კალაძე სპორტს დაემშვიდობა - კვირის პალიტრა

კალაძე სპორტს დაემშვიდობა

კახა კალაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"გადავწყვიტე წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა. დროა, ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისათვის ვიბრძოლო, საქართველოს შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, გარდა ტრაგიკული მოვლენებისა.

 

საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი გულია. ქვეყანა, სადაც მინდა, რომ ჩემი შვილები თავისუფლად გაიზარდონ და იცხოვრონ საქართველოს სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში".

ეს წერილი სპორტის განყოფილებაში ქვეყნდება, ამიტომ ჩვენთვის საინტერესო კახა კალაძის ციტატის დასაწყისია, სპორტიდან წასვლა გადავწყვიტეო. მან სანაკრებო კარიერა 2011 წლის დეკემბერში დაასრულა, 2011-12 წლების სეზონი კი იტალიურ "ჯენოაში" გაატარა და ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

სპორტული ფეხსაცმელი ლურსმანზე ჩამოვკიდეო, არაერთი ფეხბურთელისგან გაგვიგია, მაგრამ ყველას ცალკე სტატიას ვერ მიუძღვნი. კალაძემ კი საკუთარი შრომით იმდენს მიაღწია, რომ პუბლიკაციაც დაიმსახურა და გაცილების მატჩიც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კახა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. თავად განსაჯეთ: თბილისის "დინამოდან" უკრაინაში გადასვლამდე ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონობა და თასი. კიევის "დინამოსთან" ერთად სამჯერ გაიმარჯვა უკრაინის პირველობაში, ხოლო "მილანის" მაისურით ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი, თითოჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და სერია A.

***

კახამ საფეხბურთო კარიერა კლუბ "სამტრედიაში" თავდამსხმელად დაიწყო. 1993 წელს მწვრთნელმა დავით ყიფიანმა იგი თბილისის "დინამოში" აიყვანა და უმაღლეს ლიგაში დებიუტი 16 წლისას ჰქონდა. დინამოელთა შემადგენლობაში მომავალმა მილანელმა 1998 წლამდე ითამაშა, 82 მატჩი ჩაატარა.

1997 წელს საქართველომ იტალიას თბილისში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაათმობინა - 0:0, რაც ჩვენთვის მაშინ გამარჯვების ტოლფასი იყო.

- კრისტიან ვიერის მეურვეობა მიწევდა, რაც კარგად გამომივიდა. ამ მატჩის შემდეგ კიევის "დინამოს" ხელმძღვანელები ჩემი გადაბირებით კიდევ უფრო დაინტერესდნენ, - იხსენებს კახა.

კიევის "დინამომ" მის სანაცვლოდ 280 ათასი ევროს ეკვივალენტი თანხა გადაიხადა და ქართველმა მცველმაც ვალერი ლობანოვსკის გუნდში პირველად 1998 წლის იანვარში ითამაშა. ოთხი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 71 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია. არ უნდა დაგვავიწყდეს კიეველთა საუკეთესო სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე: 1998-99 წლებში ნახევარფინალში "დინამომ" მიუნხენის "ბაიერნთან" ორი მატჩის ჯამში 3:4 დათმო, მანამდე კი გზიდან მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "არსენალი" ჩამოიშორა.

***

ქართველი მცველის მეგობარი ანდრეი შევჩენკო მილანში 1999 წელს გადავიდა. სწორედ მისი რეკომენდაცია და კახას პროგრესი გახდა მილანელთა დაინტერესების მიზეზი.

- "მილანთან" კონტრაქტი კარგ ცხოვრებას არ ნიშნავს. საჭიროა გუნდში დამკვიდრება. ვიშრომებ და იმედი მაქვს, შავ-წითლებთან ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ, - აღნიშნა ქართველმა იტალიაში გადასვლის შემდეგ.

2001-02 წლების სეზონი მან ადაპტაციას მოანდომა, "მილანში" იაპ სტამი, კაფუ თამაშობდნენ და ჩვენიანს ხშირად უწევდა პოზიციის ცვლა. მომდევნო სეზონში კი საბოლოოდ დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში, - 46 მატჩი ჩაატარა (27 ჩემპიონთა ლიგაზე). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კალაძის კარიერის საუკეთესო სეზონი, რადგან სწორედ მისი დიდი დახმარებით "მილანმა" ჩემპიონთა თასი მოიგო. ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება "მილანისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებები, რომლებშიც კალაძეს კარიერის პიკზე მყოფი ლუიშ ფიგუს წინააღმდეგ უწევდა თამაში. პორტუგალიელი მადრიდელებს ბევრით ვერაფრით დაეხმარა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა "მილანმა", რომელმაც ნახევარფინალში "ინტერი" დაამარცხა, ხოლო ფინალში, პენალტების სერიით - "იუვენტუსი". სხვათა შორის, თერთმეტმეტრიანი დარტყმები კალაძემ და ზეედორფმა გააცუდეს, თუმცა "მილანმა" 3:2 მოიგო. სწორედ 2003 წელს ჩემპიონთა თასით ხელდამშვენებული კალაძე ქართულ საფოსტო მარკაზე გამოსახეს. იგი ხომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც უმთავრეს საკლუბო ჯილდოს დაეუფლა.

2005 წელს კალაძემ იტალიელ ჟურნალისტებს უთხრა:

- "ჩელსის" ყველაფერზე შევუთანხმდი. ახლა ჯერი "მილანზეა". მომავალი კვირიდან "ჩელსის" ფეხბურთელი გავხდები.

...თუმცა, ლონდონელებმა ასიელ დელ ორნო აიყვანეს და კალაძის ტრანსფერი ჩაიშალა. მან 2005 წელს "მილანთან" კონტრაქტი 2010 წლამდე გააგრძელა.

2005-06 წლების სეზონში პაოლო მალდინის ტრავმამ კახა კალაძე დაცვის ცენტრის მთავარ ფიგურად აქცია, ხოლო მომდევნო სეზონში ქართველმა "მილანთან" ერთად 2003 წლის მიღწევა გაიმეორა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" 2:1 დაამარცხა.

ქართველმა მცველმა მილანელთა მაისურით სულ 194 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. სიმბოლურია, რომ იგი ლომბარდიულ კლუბშიც მე-13 ნომრით თამაშობდა და "ჯენოაშიც", რომლის რიგებში ბოლო ორი სეზონი გაატარა (53 მატჩში 2 გოლი).

***

კალაძემ 1996 წლის 27 მარტს კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში მიხეილ ყაველაშვილი შეცვალა, ეს იყო კახას სადებიუტო მატჩი ეროვნულ ნაკრებში. 2011 წლამდე მან 81 მატჩი ჩაატარა, 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძემ კარიერა დაასრულა, ნაკრების კაპიტნის სამკლაური მოირგო.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)