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ათზე მეტი სერიოზული მასობრივი საჰაერო დარტყმა მიიტანა, რის შემდეგაც ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა რუსეთის არმიის რამდენიმე მსხვილი სამხედრო საწყობი.

რამდენიმე ათეული ათასი ტონა საბრძოლო მასალის განადგურებით უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევით პოტენციალს, უკრაინის ფრონტზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან აღმოსავლეთ ფრონტზე რუსი ოკუპანტები კვლავ ფლობენ საბრძოლო ინიციატივას და უგლედარის დაპყრობის შემდეგ აგრძელებენ იერიშებს, მათ შორის - პოკროვსკის ალყაში მოსაქცევად.

რუსეთ-უკრაინის ომში უკვე დიდი ხანია, გამოიკვეთა უკრაინის დამცველების უმთავრესი პრობლემა და ეს არ არის შეიარაღების უკმარისობა თუ ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის აკრძალვა - უკრაინის არმიის მთავარი პრობლემა პირადი შემადგენლობის რაოდენობის სიმცირეა, რასაც ემატება ფრონტის ხაზზე თვეობით მებრძოლი დანაყოფების როტაციის არ და ვერ განხორციელებაც, რაც ძალზე სცემს უკრაინის დამცველების საბრძოლო შესაძლებლობებსა და საბრძოლო სულისკვეთებასაც, არადა, უკრაინას გააჩნია საკმარისი სამობილიზაციო რესურსი...